Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ კახოვკის ჰესის დანგრევაში


კომპანია Maxar-ის მიერ კახოვკის ჰესისთვის გადაღებული სატელიტური ფოტო
კომპანია Maxar-ის მიერ კახოვკის ჰესისთვის გადაღებული სატელიტური ფოტო

უკრაინის დაზვერვის წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰესი ააფეთქა რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხების ეთერში განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ტექნოგენურ კატასტროფასა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის საფრთხის შექმნაში.

კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ კახოვკის ჰესის დანგრევა ომის დანაშაულია და 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინიდან მისი გაძევებაა.

რუსეთი კახოვკის ჰესის დანგრევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ავრცელებენ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებას, რომ, სავარაუდოდ, ჰესზე დარტყმა იყო უკრაინელების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან „ოლხა“.

ამასთან, როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარეები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე ნაწილიდან. წყალდიდობის ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

XS
SM
MD
LG