Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფემინიზმი - კაპიტალის სამსახურში 


„ბარბი“ (აშშ, 2023, რეჟისორი გრეტა გერვიგი)

„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?“ („თოჯინები იცინიან“)

„ბარბის“ პრემიერამდე დიდი ხნით ადრე უწოდეს „ფემინისტური ფილმი“. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო - გრეტა გერვიგი ძალიან კარგი ფილმის, „პატარა ქალების“ ავტორია. შესაბამისად, წინასწარ ვიცოდით, რომ რეჟისორი არ გაექცეოდა ქალთა უფლებების დამცველების კრიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს გაისმა ბარბი-თოჯინის მიმართ. თავისთავად, საინტერესოა ეს შემოქმედებითი ექსპერიმენტი - როგორ გადააქცია კინომ რუტ ჰენდლერის მორჩილი თოჯინა ფემინიზმის ხატად. სხვა საქმეა, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა გრეტა გერვიგისა და მისი პარტნიორის, სცენარის თანაავტორის ნოი ბაუმბახის ავანტიურა.

სალაროს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებულზე უფრო წარმატებული. ამერიკასა და კანადაში პრემიერის პირველ შაბათ-კვირას „ბარბიმ“ 155 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა სტუდიას. თუმცა ფილმს გამოუჩნდნენ ოპონენტებიც, რომლებიც ამტკიცებენ, „ბარბი“ თოჯინების მწარმოებელი კომპანია „მატელის“ ორსაათიანი რეკლამააო.

სამომხმარებლო საქონლის რეკლამა პირადად ჩემთვის პრობლემა არაა. ამ ფორმატში არაერთ დიდ რეჟისორს უმუშავია და არაერთი შედევრიც შექმნილა. პრობლემა ფარისევლობაა, რომელსაც, სამწუხაროდ, კინომ აქ ვერაფერი მოუხერხა. ერთი უბრალო მიზეზით - თავად კინოა ცუდი.

გერვიგის ფილმი სტენლი კუბრიკის „კოსმოსური ოდისეის“ ციტატით იწყება - გოგონები ანადგურებენ თოჯინებს და ამით უარს ამბობენ „დედობის როლზე“, რომელიც მათ არგუნა პატრიარქალურმა კულტურამ. სამაგიეროდ აღმოაჩენენ ბარბის, თოჯინას, რომელიც გოგონებს გზას უხსნის განსხვავებული პროფესიებისკენ.

კადრს მიღმა ხმა (ჰელენ მირენის ხმას ვერ გაიგონებთ სრულიად სამარცხვინო ქართულ დუბლიაჟში) ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გვახსენებს, რომ ბარბის დახმარებით გადაიჭრა ფემინიზმისა და თანასწორობის ყველა პრობლემა. მთხრობელი „ბარბილენდს“ გულისხმობს, ქვეყანას, სადაც ქალები მეფობენ, კაცები კი მხოლოდ და მხოლოდ სტატისტების როლს ასრულებენ.

ამ სამყაროში მარგო რობის გმირი, სახელად „სტერეოტიპული ბარბი“, ცხოვრობს სახლში, რომელსაც ფასადი არა აქვს. აქვე არიან მატრიარქატის სხვა გმირები - ბარბი-პრეზიდენტი, ბარბი-ექიმი, ბარბი-ფიზიკოსი...

ქალები ყოველ საღამოს ერთობიან - მღერიან და ცეკვავენ. მაგრამ ერთ ასეთ დროსტარებაზე ბარბის წამოსცდება სიტყვა „სიკვდილი“... „რას ფიქრობენ ბარბის ქვეყანაში სიკვდილზე?“ ამის შემდეგ ჰარმონია ნელ-ნელა დაიწყებს ნგრევას. ბარბი გაეშურება რეალურ სამყაროში, რათა გაერკვეს, რამ დაარღვია მყუდროება ბარბილენდში. იწყება ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი, თანამედროვე ლოს-ანჟელესის სურათები, წარმოდგენილი როგორც სექსიზმის, უთანასწორობის, ჩაგვრის სამეფო, ანუ ის, რისი ჩვენებაც გერვიგს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა.

თუმცა ეს ყველაფერი დიდხანს არ გრძელდება.

პატრიარქალურ ქვეყანაში (სიტყვა „პატრიარქალური“ იმდენჯერა ისმის დიალოგებში, რომ შეიძლება გაიფიქროთ კიდეც - სცენარისტები და რედაქტორები ჰოლივუდში ჯერ კიდევ „ბარბის“ გადაღებამდე გაიფიცნენ) ბარბიზე უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება.

მისი თანამგზავრი, კენი, რაიან გოსლინგის შესრულებით - პარაზიტი პერსონაჟი, რომელიც, ცოტა არ იყოს, თავხედურად ცვლის ფილმის აქცენტებს. კენი, გადაიქცევა რა „პატრიარქალური ბოროტების“ განსახიერებად, მაშინვე გადაქაჩავს თავისკენ მაყურებლის ყურადღებას. გვავიწყებს იმათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება - კორპორაცია „მატელს“ და მის ბოსებს.

კითხვას, „როგორია ქალის ადგილი რეალურ სამყაროში, სადაც კაცები მეფობენ?“ საკმაოდ ეშმაკურად ჩაენაცვლება ახალი - „როგორია კენი ბარბილენდში და როგორ შეიძლება მისი დამარცხება?“ კენი, როგორც პატრიარქატის კარიკატურა, ბარბის ამბავს მეორე პლანზე გადასწევს, ამიტომ დიალოგები ფემინიზმსა და ქალის როლზე აღიქმება მხოლოდ როგორც დამატება, როგორც „დეკორაცია“. მათ სრულიად ჩაგრავს კენის ექსცენტრიკა და ხუმრობები („პატრიარქალური სიმღერაც“ კი, რომელსაც კენი ასრულებს, მუსიკალურად უკეთესია იმ კოშმარზე, რაც მანამდე ისმის).

უკანა პლანზე გადადის ის, რაც, წესით, დრამატურგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს - კორპორაციის თანამშრომლის, გლორიასა და მისი ქალიშვილის სახეები. ამათ ერგოთ პათეტიკა და ფემინისტური ლოზუნგები, კენს ერგო მოქმედება, ექსცენტრიკა და „იუმორი“.

კენის ფინალურ „გამოსწორებაზე“ აღარაფერს ვიტყვი... არადამაჯერებელია მისი პატიება, რადგანაც ეგ ნაწილი, უბრალოდ, მიფუჩეჩებულია სცენარში.

კენის მნიშვნელობის გადაჭარბებული ხაზგასმა ბადებს ეჭვს, რომ „მატელის“ თანხმობა გიგანტური კორპორაციის პაროდირებაზე მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. სინამდვილეში მაყურებლის ყურადღება გადატანილია რეალური პრობლემებიდან ერთ ჩერჩეტ მაჩოზე, კენზე, რომლის დაცინვა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე სექსტისტური ინდუსტრიისა. „ბარბი ყველაფერია“, „კენი კი - მხოლოდ კენი“...

ფილმის ბოლოს ეს ფრაზა უკვე მრავალმნიშვნელოვნად ჟღერს და ვიღაცამ ასეც შეიძლება გაიგოს - „ბარბი უსახოა, კენი კი, ადამიანი“... ადამიანებს, მოგეხსენებათ, თოჯინებზე მეტად ადამიანები აინტერესებთ.

ფილმის ავტორები ლამაზად წარმოგვიდგენენ უსულო სამყაროს (თოჯინებს), არც „ბირკენსტოკის“, „შევროლეს“, შანელის“ რეკლამას ერიდებიან. მაგრამ ვერაფერს უხერხებენ ცოცხალ პერსონაჟებს. გამოცდილი ამბავია: როცა პერსონაჟი სტერეოტიპული თვისებებისგან იქმნება, მას, როგორც წესი, განვითარება არ უწერია. როცა არაა განვითარება, არ არის არც ისტორია. როცა არც ხასიათია და არც ისტორია, მაყურებელი ფილმის ბოლომდე გულგრილი რჩება გმირების მიმართ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარგო რობის ნაძალადევი ღიმილი ვეღარაფერს შველის. მართლა ჟაკ ტატი უნდა იყო, რომ შეძლო, კარიკატურა, როგორც ჟანრი, დიდ ხელოვნებად აქციო. ვინსენტ მინელის, ჟაკ დემისა თუ ბობ ფოსის ფილმების ციტატების გაცოცხლება საკმარისი არაა, როცა დიდი კორპორაციის მოსამსახურის როლის მორგება გიწევს.

ამ კინემატოგრაფიულ გოგლიმოგლში, რომელშიც არეულია ანტიკაპიტალიზმი და კორპორაციების რეკლამა, ჩვენი ყურადღება მთლიანად გადადის აქსესუარებზე, კოსტიუმებზე, დეტალებზე და არა იმაზე, თუ რა მოსდით ფილმის პერსონაჟებს. ეს ზედაპირულობა და „გაპრიალება“ ბრენდის სტილია, ფაქტობრივად, „მატელის“ კატალოგია (ისევე, როგორც ფილმის წინასაპრემიერო მარკეტინგი, მორთული ვარდისფერებში). მაგრამ, ამავე დროს, თანამედროვე ჰოლივუდის სტილიც გახდა.

„ლალალენდიზაცია“ გრძელდება! სულ ახლახან „ასტეროიდების ქალაქი“ გამოვიდა. ოღონდ, განსხვავებით გრეტა გერვიგისგან, უეს ანდერსონი ფილმის ბოლომდე ახერხებს შეინარჩუნოს თავისი საფირმო ბუტაფორიულობა. აქ, „ბარბიში“, პლასტმასის გაპრიალებულ სამყაროში წარმოთქმული თუნდაც გლორიას სიტყვა ქალის უფლებებზე იმდენად ამოვარდნილია საერთო სტილიდან, რომ რაღაც სხვა ფილმიდან ჩადგმულ ეპიზოდს ემსგავსება, თითქოს მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის ავტორმა თავი გაიმართლოს მისი კინოს თაყვანისმცემლების წინაშე. ამ ეპიზოდში ერთგვარი უხერხულობის განცდა იქმნება. ფემინიზმი კი, უბრალოდ, დისკრედიტირებულია.

ასეთი სწორხაზოვანი, ზედაპირული შეტევა კაპიტალიზმზე უდავოდ გაზრდის „მატელის“ კაპიტალს და კიდევ უფრო გაამდიდრებს იმ ბიძიებს, რომლებსაც ფილმი ვითომ დასცინის. თუმცა არა მარტო მათ. ფილმის ავტორებსაც ახეირებს.

როგორც იტყვიან, „ღმერთმა შეარგოთ!“.

აღმოჩნდა, რომ გრეტა გერვიგისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე დამკვიდრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამოუკიდებლობა. ამიტომ უნდა გავიმეორო ფრანგი ფემინისტი-კინოკრიტიკოსის, ბერენის ურსურეგაის სიტყვები: „ძალიან ვწუხვარ, გრეტა გერვიგ, მაგრამ ფემინიზმი არ არის სათამაშო“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG