Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკეტი #17 - რამ დააობა მთავარი ნივთმტკიცებები 12 წლის ანის საქმეზე - დაწყებულია გამოძიება


ნატო ხუტაშვილი და ანი იანუშაიტიტე
ნატო ხუტაშვილი და ანი იანუშაიტიტე

12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში არსებული მთავარი ნივთმტკიცებები დაზიანებულია. ნატო ხუტაშვილის თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბავშვის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ "მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი ნადებები", ხოლო მტკიცებულებების ნაწილი მოთავსებულია მთლიანობადარღვეულ პაკეტში. ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

საქმე კი ეხება იმ ნივთმტკიცებებს, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა დადგენილიყო 12 წლის ანის სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლო.

რას ინახავს პაკეტი #17?

„ჩემი შვილის სხეულიდან, ხელებიდან და სახიდან, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, აიღეს დნმ ანაწმენდები, რომლებიც გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, სადაც ანას სხეულიდან აღებული ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არ არის სათანადოდ შეფუთული და ანაწმენდები დაობებულია“, - ასე აღწერა ანას დედამ საქმეში არსებული მთავარი ნივმთკიცებულებების მდგომარეობა 5 ივლისს, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის სხეულიდან აღებული ანაწმენდები ან ნაწილობრივ, ან სრულად გამოუსადეგარი ხდება შემდგომი კვლევისთვის:

ნატო ხუტაშვილი
ნატო ხუტაშვილი

„ეს მოხდა განზრახ თუ შემთხვევით, ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. მე ამას ვარქმევ დანაშაულს და ვერ დავარქმევ გაუფრთხილებლობას, რადგან ეს არის დანაშაული. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ასეთი ნივთმტკიცებულებები არ უნდა ობდებოდეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როდის დაზიანდა ეს ნივთმტკიცებები“.

12 წლის ანას ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ელისო რუხაძე ამბობს, რომ სახეზეა საქმეში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების დაზიანების ფაქტი.

მისი თქმით, ამას მოწმობს ისიც, რომ ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ ანალიზის შედეგად, ანაწმენდებში ვერ აღმოაჩინა ვერცერთი ადამიანის დნმ, მაშინ, როდესაც ამ კვლევის საფუძველზე უნდა გამოვლენილიყო მინიმუმ ბავშვის დედისა და სასწრაფო დახმარების ექიმების გენეტიკური პროფილები:

ელისო რუხაძე
ელისო რუხაძე

„საუბარია ანი იანუშაიტიტეს გვამიდან, სახიდან და ხელის ფრჩხილებიდან აღებულ ანაწმენდებზე, მთავარ მტკიცებულებებზე. ძალიან ბუნებრივი კითხვა ისმის, ანის გარდაცვალების დროს, შემთხვევის ადგილზე, მას თავს ეხვია ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, სასწრაფოს ორი ბრიგადა. რატომ არ ამოვიდა ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებში, ე.წ. შეხების შედეგად დარჩენილ დნმ-ში აბსოლუტურად არავის პროფილი? აქ არ არის საუბარი მხოლოდ სავარაუდო დამნაშავეზე. აქ ლაპარაკია, მაგალითად, სასწრაფოს ექიმის, დედის ან სხვა ადამიანის დნმ-ზე, რომელიც იმ ღამეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევდა ბავშვს?“

ელისო რუხაძე ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხი მათ ამოიკითხეს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში:

„სწორედ მე-17 პაკეტის აღწერის დროს, ბიოლოგიური დასკვნის ავტორები წერენ, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არის ობმოდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შემდგომი კვლევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია“.

დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ გამოძიების პერსპექტივა?

იურისტის თქმით, ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ოჯახისა და ადვოკატების მიერ მოთხოვილი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საკითხი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ:

„ანი ლიეტუვის მოქალაქეა. ოჯახის სურვილია, რომ ამ საქმეში ჩაერთონ ექსპერტები ლიეტუვიდან და ეს ოჯახის ლეგიტიმური მოთხოვნაა, თუმცა, ამ მოცემულობით, როდესაც, პრაქტიკულად, თავდაყირა დგება მთავარი მტკიცებულებების ვარგისიანობის საკითხი, ამ გამოძების პერსპექტივა ბუნდოვანია“.

3 ივლისს, ანის ოჯახმა და ადვოკატმა წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია, მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა:

„კარგად ამოვიკითხე სამხარაულის ბიუროს დებულებაში, რომ ვიდეოთვალით აღჭურვილია ექსპერტიზის ჩატარების პროცესი და დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება იმისა, თუ როგორ აიღო ექსპერტმა ანაბეჭდები და რა პირობებში შეინახა ის. ველოდებით სამხარაულის პასუხს ან საჯარო განცხადებას. ვინაიდან ისინი დიდი ღიაობით არ გამოირჩევიან და არ გვთვლიან ღირსად რომ პასუხი მოგვწერონ ხოლმე. თუმცა, ეს არის ის საქმე, სადაც სამხარაულის ბიურომ უნდა განმარტოს, რატომ დაობდა 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულებები.“

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც იურისტებმა ლევან სამხარაულის ბიუროს გაუგზავნეს, შეეხება მე-17 პაკეტში არსებული ნივთმტკიცებების ვარგისიანობას სამომავლო კვლევებისთვის:

„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალებს ჩვენ ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან ის სრულად კონფიდენციალურია და არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითქმის ყველა დასკვნა არის შემდეგი შინაარსის, რომ არ არის აღმოჩენილი დნმ-ის შესაბამისი კონცენტრაცია ან თუ აღმოჩნდა, არის მინორული წილი და შეუძლებელია გაირკვეს ვის ეკუთვნის ის“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, როგორც ბავშვის გარდაცვალების დღეს, ისე მომდევნო დღეებში, გამოძიების პროცესში, მსგავსი ტიპის ანაწმენდები აღებულ იქნა სხვა პირებისგანაც, თუმცა მათი სხეულიდან აღებული ანაწმენდები დაუზიანებლადაა დაცული და შენახული: „მხოლოდ მე-17 პაკეტი, ის პაკეტია დაობებული, სადაც მთავარი მტკიცებულებები ინახება“, - ამბობს ელისო რუხაძე.

უპასუხებს თუ არა და რას უპასუხებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 12 წლის ანის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან ჯერჯერობით ვერ მიიღო. უწყებაში, ამ ეტაპზე, კომენტარი არ კეთდება.

ანის ოჯახი დაზიანებული ნივთმტკიცებების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა განზრახ ან გაუფრთხილებლობით. ელისო რუხაძე ამბობს, რომ სწორედ გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, რომელი უწყების განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ განაპირობა საკვლევი ობიექტების დაზიანება:

„საგამოძიებო უწყებებმა ჩვენზე ადრე შეიტყვეს, რომ საქმეში არსებული მთავარი ნივთმტკიცებები დაობებული და დაზიანებულია. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ინფორმირებულები არიან მაისის მიწურულიდან. ექსპერტიზაში თეთრზე შავით წერია, რომ მტკიცებულებები დაობებულია. მე თუ ამის შესახებ გავიგე 22 მაისს, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს შეიტყო მანამდე. დღეს 5 ივლისია. ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის (ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი) საფუძველზე“.

რას პასუხობს პროკურატურა ანის ოჯახს?

5 ივლისს, მას შემდეგ, რაც 12 წლის ანის ოჯახმა პრესკონფერენცია გამართა და გაასაჯაროვა ინფორმაცია შვილის გარდაცვალების საქმეში ნივთმტკიცებულებების დაზიანების შესახებ, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, საიდანაც გავიგეთ, რომ ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩატარების მიზნით, ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთების გახსნის შემდეგ, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები, აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ, საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია:

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - წერია განცხადებაში.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.17 მარტს, ბავშვის გარდაცვალების დღეს, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისა და ექსპერტიზის ბიუროდან ანის ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანი, შესაძლოა უბედური შემთხვევის, საკვების გადაცდენის შედეგად გარდაცვლილიყო.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო დასკვნა მზადა 28 აპრილს გასაჯაროვდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.

ანის დედა გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანი ძალადობას ემსხვერპლა. ანის სხეული დედამ დეტალურად დაათვალიერა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშიც მითითებულია და დედაც ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ბავშვის სხეულზე მან არაერთი დაზიანება ნახა, მათ შორის, ნაკაწრები ფეხებზე, სახესა და ზურგზე.

ჰყავს თუ არა გამოძიებას გამოკვეთილი სავარაუდო დამნაშავე, ამ კითხვაზე პასუხი მეოთხე თვეა არ არსებობს.

XS
SM
MD
LG