Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან იღებს


2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე არსებითად გაზარდა თავისი თავდაცვისუნარიანობა. 8 წლის განმავლობაში ალიანსმა ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი დააარსა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.

ნატომ გააფართოვა საჰაერო პატრულირების შესაძლებლობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა სამხედრო ალიანსმა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ხშირად არღვევენ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების ორგანიზაცია კვლავ ინარჩუნებს თავისი ქარტიის მეხუთე მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. ორგანიზაციის გაძლიერებაში კი ნატოს წევრი ყველა ქვეყანა გაიღებს საჭირო რესურსებს.

უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ პარტნიორის სტატუსი აქვს 2008 წლის შემდეგ, როცა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიღების თხოვნით მიმართა.

იმას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, ადასტურებს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოც და უკრაინაც სამხედრო ალიანსის წევრები იქნებიან.

ახლა კი რუსეთი ცდილობს მიიღოს გარანტია, რომ ეს არასდროს მოხდება და ნატო უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანებაზე უარს იტყვის. მოსკოვი მოითხოვს, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ იზიარებენ კრემლის პოზიციას.

იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 130 000-ზე მეტი სამხედროს მობილიზება მოახდინა და ზრდის შეიარაღებას, ნატოს წევრი ქვეყნები კიევს დახმარებას უწევენ.

პარალელურად, აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, შექმნილი რთული ვითარება დიპლომატიური გზებით გადაჭრან. თუმცა არჩევანი კრემლზეა.

როგორ უჭერს მხარს ნატო და ევროკავშირი უკრაინას:

ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად, 2014 წლიდან მოყოლებული გასცემს ფინანსურ დახმარებას. 2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს 1.35 მილიარდ ამერიკულ დოლარს (1.2 მილიარდი ევრო), რათა შექმნილ ვითარებას გაუმკლავდეს.

კანადა

უკრაინა დახმარებას მიიღებს კანადისგანაც. ოტავამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიევს დაუყოვნებლივ გაუწიოს 340 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარება.

აშშ

აშშ-მა უკრაინას ბოლო კვირების განმავლობაში 700 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია. ბოლო 8 წლის განმავლობაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა გერმანიიდან პოლონეთში 2 000 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა. რუმინეთში კი - 1 000 სამხედრო მოსამსახურე და შეიარაღება. მოსალოდნელია, რომ პოლონეთში დამატებით 3 000 ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება, განცხადება ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს გააკეთა.

დანია

დანიამ ლატვიაში ნატოს ხანგრძლივი მისიის ფარგლებში ოთხი F16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაგზავნა.

ლატვია, ლიეტუვა

ლატვია და ლიეტუვა უკრაინაში გზავნიან საზენიტო რაკეტებს. მათი ნაწილი კიევმა უკვე მიიღო. ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას ამერიკულ შეიარაღებას ვაშინგტონის თანხმობით აძლევენ.

ნიდერლანდი

ნიდერლანდი ბულგარეთში გზავნის ორ F 35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. პარალელურად, რეგიონში გზავნის სამხედრო გემსაც, რათა ხელი შეუწყოს ნატოს საჰაერო საჭიროებებს რეგიონში.

ესპანეთი

ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაში აქტიურად არის ჩართული ესპანეთიც. მადრიდმა უკვე გაგზავნა ბულგარეთში სამხედრო გემი, უახლოეს პერიოდში კი გეგმავს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას.

ესტონეთი

ესტონეთი უკრაინას ვაშინგტონის თანხმობით აწვდის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, „ჯაველინებს”.

თურქეთი

თურქეთმა უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო დრონები გაგზავნა.

დიდი ბრიტანეთი

უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის დიდი ბრიტანეთიც. უკრაინის ჯარისთვის გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გააგზავნა ტანსკსაწინააღმდეგო ჭურვები.

გერმანია

გერმანია საველე ჰოსპიტალს გზავნის ესტონეთში, ხოლო ლიეტუვაში 350 სამხედროს განათავსებს.

პოლონეთი

პოლონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო იარაღს და თვითმფრინავებს გადასცემს.

ჩეხეთი

ჩეხეთმა კიევს საარტილერიო ჭურვები გადასცა.

რას ამბობენ ევროპელები რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოლოდინი, რომ კონფლიქტი უკრაინაში ევროპული სახელმწიფოების ერთობას კითხვის ქვეშ დააყენებდა, 2022 წლის იანვარში ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ ევროპა ერთიანია. ევროპაში მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სერიოზულ გავლენას იქონიებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკა თუ მიგრაცია.

რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ვინ უნდა დაიცვას უკრაინა?

ECFR-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ პოლონელების გარდა ყველა ქვეყანაში ფიქრობენ, რომ უკრაინის დაცვას ყველაზე მეტად ნატო შეძლებს.

რას ამბობენ რუსები

„ლევადა ცენტრის“ მიერ 2021 წლის აპრილში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუს ახალგაზრდებში ომის მცირე ენთუზიაზმი არსებობს. სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში ომში ბრძოლა ყველაზე პოპულარულია ხანდაზმულ ჯგუფებში. ეს შეხედულება გაცილებით ნაკლებად პოპულარულია ახალგაზრდა ჯგუფებში.

რას ფიქრობენ უკრაინელები

ბევრი უკრაინელი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე მათ ქვეყანას ასუსტებს და ამისთვის კრემლი საბჭოთა ტაქტიკას მიმართავს, რაც ეკონომიკის დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობებს, ცილისწამების კამპანიებს, ტერორსა და კიბერშეტევებს მოიცავს.

მაშინ როცა დასავლეთში ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში ომისთვის მზად არის, კრემლში აცხადებენ, რომ ეს „პანიკაა“ და რუსეთი ომის დაწყებას არ გეგმავს.

XS
SM
MD
LG