Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები აბსოლუტურად გამორიცხულია


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები "აბსოლუტურად გამორიცხულია". ამ თემაზე მან დღეს, 5 ივლისს, პარლამენტში უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

"ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ერთი, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას საქართველოსა და უკრაინას შორის, ხალხებს შორის; მეორე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ დაიწყება, აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება, რათა "კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან".

უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იმავე დღეს კლინიკა "ვივამედში" მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩაერთო.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს", - წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შესთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გადაეცეს მას ჩვენი მკაცრი პროტესტი და შევთავაზოთ უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან", - აცხადებს ზელენსკი.

3 ივლისის სასამართლო სხდომაზე მნიშვნელოვნად სახეცვლილმა, დისტროფიულმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მაისურს იწევს. 3 ივლისი, 2023 წელი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მაისურს იწევს. 3 ივლისი, 2023 წელი

3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმე" განიხილებოდა. ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

  • 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
  • საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
  • თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG