უკრაინელი მფრინავებისთვის ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლებით ფრენის სწავლება ნატოს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ, განაცხადა 23 მაისს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება... ჩვენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში ვეხმარებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. „ეს ნატოსა და ნატოელ მოკავშირეებს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ“.
გუშინ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტში ნატოს როლის საკითხს დააყენებს.
„უკრაინაში F-16-ის ექსპლუატაციის ინფრასტრუქტურა არ მოიპოვება და არც პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის საჭირო რაოდენობაა. რა მოხდება, თუ ამერიკული გამანადგურებლები აფრინდებიან უცხოელი ‘მოხალისეების’ მიერ კონტროლირებადი ნატოს აეროდრომებიდან?“ - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა, დაწერა საელჩოს ტელეგრამის არხზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის F-16 გამანადგურებლები. როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა კვირას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას F-16-ებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
როგორც შენიშნავენ, თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს - უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი - დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები - უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.