პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და ამავდროულად თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის გამო იმართება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, "ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება".
"საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა", - ამბობს კახა კალაძე.
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს შესვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.
ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.
ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.
პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.