Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ისევ გაიფიცნენ ტრაილერის ქართველი მძღოლები


მე-10 დღეა, გაფიცული არიან ტრაილერის ქართველი მძღოლები. ისინი პროტესტის ნიშნად გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაჩერდნენ და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. მძღოლები პოლონური სატრანსპორტო კომპანია „აგმაზისგან" სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.

„ზოგს 5-6 თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღია. ჩემი დავალიანება 9 345 ევროა, 86 ევრო მერიცხებოდა დღეში. წელიწადზე მეტია, აქ ვარ, ყოველგვარი შესვენების გარეშე ვმუშაობ. პირობების გაუმჯობესებას დაგვპირდნენ, მაგრამ ახლა საერთოდ გაწყვიტა კომპანიამ ჩვენთან კონტაქტი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთი გაფიცული გიორგი ზენაიშვილი. რადიო თავისუფლება პოლონურ კომპანიასთან დაკავშირებასაც ცდილობს.

მძღოლების თქმით, ქართველების გარდა, გაფიცულია 65 უზბეკი, ტაჯიკი და ყაზახი მძღოლი. ფრანკფურტის ერთ-ერთ ავტოსადგომზე პროტესტის ნიშნად 120 სატვირთო მანქანაა გაჩერებული. მძღოლები ასევე ამბობენ, რომ კომპანია მათი სხვა მძღოლებით ჩანაცვლებას ცდილობს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანის თანახმად, გერმანიის პროფკავშირის წარმომადგენლები მძღოლებს საკვებით ეხმარებიან და მოქალაქეებიც სოლიდარულად არიან განწყობილნი.

მძღოლებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ძირითადად, გადაჰქონდათ ხის და რკინის მასალები, ასევე სხვა არამალფუჭებადი პროდუქცია.

ეს პოლონურ სატვირთო გადაზიდვების კომპანია „აგმაზში" დასაქმებულების გაფიცვის პირველი შემთხვევა არაა. მიმდინარე წლის მარტში ტრაილერის 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა სამუშაო პირობებით უკმაყოფილების გამო. ისინი მაშინაც ფრანკფურტში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ გაჩერებული და ხელფასის სრულად ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

გაზაფხულზე გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა და დამსაქმებელმა ყველა გაფიცულს კუთვნილი ანაზღაურება ჩაურიცხა.

XS
SM
MD
LG