რაჭაში, შოვში, მეწყრულ ზონაში მოყოლილი ხალხი სამაშველო სამსახურების მისვლას ელოდება. ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა "მთავარი არხი". ქალი სატელეფონო საუბარში აღწერს, რა ხდება ახლა იქ, სადაც იმყოფებიან.
"მეწყერი ჩამოწვა, სამაშველოს ველოდებით. წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. ბავშვები და მოხუცები არიან. შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. ორმეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა", - ამბობს შოვში, მეწყრულ ზონაში მოყოლილი ქალი.
რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები - ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.
"16 ადამიანია ამ მეწყერში მოყოლილი და როგორც ვიცი, მათგან 6 ბავშვია. რამდენიმე ოჯახი მჟავე წყლებზე იყვნენ წასულები და გზაზე უცბად მეწყერში მოყვნენ. ჯერ სხვა არაფერი ვიცით. 40 წუთის წინ დავრეკეთ ვერტმფრენის საჭიროებაზე, ჯერ არ მოსულა", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტმა ეთო არსანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეტყობინებაში ლაპარაკი იყო მეწყრის ჩამოწოლაზე სასტუმრო „სანსეტ შოვში“.
"მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები", - აღნიშნულია განცხადებაში.