გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის მოსახლეობასთან ერთად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. "ყველანი ერთად ჭიათურის გადარჩენისთვის, ჭიათურის კეთილდღეობისთვის", "ერთ მუჭად შეკრული ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ", "მოვითხოვთ, ყველაფერი იყოს კანონიერი", - ისმოდა შეძახილები, რასაც მსვლელობის მონაწილეები ტაშით პასუხობდნენ.
დღეს ჭიათურაში, გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად ჩავიდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ის აქციის მონაწილეებს გაეცნო და უთხრა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს მედიაციის პროცესს, ერთი მხრივ, მათი პირობების გაუმჯობესებით და მეორე მხრივ, დამსაქმებლის ინტერესების გათვალისწინებით.
გაფიცულმა მაღაროელებმა იოსელიანს უამბეს, რომ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც დამსაქმებელმა ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, უთხრეს, რომ კომპანიის გადასარჩენად სამუშაო გეგმა 40%-ით უნდა გაზრდილიყო და მაშინ ექნებოდა მუშაობის გაგრძელებას აზრი. სხვა შემთხვევაში, იძულებული გახდებოდნენ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა აფრიკიდან შემოტანილი მანგანეზით მოემარაგებინათ, მაღაროელები კი სამუშაოს გარეშე დარჩებოდნენ.
"გვექნება კავშირი თქვენს მედიატორთან და დამატებით მასთანაც გავარკვევთ, რა ეტაპზეა პირობების შეთანხმება. ყველა მიმართულებით ჩართული ვართ, რომ ეს სიტუაცია, რაც აქ არის, დარეგულირდეს და გადაწყდეს ისე, სადაც, ერთის მხრივ, თქვენი მოთხოვნები, მეორეს მხრივ, დამსაქმებლის ინტერესი იქნება გათვალისწინებული იმიტომ, რომ შეთანხმება ორმხრივ კომპრომისს ნიშნავს", - მიმართა იოსელიანმა კარვებთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
ომბუდსმენის ვიზიტის დროს მოშიმშილე მაღაროელებმა აღნიშნეს, რომ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ მორიგეობს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთი მოშიმშილე, მერაბ სარალიძე ამბობს, რომ თავს "ნორმალურად" გრძნობენ და ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზების მიუხედავად, ექიმის გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალეს.
"დღეს რადგან სახალხო დამცველმა თქვა, მოვიდნენ ექიმები და დაადასტურეს, რომ წნევა ნორმალურად გვაქვს და შედარებით, ნორმალურად ვგრძნობთ თავს. ვრჩებით კარვებში, იგივე მოთხოვნებით".
უკვე მეათე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის შემდეგ ყველა მაღარო გაჩერებულია. იქ დასაქმებულები ხელფასის 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მთავარი მოთხოვნები, ხელფასის ზრდის გარდა, მოიცავს:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
- ულუფის გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
რას პასუხობს გაფიცულებს კომპანია?
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მედიატორთან შეხვედრის შემდეგ ისინი ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.
განცხადებით, რომელიც დღეს გაავრცელეს, კომპანია მზაობას გამოხატავს მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანახმაა, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
ასევე, კომპანია სთავაზობს ჯორჯიან მანგანეზის ყველა თანამშრომელს, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს. ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება, კომპანია ჰპირდება, რომ მედიაციის პროცესის დასრულებამდე, მათთვის სპეციალური სამუშაო რეჟიმი პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდება და აუნაზღაურდებათ ხელფასის 60%.
"კომპანია 2023 წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა 3382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.
მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისს კომპანიამ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა და ჭიათურის 3382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო. უკვე წლებია, 2662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა.
შეცვლილი სამუშო პირობა გულისხმობს ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლას. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები", - განმარტავენ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში".
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან: უწყებაში ამბობენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.