Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინს „ვაგნერელები“ სჭირდება


„ვაგნერელები“ ქალაქ დონის როსტოვში. 2023 წლის 24 ივნისი
„ვაგნერელები“ ქალაქ დონის როსტოვში. 2023 წლის 24 ივნისი

კრემლს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალები სჭირდება უკრაინაში ომისა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებისთვის. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, ეს გამოჩნდა 26 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლიდან.

რუსეთს შეეძლო ღალატისთვის დაეპატიმრებინა „ვაგნერის“ მეთაურები, თუმცა, ამის ნაცვლად, პუტინმა „ვაგნერელებს“ შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა. 26 ივნისის მდგომარეობით, დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო. დაუდასტურებელი ცნობებით, ის მინსკის დასავლეთში, სასტუმრო Green City Hotel-ში იმყოფება.

როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, პრიგოჟინის განცხადებამ, რომ მისი მიზანი ხელისუფლების დამხობა არ ყოფილა, შედეგი არ გამოიღო და ლოიალურობაში პუტინი ვერ დაარწმუნა, რადგან 26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ამბოხების ორგანიზატორებს მოღალატეები უწოდა და შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. ამასთან, პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი ისევ არ უხსენებია.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, იმ „ვაგნერელებს“, რომლებიც პრიგოჟინთან წავლენ, კრემლი მოღალატეებად ჩათვლის და მათ პუტინის გაურკვეველი „დაპირების“ მიუხედავად, არანაირი გარანტიები არ გააჩნიათ.

  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • 26 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისევ გრძელდება.
  • 26 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მისი ძალების მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის წარმოჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.

XS
SM
MD
LG