Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახაჭაპურე „რეტროს“ მფლობელის ადვოკატი რესტორნის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს


სახაჭაპურე "რეტრო" ბათუმში
სახაჭაპურე "რეტრო" ბათუმში

ადვოკატი ლევან მახარაშვილი, რომელიც მიმტანის ცემისთვის დაკავებული თემურ ვარშანიძის ინტერესებს იცავს, რესტორან „რეტროს“ თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ადვოკატის ვერსიით, სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს მომხდარი კონფლიქტის გაგრძელება რესტორნის გარეთ. მისი თქმით, ამის ამსახველი ვიდეომასალა თავად ვარშანიძეს აქვს და გამოძიებას უკვე მიაწოდა. ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზიანებებით საავადმყოფოშიც კი იმყოფებოდა, საიდანაც თავის ფეხით მივიდა პოლიციაში.

ეს ამბავი უნდა შეფასდეს ერთობლივად და არა იმ ფრაგმენტული ნაწყვეტით, რაც მოსახლეობამ იხილა. არსებობს სხვა ვიდეოები, სადაც ჩანს რადიკალურად სხვა სურათი, როგორ უსწორდება უმოწყალოდ ასაკოვან ადამიანს არაერთი თანამშრომელი. დაგდებულს სცემენ ხელებით და ფეხებით“, - ამბობს ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

კითხვაზე, რატომ არ მიმართა პოლიციას რესტორნის მეპატრონემ, ადვოკატი პასუხობს, რომ ვარშანიძე მივიდა კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, რა დროსაც დაიბარეს პოლიციაში და ნებაყოფლობით გამოცხადდა.

ადვოკატის მტკიცებით, სახაჭაპურე „რეტროს“ ბათუმის ფილიალში დასაქმებული იყო 34 თანამშრომელი, მათგან ორი რუსეთის, 32 კი საქართველოს მოქალაქეა.

ადვოკატის ვერსიით, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლები იღებენ ფიქსირებულ ანაზღაურებას ნამუშევარი დროის მიხედვით, ხოლო როცა რესტორნის სტუმრები მათ უტოვებენ დამატებით თანხას, ე.წ. „ჩაის“, ის ნაწილდება ყოველდღიურ ცვლაში, თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით.

„კონფლიქტის წინა დღეს ერთ-ერთ სტაჟიორ მიმტანს ამ „ჩაიდან“ გადაუნაწილეს 10 ლარი, რამაც სხვა თანამშრომლების წყენა გამოიწვია, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სტაჟიორს არ უნდა მიეღო ეს თანხა“, - ამბობს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

განსხვავებულ ვერსიას უყვება რადიო თავისუფლებას „რეტროს“ ყოფილი თანამშრომელი. თეონა შაინიძემ თქვა, რომ „რეტროს“ ანაზღაურების წესის მიხედვით, სტუმრების მიერ დატოვებულ „ჩაის“ სტაჟიორ მიმტანებს არ უნაწილებდნენ. კონფლიქტი კი იმან წარმოშვა, რომ რესტორნის მეპატრონის პერსონალური გადაწყვეტილებით, „ჩაი“ გაუნაწილეს მხოლოდ რუს სტაჟიორ მიმტანს და არ გადაუხადეს ქართველ სტაჟიორს, რასაც თანამშრომლების ნაწილმა უსამართლო უწოდა.

თეონა შაინიძე ამბობს, რომ რესტორან „რეტროში“ არა 2, არამედ 6 რუსულენოვანი თანამშრომელი მუშაობდა, თუმცა მათი მოქალაქეობა ზუსტად არ იცის.

ის კატეგორიულად უარყოფს თანამშრომლების მხრიდან რესტორნის მეპატრონეზე ფიზიკურ ძალადობას და აცხადებს, რომ თანამშრომლები გაშველებას ცდილობდნენ, როცა რესტორნის მეპატრონე თანამშრომელს სცემდა.

სახაჭაპურე „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე 4 ივნისს ღამით დააკავეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით. 4 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელებზეც ჩანს, რომ რესტორნის მფლობელი ფიზიკურად უსწორდება მიმტანს.

XS
SM
MD
LG