Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანკი-ბაბუა“ 80 წლისაა


რას ვუყუროთ? - კატა-ადამიანები, 1982.
რას ვუყუროთ? - კატა-ადამიანები, 1982.

„კატა-ადამიანები“ (1982, აშშ, რეჟისორი პოლ შრეიდერი)

მალკოლმ მაკდაუელი 80 წლის გახდა. 2 წლის წინ, „მექანიკური ფორთოხლის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენების შემდეგ ვენეციის ფესტივალზე (იმხანად 50 წელი გავიდა სტენლი კუბრიკის შედევრის გადაღებიდან), მაკდაუელს „პანკი-ბაბუა“ შეარქვეს. ეს სახელი მართლაც ძალიან მოუხდა. გარეგნობით, ცხადია, შეიცვალა, მაგრამ მზერა ისეთივე აქვს - მუდმივად ცვალებადი და იდუმალებით მოცული. სახე და მზერა, მოგეხსენებათ, კინომსახიობის ინსტრუმენტია. მაკდაუელმა მაქსიმალურად გამოიყენა თავისი გარეგნობა - ითამაშა განგსტერი, ნაცისტი, პერვერტი იმპერატორი, კანიბალი... ბოროტების მთელი გალერეა შექმნა, მაგრამ თითქმის არასდროს დაუყვანია ეს სახეები კარიკატურის დონეზე. ლინდსეი ანდერსონი, რომელმაც ფაქტობრივად აღმოაჩინა დიდი მსახიობი, ათამაშა რა თავის საუკეთესო ფილმებში „თუ“ (მაკდაუელის დიდი დებიუტი კინოში), „ო, იღბლიანო“ და „ჰოსპიტალი ბრიტანია“ ამბობდა, რომ მალკოლმ მაკდაუელი „სინათლის სიჩქარით მოძრაობს“ და ადამიანის სულში იქიდან გვახედებს, რასთან მიახლოებისაც კი გვეშინია. მაკდაუელი კონტრასტების გენიოსია, ამიტომ სრულიად ბუნებრივია მისი შეხვედრა კიდევ ერთ დიდ კინემატოგრაფისტსა და კონტრასტების ვირტუოზთან, ამერიკელ კინომცოდნესთან, დრამატურგსა და რეჟისორთან, პოლ შრეიდერთან.

ჩემთვის, პირადად, პოლ შრეიდერის წიგნი „ტრანსცენდენტული სტილი კინოში: ოძუ, ბრესონი, დრეიერი“, რომლის ქართული თარგმანი უკვე გვაქვს, კინომცოდნეობის ბიბლიაა, არ მეგულება ამაზე მნიშვნელოვანი ტექსტი კინოს თეორიაში. ასევე კინოდრამატურგიის ეტალონად შეიძლება მივიჩნიოთ შრეიდერის სცენარები მარტინ სკორსეზეს ფილმებისთვის „ტაქსის მძღოლი“ და „გააფთრებული ხარი“. ვიცი, ბევრი დამეთანხმება. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შრეიდერის, როგორც კინომცოდნისა და დრამატურგის შემოქმედებით მოხიბლულ ხალხს არაერთხელ გამოუხატავთ გაღიზიანება მისი (როგორც კინორეჟისორის) ფილმების გამო. ბევრი კომპრომისად მიიჩნევს პოლ შრეიდერის გატაცებას ჟანრული კინოხელოვნებით, თუმცა ყველა მის ფილმს, - სულერთია, როგორ მიიღო ისინი კრიტიკამ და მაყურებელმა, - ყურადღებით თუ ვუყურებთ, აღმოვაჩენთ ერთ თავისებურებას - შრეიდერი კი არ ქმნის, არამედ ნამსხვრევებად აქცევს ჟანრულ კინემატოგრაფს.

„კატა-ადამიანები“ ჟაკ ტურნერის ამავე სახელწოდების კლასიკური ფილმის რიმეიკია. 1942 წელს გადაღებული „კატა-ადამიანები“ (ან სხვაგვარად „კატისებრი ადამიანები“) ეპოქის სარკეა, შიშის ატმოსფეროს გამოხატვის შედევრი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა შრეიდერს. ჟაკ ტურნერს არაერთხელ უთქვამს, რომ თავის ფილმებში „თამაშობს შიშზე“, რადგან თვლის, რომ შიშითაა გაჟღენთილი კაცობრიობის ისტორია. მეტიც, შიში მთელი სოციალური სტრუქტურის საფუძვლადაა გადაქცეული. 1982 წელს, როცა შრეიდერი „კატა-ადამიანებს“ იღებდა, „ცივი ომის“ ეპოქაში, სამყარო ისევ შიშით ცხოვრობდა, მაგრამ ამ შიშის გააზრების პროცესიც უფრო მასშტაბური გახდა; მაგალითად, ქალზე ძალაუფლების მოპოვების ვნება სწორედაც რომ „საშიში“, „დესტრუქციული“ ქალის სახეს დაუკავშირდა. ფემინიზმის „მეორე ტალღის“ ეპოქაში შრეიდერმა შეცვალა ტურნერის ფილმის აქცენტები, მეტიც, კლასიკური კინოხელოვნების მასკულინურობისგან გათავისუფლებაც გადაწყვიტა. „კატა-ადამიანები“ არ ემორჩილება ჟანრების კლასიფიკაციას. ფილმში ბევრია „შემაშინებელი სცენა“, მაგრამ ეს ჰორორი არაა. არის ეროტიკული ჩანართები, მაგრამ ეროტიკულ კინოს ვერ უწოდებ. არც ტრილერია, რადგან ინტრიგა არსებითად არც არის - ამბავი მაქციებზე, დასა და ძმაზე, რომლებიც იმ უძველესი ადამიანების მემკვიდრეები არიან, ლეოპარდებს რომ სწირავდნენ ქალებს, უფრო ფსიქოლოგიური დრამაა - ფილმი ახალგაზრდა ქალში (ქალწულში!) სექსუალურობის გაღვიძებაზე და ბრძოლაზე უმანკოებასა და ვნებას შორის.

მაქცია, რომელსაც ჩვენში ხშირად „მგელკაცას“ უწოდებენ, პოპულარულმა კულტურამ ქალად აქცია. მაქცია იდეალური კინოსახეა, რადგანაც გადაქცევას, ვიზუალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ამიტომ გადაქცევის, თუ გაორების ეს მოტივი, დიახაც, პოლ შრეიდერის, როგორც კინოთეორეტიკოსის კონცეფციის გაგრძელებაა, ნამდვილის დაპირისპირებაა მოჩვენებითთან, ნამდვილის აღმოჩენაა ცრუ, ყალბი ფორმის მიღმა. სიკვდილი ერთ სტატუსში და დაბადება მეორეში. ამაოება ერთში და მარადიული მეორეში. ურჩხული, მთელი თავისი დამანგრეველი ინსტინქტებით ყოველ ჩვენგანშია. მისი დანახვა საშიშია, ამიტომ არაფრით გვინდა ვაღიაროთ მისი არსებობა და გვირჩევნია გავაგრძელოთ ცხოვრება მისივე კარნახით.

მოჩვენებითი ფორმის მიღმა „ტრანსცენდენტულის“ გაშიშვლება ადვილი არაა. ამის მისაღწევად იმ რეჟისორების ნიჭი უნდა გქონდეს, ვისაც აღმერთებს შრეიდერი და გარკვეულწილად ბაძავს კიდეც, ოღონდაც პოპულარული კულტურის ფარგლებში. „კატა-ადამიანებში“ მას სხვებიც ეხმარებიან - ოპერატორი ჯონ ბეილი, მისთვის დამახასიათებელი ხაზგასმით სტრუქტურირებული კადრებით, მხატვარი ფერდინანდო სკარფიოტი, მთელი ანტიკური სამყარო რომ გააცოცხლა ლუკინო ვისკონტის ფილმში „სიკვდილი ვენეციაში“, კომპოზიტორი ჯორჯო მოროდერი, სინთეზატორისა და ჩელოს დიალოგზე რომ ქმნის მუსიკალურ პულსაციას, ასევე აგებულს მუდმივ ცვლილებებზე, დევიდ ბოუი, სიმღერით, რომელიც ფილმის მთავარი მუსიკალური თემა გახდა და, რა თქმა უნდა, ნასტასი კინსკისა და მალკოლმ მაკდაუელის დუეტი, დაწყევლილი და-ძმა, რომელთა ხედვის წერტილების, ქალის და მამაკაცის ხედვის წერტილების შეჯახებაზე იქმნება „კატა-ადამიანების“ სახიერი სამყარო, სადაც, თავის მხრივ, პირველყოფილ მაჩოს ამბოხებას მოუწყობს ქალი-კატა.

პოლ შრეიდერის ფილმებში არაერთხელ გათამაშებულა ციხის, გალიის მეტაფორა. 80-იანი წლების ახალი ორლეანის ზოოპარკში დაიწყება ქალი-მაქციის ეროტიკული თავგადასავალიც „კატა-ადამიანებში“ - ფილმში, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს - დამანგრეველი წარსულისგან, ჩვენი გენეტიკური ტვირთისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა სიყვარულისკენ სწრაფვაა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG