Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა


ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვში. 2023 წლის 24 ივნისი
ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვში. 2023 წლის 24 ივნისი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ეს ინფორმაცია დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა მონიტორინგის ჯგუფმა Беларускі Гаюн, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

ჯგუფის თანახმად, პრიგოჟინის თვითმფრინავი აეროდრომზე დაეშვა მინსკის დროით 07:40 საათზე, 18 წუთის შემდეგ კი, ამავე აეროდრომზე დაჯდა სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრენილი კიდევ ერთი თვითმფრინავი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია 24 ივნისის შემდეგ, როცა მან მოსკოვისკენ „ვაგნერელების“ მსვლელობა შეაჩერა. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. 26 ივნისს, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ ევგენი პრიგოჟინი და მისი მხარდამჭერი მებრძოლები უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე არიან, რასაც Беларускі Гаюн-ი უარყოფდა.

26 ივნისს, სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა.

  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • 26 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისევ გრძელდება.
  • 26 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მისი ძალების მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის წარმოჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
XS
SM
MD
LG