Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გათამამებული ბავშვების“ ტრიუმფი 


როდის ვნახავთ კანის ფესტივალის საკონკურსო ფილმებს?

როგორც ჩანს, ანდრე მალროს ცნობილი ციტატის პერიფრაზირება მოგვიწევს; „ოცდამეერთე საუკუნე ან ქალების იქნება, ან არ იქნება საერთოდ“. ამას ადატურებს კანის საერთაშორისო კინოფესტივალიც, რომელიც 27 მაისს ქალი რეჟისორების ტრიუმფით დასრულდა - „ოქროს პალმა“ მოიპოვა ჟიუსტინ ტრიემ, ქალმა, რომელსაც აქამდე არაფერი ღირებული არ შეუქმნია კინოში. მისი ახალი ფილმი „დაცემის ანატომია“ ფესტივალის ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ ფრანგი კრიტიკოსების ანკეტებში ლიდერობდა, თუმცა ფსიქოლოგიურმა დეტექტივმა მწერალ ქალზე, რომელსაც ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, აჯობა არა მარტო დიდი კლასიკოსების - კენ ლოუჩის, მარკო ბელოკიოს, ნანი მორეტის, აკი კაურისმიაკის, ვიმ ვენდერსის ახალ ნამუშევრებს, არამედ სწორედაც რომ ქალი რეჟისორების უკეთეს ფილმებს - ჯესიკა ჰაუზნერის „კლუბ ზეროს“ და ალიჩე რორვახერის „ქიმერას“. პირველს, ამბავს კერძო სკოლის მასწავლებელზე, რომელიც ოსტატური მანიპულაციის შედეგად თვითმკვლელთა სექტას ქმნის კლასში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა კრიტიკოსთა გამოკითხვებში, მეორე - იტალიელი რეჟისორის „მაგიური რეალიზმი“, ნეორეალიზმის აღორძინების ცდა და, ამავე დროს, სოციალური სატირა წარსულით ცხოვრების უპერსპექტივობაზე, ფესტივალის დახურვამდე, ბოლო დღეს უჩვენეს, როცა ყველა დაღლილია უგრძელესი ფილმებით (წელს კანის ფესტივალმა ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა) და, რაც მთავარია, ჟიურის, შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ უკვე ჰყავს თავისი ფავორიტები.

დიახ, ჟიური. მას შემდეგ, რაც ფესტივალის დირექციამ საკონკურსო პროგრამა გამოაქვეყნა, მერე კი ჟიურის წევრები გაგვაცნო, არსებითად ნათელი გახდა, როგორი კინო გაიმარჯვებდა წელს კანში. ფესტივალის დახურვის ცერემონიას თუ უყურეთ, შენიშნავდით ალბათ, როგორ აქტიურობდა პრიზების გამოცხადების პროცესში არა მარტო ჟიურის თავმჯდომარე, „პალმის“ ორგზის ლაურეატი რუბენ ოსტლუნდი (გაგახსენებთ, რომ „ოქროს პალმა“ არ ღირსებია არც ჰიჩკოკს, არც ჩაპლინს, არც ფასბინდერს, არც ალმოდოვარს), არამედ ფესტივალის შარშანწინდელი გამარჯვებული, ფრანგი რეჟისორი ჟულია დიუკურნო. 2022 წელს, ჯილდოს მიღების შემდეგ, „ტიტანის“ ავტორმა განაცხადა: „ეს მეორე „პალმაა“ კანის ფესტივალის ისტორიაში, რომელიც ქალს გადასცეს. გარწმუნებთ, ყველაფერი შეიცვლება - იქნება მესამეც, მეოთხეც...“

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტრიეს გამარჯვება არც „კვოტა“ იყო და არც „ენჯეო-კინო“, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს დღეს (მათ შორის ის, ვისაც „დაცემის ანატომია“ არ უნახავს). სხვა საქმეა, რომ „დაცემის ანატომია“ კლასიკური ჟანრული კინოს („სასამართლოს კინოს“) ვირტუოზული დეკონსტრუირებაა, რასაც ბოლო დროს მეტ-ნაკლები წარმატებით მიმართავენ სწორედაც რომ ქალი რეჟისორები. მწერალი ქალის თითქმის ორსაათიანი დაკითხვა აცოცხლებს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ოჯახი და პროფესიული აქტიურობა, სექსიზმი, ქსენოფობია, კულტურული სტერეოტიპები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავარი გმირი გერმანელია, ფრანგული ცუდად იცის - აღელვებულ ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებენ, ხშირად უჭირს გამონახოს ზუსტი სიტყვა თავის გასამართლებლად. სამართალი კი სიტყვებზე იგება და არა ჟესტსა და მზერაზე (კინოზე!)... სანდრა ჰულერმა ვირტუოზულად ითამაშა ეს როლი. ფესტივალის ბოლო დღემდე თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ გერმანელ მსახიობს „პალმით“ დააჯილდოებდნენ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მით უმეტეს, რომ ჰულერმა კანში კიდევ ერთ ფილმში გაგვაოცა - ბრიტანელი რეჟისორის ჯონათან გლეიზერის „ინტერესების ზონაში“, რომელიც ჟიურიმ ფესტივალის გრან-პრით აღნიშნა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჟიურის პრიზები აღარ ეყოფოდა მოწონებული ფილმებისთვის. ამიტომ საუკეთესოდ ცნო თურქი მსახიობი, მერვე დიზდარი („მშრალ ბალახზე“), რომელმაც ფესტივალის დასკვნით საღამოზე დაჩაგრულ თურქ ქალებს გამოუცხადა სოლიდარობა. მის სიტყვას უმალვე გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლება. ერდოანის მხარდამჭერებმა მსახიობს უწოდეს „დასავლეთის საცოდავი მონა“, რომელმაც პრიზის გამო „სამშობლო მიწასთან გაასწორა“. სერდარ ჯამმა, თურქეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ, მსახიობის გამოსვლა „ტერორისტების რიტორიკად“ მონათლა და ირიბად მოუწოდა ტელევიზიებს, მოეხსნათ ეთერიდან გადაცემები დიზდარის მონაწილეობით.

სხვათა შორის, სწორედ ფესტივალის მთავარი პრიზებით დაჯილდოებულმა ქალებმა გამოაცოცხლეს კანის ფესტივალის მოსაწყენი დასკვნითი სანახაობა (ისევე როგორც კატრინ დენევმა წლევანდელი კინოფორუმის გახსნის ცერემონია). ჟიუსტინ ტრიემ მხარი დაუჭირა საფრანგეთის პროფკავშირების ბრძოლას და ილაპარაკა ეროვნული კინოს კომერციალიზაციის მავნებლობაზე. ამან აღაშფოთა კულტურის მინისტრი რიმა აბდულ-მალაკი, რომელიც თავად ესწრებოდა ფესტივალის დახურვის ცერემონიას. მეტიც, „ოქროს პალმის“ ახალ ლაურეატს კანის მერმა დავიდ ლისნარმა თავის ტვიტერში, არც მეტი და არც ნაკლები, „გათამამებული ბავშვი“ უწოდა. მე პირადად ეს შეფასება ძალიანაც მენიშნა - რუბენ ოსტლუნდის ჟიურიმ დაუფარავად გამოხატა სიმპათია ისეთი კინოს მიმართ, რომელიც კლასიკური კინოს საბაზისო წესებს არღვევს. შესაძლებელია ამიტომაც მოხვდა გამარჯვებულებს შორის ერთი დიდი კლასიკოსი, მაგრამ გამოუსწორებელი მეამბოხე, აკი კაურისმიაკი. ფესტივალის მთავარი ფილმი, მისი „მკვდარი ფოთლები“, რომელიც, წესით, არც ესთეტიკურად, არც ადამიანის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, არ უნდა მოსწონებოდა კანის ფორუმის წლევანდელ ჟიურის, მართალია მხოლოდ მეორეხარისხოვანი „სპეციალური პრიზით“, მაგრამ მაინც აღინიშნა. კაურისმიაკის შედევრის იგნორირებას აუცილებლად მოჰყვებოდა ფესტივალის დადანაშაულება ტენდენციურობაში (2011 წელს რობერტ დე ნიროს, რომელიც აქ ჟიურის ხელმძღვანელობდა, თავის მართლება მოუხდა ფესტივალის დასკვნით პრესკონფერენციაზე, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა მიზეზით დაიწუნა ჟიურიმ კონკურსის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, კაურისმიაკის „ჰავრი“) და მეორეც - აკი კაურისმიაკის კინოს სამყაროში დღემდე აქვს სწორედაც რომ „გათამამებული“ თუ „გაუზრდელი ბავშვის“ იმიჯი. მე პირადად ვერ ვიხსენებ ვერცერთ რეჟისორს, რომელიც კანში პრიზის მისაღებად არ ჩამოსულა. ფინელმა გენიოსმა ამ მხრივაც არ უღალატა თავის თავს - რამდენიმესიტყვიანი სამადლობელი წერილი გამოაგზავნა და ოსტლუნდის ჟიურის ჯილდოს ასაღებად კანში აღარ დაბრუნდა.

