გერმანიის რადიოსადგური Deutschlandfunk-ი 27 აპრილს პროფკავშირების წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანიაში, სამხრეთ ჰესენში, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანების აღმოსავლეთევროპელი მძღოლების გაფიცვის დაწყებიდან ხუთი კვირის შემდეგ, მიღწეულია შეთანხმება.
გრეფენჰაუზენ ვესტის სახელით ცნობილ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებული სატვირთო მანქანების გაფიცული მძღოლების დამსაქმებელმა დაადასტურა, რომ გადაუხდის მძღოლებს იმ თანხას, რომელიც ხელფასის სახით ემართა, სულ 100 ათას ევროს.
Deutschlandfunk-ს მოჰყავს პროფკავშირების წარმომადგენლის ნათქვამი, რომ პოლონურმა სატრანსპორტო ფირმამ ასევე უკან გაიტანა თავისი საჩივარი დასაქმებულების მიმართ.
60-ზე მეტი მძღოლი, ძირითადად საქართველოდან და უზბეკეთიდან, მარტის შუა რიცხვების შემდეგ იყო გაფიცული. მათ ავტომანქანები გააჩერეს გერმანიის მე-5 ავტობანზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან არსებულ სადგომზე, ქალაქ დარმშტადტთან. მძღოლები ამ დროის განმავლობაში თავიანთ ავტომანქანებში ცხოვრობდნენ.
შრომითი უფლებებისთვის მათმა ბრძოლამ, გავრცელებული ცნობით, ყურადღების ცენტრში მოაქცია საერთაშორისო ტრანსპორტის სფეროში არსებული ვითარება.
გერმანიის მემარცხენეთა პარტიის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა მარტინ შირდევანმა გაფიცულების მდგომარეობას საშინელი უწოდა. არსებული ინფორმაციით, მათ თანადგომა გაუწია გერმანიის პროფკავშირულმა გაერთიანებამ.