ტბორის ქვეშ საგურამოს დაზიანებული საკანალიზაციო მაგისტრალი გადის და მთელი სასოფლო და მას შერეული ახალი მდიდრული დასახლებების კანალიზაცია აქ იყრის თავს. წვიმისას ტბორი უცბად დიდდება და აყროლებული წყალი საავტომობილო გზაზე გადმოდის.
„საგურამოს ფეკალური დეზობარიერი“, - ასე ეძახიან ამ ადგილს აქაურები.
„ჩამოხვედით, ხომ, ამ სილამაზის გადასაღებად?“
„როგორც მთელი ქვეყანა მიაქვს მძ*ნერს, ისე მიაქვს საგურამოც. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება“, - გამოგვძახა საგურამოელმა კაცმა მანქანის ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან და ისე გაგვშორდა, მანქანა არც კი გაუჩერებია. „კანალიზაციის ტბის“ მძაფრ სუნს ქარი ათეულობით მეტრზე ფანტავს.
„ეჰ, ხუმრობა ხუმრობად და ჩვენ ვიდარდოთ, მოხნულ, დამუშავებულ მიწაზე ტექნიკა ვეღარ შევიყვანეთ, სულ გაოხრდა ნაწვალებიც და მიწაც“, - ამასაც ადგილობრივი წერს, ოღონდ საგურამოს ფეისბუკის ჯგუფში.
„საგურამოს ფეკალურ დეზობარიერზე როდემდე ვიაროთ? სანამ ეზოებში შემოვა, დავიკიდოთ?“ - კითხულობს კიდევ ერთი მოქალაქე.
- გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ამბობს, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია;
- მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ საკანალიზაციო ჭები გაწმინდა, მაგისტრალის 300-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი შეისყიდა, მაგრამ
სანამ წყლის დონე არ დაიწევს, ტექნიკა სამუშაო ადგილს ვერ მიუახლოვდება.
როდის დაიკლებს წყალი? პასუხია: „ვნახოთ“.
დატბორილი კერძო მიწებია. სულ მცირე, ერთ-ნახევარი ჰექტარი მაინც და დაჭაობებულ ტბორში წყლის ნაკადი ისევ ჩაედინება.
ამ ადგილს დასახლებული პუნქტი არ ეთქმის, მაგრამ არც აუთვისებელია - „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური 300-ოდე მეტრშია, გვერდით ეკლესია შენდება. შორიახლოს სამსართულიანი სახლი დგას.
როცა ამ სახლის მეპატრონე, თამაზ გვილავა უკან ბრუნდება, მე მისი სახლისკენ მიმავალ გრუნტის გზაზე ვდგავარ. „ჩამოხვედით ხომ ამ სილამაზის გადასაღებად?“ - მართალია ხუმრობით მეკითხება, მაგრამ გამწარებულია, - როგორ გინდა, ამ სუნის სიახლოვეს იცხოვროო. რამდენიმე წუთით გამომელაპარაკა - არც იმის მჯერა, რომ აქამდე გაკეთება არ შეეძლოთ და არც იმის, რომ ახლა გააკეთებენო. როგორც კი ვთხოვ, რომ დამელოდოს, აი, უცბად კამერას ჩავრთავთ, თავაზიან უარს მეუბნება და სახლისკენ მიდის.
ეკლესიაშიც შეწუხებულები არიან, - თუმცა საუბრისგან იქაც თავს იკავებენ.
„შეწუხებული მოქალაქეები“
10 ივლისს, დღის 4 საათისთვის „ტბის“ სამხრეთით 4-5 მანქანა და 10-მდე ადამიანია შეკრებილი. გეოდეზიური ხელსაწყოც, - სავარაუდოდ, ნიველირი, - იქვე დგას. ერთი შეხედვით, მერიის წარმომადგენლებს ჰგვანან.
ვესალმებით. ვეუბნებით, რომ ჟურნალისტები ვართ რადიო თავისუფლებიდან. „თქვენ, ალბათ, მერიიდან, არა?“ ვეკითხები. „არა… უბრალოდ, შეწუხებული მოქალაქეები ვართ. შევიკრიბეთ, ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს საკითხი“, - მეუბნება შუახნის კაცი.
რამდენიმე წუთით ვიჯერებ, რომ შევცდი. ამ მხარეში მოქალაქეების თვითორგანიზების მაგალითები - უწყლობის თუ უგზოობის პრობლემაზე - პირადად მინახავს. თან ამ ამბავზე ბოლო დღეებში ძალიან ბევრს წერენ საგურამოს ჯგუფშიც.
მაგრამ ამ დროს მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა კაცის სახე მეცნობა და ავტომატურად ვეკითხები: „თქვენ ოთო არა ხართ, ბიჩნიგაური?“
ოთარ ბიჩნიგაური მცხეთის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარმომადგენელია სოფელ საგურამოში. როგორც ადრე ეძახდნენ ამ პოზიციას, საგურამოს „გამგებელი“ ან „რწმუნებული“.
ეგ არის. ზუსტად ამ დილას ველაპარაკე ტელეფონით: დავურეკე, ყურმილი აიღო და ამ ამბავზე კითხვა რომ დავუსვი, არ მიპასუხა, პრესსამსახურთან გადამამისამართა. პრესსამსახურის თანამშრომელმა გაიკვირვა, ჩემთან რას გამოგიშვა, მეც მისგან მოსმენილი უნდა გაგიმეოროო. საბოლოოდ მხოლოდ ის მითხრა, რომ საკანალიზაციო მილები გაწმინდეს, და როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, 300-მეტრიანი მილის გამოცვლასაც დაიწყებს.
„დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი და საჭიროებს გარკვეულ დროს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის, მალე გამოსწორდება პრობლემა“, - მზარდი უკმაყოფილების შემხედველმა დაწერა საგურამოს ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფშიც.
ინტერვიუზე ოთო ბიჩნიგაურიც და იქვე მყოფი, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძეც უარს ამბობენ, თუ გინდა, ისე დაგელაპარაკებითო.
„ვმუშაობთ“
გრძელი საუბარი მოკლედ რომ შევაჯამოთ, მერიის წარმომადგენლები სიტუაციას ასე აღწერენ:
- „ვიცით, რომ ეს პრობლემა არსებობს და მართლა ვმუშაობთ მოგვარებაზე“;
- „სამიოდე კვირის წინ წყლის ჭავლიანი მანქანით გაიწმინდა საკანალიზაციო ჭები“.
- მაგრამ, ჭების გაწმენდა ამ პრობლემას ვერ მოხსნის: დაზიანებულია კანალიზაციის მაგისტრალი - 400 მმ დიამეტრის მქონე მილი, რომელიც ნაკადს ვეღარ ატარებს და შესაცვლელია.
- რეაბილიტაციის პროექტი 200 000 ლარად უკვე შესყიდულია, - მაგრამ ტრაქტორი მუშაობას ვერ იწყებს, სანამ ტერიტორია დატბორილია - მილს ვერ მიუდგება.
ჭაობთან იმიტომ იყვნენ შეკრებილები, რომ ტბის ქვეშ მოქცეული საკანალიზაციო და შორიახლოს მდებარე მეორე ჭის სიღრმეებს ზომავდნენ - აინტერესებდათ, არის თუ არა იმის შანსი, რომ დაგროვილი მასა მეორე ჭისკენ გადმოეტუმბათ. სანამ ჩვენ იქ ვიყავით, გაირკვა, რომ არც ეს ვარიანტი გამოდის. ისევ ძველი მილები უნდა შეიცვალოს, ახალი, უფრო მსხვილით, მაგრამ - როცა ტექნიკა მიუდგება, ანუ როცა ტბორი დაშრება.
„და ეს როდის დაშრება?“ - ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი ვერ გამცეს. ბოლო კვირებია, საგურამოში თითქმის ყოველ საღამოს, - ან დღეგამოშვებით, - ძლიერად წვიმს. ამინდის პროგნოზი ამ კვირაში დარს უჩვენებს.
სამი თვე თუ სამი წელიწადი?
„სამ თვეს“ კი ახსენებენ, მაგრამ მილი ზუსტად როდინდელი დაზიანებულია, ან რა სჭირს, ვერ ამბობენ.
ჯერ კიდევ შარშან, როცა აქეთ პირად საქმეზე დავდიოდი, ზუსტად ამ ადგილას არაერთხელ ამიწევია მანქანის ფანჯრები - ხშირად ვგრძნობდი არასასიამოვნო სუნს. პრობლემა რომ მხოლოდ წლევანდელი არ არის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან (გზდ-სგან) მიღებული ინფორმაციითაც დასტურდება.
გზდ-ს აღმოსავლეთის რეგიონულმა სამმართველომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოავლინა „ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევა“ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, ტერიტორია დაასუფთავეთო.
მაგრამ ეს პრობლემა კიდევ უფრო ძველია. „გუგლ ერსის“ (Google Earth) სატელიტურ ფოტოებს რომ თვალი გადაავლოთ, აღმოაჩენთ, რომ ტბორი პირველად 2019 წელს ჩნდება. ოღონდ ადრე, სანამ ამხელა ფართობზე გაიშლებოდა, დაშრობას ასწრებდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ მიწების ნაწილზე ნათესები იყო. ახლა ამ ადგილზეც ჭაობია.
„სუნი, ალბათ, სამი წელი იქნება, რაც არის. ტბა უწყვეტად, ალბათ, შარშან შემოდგომიდან მოყოლებული დგას. წვიმების დროს დიდდება და გადმოდის. განსაკუთრებით ამ ბოლო კვირებში მოიმატა. წლების წინ ეგრე არ იყო. შარშან ნათესი მეც მახსოვს. მაგრამ, ერთი სიტყვით, სამი წელია, რაც პრობლემა ზემოთ წამოვიდა და უკვე თვალით ჩანს“, - ამბობს გიორგი ჯერენაშვილი, მას საგურამოში სახლი აქვს და დღე არ გავა, რომ ეს გზა არ გაიაროს.
საქმე ისაა, რომ შესაძლოა, კანალიზაციის მილის შეცვლამაც ვერ გაჭრას. რელიეფი ამ ადგილას გავაკებულია და საგურამოდან წამოსული ხელოვნური თუ ბუნებრივი სანიაღვრე არხები სწორედ აქ იყრის თავს. სოფლიდან წამოსული წყალი ტბორში მზიან ამინდშიც კი ჩადის.
„წყლის რეზერვუარებთან ახლოს“
ფეისბუკზე საგურამოელების ჯგუფებში იმაზეც წუხან, რომ ტბორი დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული სასმელი წყლის რამდენიმე რეზერვუარს. საგურამოში და არაგვის აყოლებაზე ათობით წყლის რეზერვუარია, საიდანაც თბილისის მოსახლეობა მარაგდება.
„მანდ იმხელა მასა აწვება, რომ გზაზე რომც არ გადმოვიდეს და გრუნტიდან გაჟონოს? ვინ არის დაზღვეული?“, - შიშობს გიორგი ჯერენაშვილი.
„სანამ ქალაქის სასმელ წყალს არ შეერევა და მთელი თბილისი არ მოიწამლება, არ მიხედავენ“, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ფეისბუკის ჯგუფში.
რადიო თავისუფლებას კომპანია „ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერსში“ (GWP-ში) უთხრეს, რომ საგურამოს წყალმომარაგების სათავე ნაგებობების ტერიტორიაზე განთავსებული სასმელი წყლის რეზერვუარები, ასევე საბუფერო აუზები სანიტარულად დაცულია და
„საგურამო-ცხვარიჭამიის გზაზე წარმოქმნილი ტბორი სასმელი წყლის რეზერვუარებს საფრთხეს არ უქმნის“.
კომპანიის ცნობითვე, ამ საკითხზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და GWP-ს წარმომადგენლებს შორის „კომუნიკაცია შედგა“ და „რამდენადაც ჯივიპი ფლობს ინფორმაციას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობს საკითხის მოგვარებაზე“.
ეგებ „ქარხნის ამბავია“?
მერიის თანამშრომლები, - ასევე, ადგილობრივების ნაწილი, - პირად საუბრებში გამოთქვამენ ეჭვს, რომ პრობლემა კომპანია „ზედაზნის“ ახლომდებარე ქარხნის გამოც გამწვავდა. „ეგენი არიან დაერთებულები კანალიზაციის სისტემას. სად სოფლის მოხმარება და სად ის, რაც წარმოების შემდეგ რჩებათ და ყრიან“, - გვითხრა მერიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით.
კომპანია „ზედაზენში“ ამბობენ, რომ რადგან მხოლოდ ლუდს, წვენს, ლიმონათს, ცივ ჩაისა და ენერგეტიკულ სასმელებს აწარმოებენ, მყარი ნარჩენები არ აქვთ. „შესაბამისად, წარმოუდგენელია საკანალიზაციო სისტემაში ქარხნის წარმოების შედეგად მყარი ნარჩენის მოხვედრა“, - ამბობენ „ზედაზენში“. კომპანია ოპოზიციონერ პარლამენტარს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს ეკუთვნის.
კომპანიის თანახმად, ლუდის წარმოებისას ქარხანას მხოლოდ ე.წ ნაქაჯი - ალაოსა და სვიის ნარჩენი რჩება, მაგრამ ეს ბიოპროდუქტია და სპეციალურად შერჩეულ კომპანიას ის ცხოველებისთვის გააქვს.
„ზედაზენში“ იმასაც ამატებენ, რომ ტერიტორიაზე თავისი საკანალიზაციო გამწმენდი აქვს, რათა გარემო არ დააბინძურონ.
აბა, რა არის რეალური მიზეზი?
საგურამო, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, აგერ უკვე 10 წელზე მეტია, თბილისელი მაღალი და საშუალო კლასის სააგარაკე და მოგვიანებით უკვე საცხოვრებელ სივრცედ იქცა.
ამჟამად საგურამო სუბურბანულ დასახლებადაა ქცეული და მის გარშემო სოფლებიც კი სწრაფად ვითარდება. განაშენიანების ტალღები, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, შეეხო ახლომდებარე სოფლებსაც: ჯიღაურას, შანკევანს, ახალსოფელს.
და უძრავი ქონების ფასები, თბილისთან ერთად, აქაც გაიზარდა. თუკი 2021 წლისთვის სოფელ ჯიღაურაში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი $15-20-ის ფარგლებში მერყეობდა, ახლა $35-40-ს აღწევს. არაშენდაში ფასები კვადრატულ მეტრზე $50-ს სცდება, საგურამოში კი - $60-ს.
ნებაზე მიშვებულ განვითარებას ინფრასტრუქტურა ვერ ეწევა. სოფელს, სადაც წლების წინ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, ახლა მანქანების უწყვეტი ნაკადის გრუხუნი აწუხებს. გზები, ცენტრალურის გარდა, მეტწილად მოუასფალტებელია, ელექტროენერგია, ძლიერი ქარის გამო, ხშირად ითიშება, გარე განათება ბევრგან არ აყენია, საკანალიზაციო სისტემა კი მხოლოდ საგურამოს აქვს.
ეს სისტემა სუბურბანულ განაშენიანებაზე გათვლილი არ ყოფილა. საგურამო მცირე სასოფლო დასახლება იყო, 2010-იანი წლებიდან კი მის ქსოვილს შეერია ახალი, მდიდრული ვილები აუზებით, - მაშინ, როცა მიმდებარე სოფლებში წყალი ჭირს.
არადა, სახლების მატებასთან ერთად, წყალარინების სისტემაც უნდა ვითარდებოდეს. ასე რომ, ბუნდოვანია, მოხსნის თუ არა პრობლემას საკანალიზაციო მილის 300-მეტრიან მონაკვეთზე მხოლოდ 10 სმ-ით ფართო დიამეტრის მქონე მილის ჩაყოლება.