და მაინც, ფილმის ბედს არც ფესტივალის ჟიური წყვეტს და არც ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტები. იგივე „ტიტანი“, რომელიც 2 წლის წინ ზოგიერთმა ფრანგმა კრიტიკოსმა ახალ სიტყვად მონათლა ფრანგული კინოს ისტორიაში, ჯერ მსოფლიო კინოგაქირავებაში ჩავარდა, შემდეგ კი ვერ მოხვდა „ოსკარის“ ნახევარფინალშიც კი, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ფილმის ბედს რამდენიმე ადამიანის გემოვნება არ განსაზღვრავს. წარმატებას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. არ არის გამორიცხული, კანის წლევანდელ ფესტივალზე დამარცხებულებმა შური იძიონ ოსტლუნდის ჟიურიზე მათი ფილმების მსოფლიო პრემიერების შემდეგ. მე პირადად ძალიან მინდა, რომ ეს ფილმები - მარკო ბელოკიოს „მოტაცებული“, ჯესიკა ჰაუზნერის „კლუბი ზერო“, ალიჩე რორვახერის „ქიმერა“ და განსაკუთრებით ჩინელი დოკუმენტალისტის, ვან ბინის „ახალგაზრდობა“ დარჩეს კინოს ისტორიაში. ნიშანდობლივია, რომ კანის პროგრამებში ჩართული ფილმების მსოფლიო პრემიერების უმრავლესობა წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ტრადიციულად ასეა, ზაფხულში დიდი კინოხელოვნება ისვენებს ხოლმე.

აკი კაურისმიაკის „მკვდარი ფოთლები“ - მსოფლიო პრემიერა სექტემბერში გაიმართება

ვიმ ვენდერსის „შესანიშნავი დღეები“ - მსოფლიო პრემიერა დეკემბერში


ნური ჯეილანის „მშრალ ბალახზე“ - მსოფლიო პრემიერა ივლისში

მარკო ბელოკიოს „მოტაცებული“ - იტალიაში უკვე გამოვიდა ეკრანებზე, საერთაშიორისო პრემიერა კინოთეატრებში შემოდგომაზეა დაგეგმილი

ტრან ან ჰუნგის „დოდენ ბუფანის ვნებები“ (წლევანდელი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმი, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ) - ფრანგული პრემიერა ნოემბერში, მსოფლიო პრემიერა - დეკემბერში.

ჯონათან გლეიზერის „ინტერესების ზონა“ - პრემიერის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება

ჯესიკა ჰაუზნერის „კლუბი ზერო“ - პრემიერის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება

ტოდ ჰეინსის „მაისი, დეკემბერი“ - მსოფლიო პრემიერა სექტემბერში

ნანი მორეტის „მომავლის შუქი“ - ფილმი უკვე გადის იტალიის კინოთეატრებში. მსოფლიო პრემიერა სექტემბერში

კატრინ ბრიას „უკანასკნელი ზაფხული“ - პრემიერის თარიღი გამოცხადებული არ არის

ალიჩე რორვახერის „ქიმერა“ - პრემიერის თარიღი გამოცხადებული არ არის

ვეს ანდერსონის „ასტეროიდების ქალაქი“ - მსოფლიო პრემიერა (მათ შორის საქართველოში) 22 ივნისს

ჰიროკაძუ კორეედას „ურჩხული“ (აღინიშნა პრიზით საუკეთესო სცენარისთვის) - ეროვნული პრემიერა უკვე მოეწყო. მსოფლიო ეკრანებზე ფილმს სექტემბერში უჩვენებენ

კენ ლოუჩის „ძველი მუხა“ - ევროპული პრემიერა 29 სექტემბერს

დაბოლოს, გამარჯვებული ფილმი. ჟიუსტინ ტრიეს „დაცემის ანატომია“ - ეროვნული პრემიერა 23 აგვისტოს, მსოფლიო პრემიერა - სექტემბერში

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG