ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის, "რეტროს" სამზარეულოს მუშაობა შეუჩერეს. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ მიიღო, რომელიც ობიექტზე შესამოწმებლად შევიდა.
"შემოწმდა როგორც შრომითი უფლებები, ასევე შრომითი უსაფრთხოება. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გამოიკვეთა დარღვევები, რაც შეფასდა კრიტიკულად. ინსპექციამ შეაჩერა სამზარეულოს მუშაობა. რაც შეეხება შრომით უფლებებს, ამ ნაწილში გრძელდება შესწავლა, გამოთხოვილია ყველა დოკუმენტაცია", - აცხადებენ უწყებაში.
რესტორნის შესამოწმებლად შრომის ინსპექცია მისი მფლობელის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დაკავების შემდეგ შევიდა. "რეტრო", რომელიც "აჭარული ხაჭაპურით" არის ცნობილი, დილიდან არ გახსნილა.
პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.
დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ამავდროულად, ადვოკატი ლევან მახარაშვილი, რომელიც მიმტანის ცემისთვის დაკავებული თემურ ვარშანიძის ინტერესებს იცავს, რესტორან „რეტროს“ თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.