რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეწყვიტა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ, შეიარაღებული ამბოხების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
უშიშროების სამსახურის პრესცენტრის მიერ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებისთვის გაგზავნილი ინფორმაციით, ამბოხების მონაწილეებმა 24 ივნისს შეწყვიტეს „უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული ქმედებები“, ამიტომ ამ და „გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების“ გათვალისწინებით, დღეს, 27 ივნისს, გამოიცა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. „სხვა გარემოებები" დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე 23 ივნისს აღძრა. 24 ივნისს შეიარაღებული ამბოხების მუხლით საქმე აღძრა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამაც. 26 ივნისის მდგომარეობით, პროკურატურა გამოძიებას განაგრძობდა.
- კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა მედიას უთხრა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- 26 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მისი ძალების მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის წარმოჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
- 26 ივნისს, სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ „ვაგნერელებს“ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა.