Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეაჩერე ეკოციდი" - უკრაინელმა აქტივისტებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს


საქართველოს პარლამენტის წინ აქცია "შეაჩერე ეკოციდი" გაიმართა. 7 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს პარლამენტის წინ აქცია "შეაჩერე ეკოციდი" გაიმართა. 7 ივნისი, 2023 წელი

საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა აქტივისტებმა და უკრაინულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თბილისში, პარლამენტის წინ, აქცია "შეაჩერე ეკოციდი" [#StopEcocideUkraine"] გამართეს. აქციის მონაწილეებმა გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა: "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა".

მათ ასევე ეჭირათ საპროტესტო პლაკატები წარწერით: "პუტინი მკვლელია", "რუსეთი ჩემს სახლს ტბორავს".

  • 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
  • როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG