ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებამ, მიაწოდონ უკრაინას შეტევითი შეიარაღება, მოსკოვში აგრესიის მორიგი ტალღა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ პირდაპირ დაადანაშაულა დასავლეთი „რუსეთსა და რუს ხალხთან“ დაპირისპირების ახალ დონეზე გადაყვანაში, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი მხოლოდ ვერბალური აგრესიით არ შემოიფარგლება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთმა მოახერხა დონეცკის ოლქის ქალაქების, უგლედარისა და პავლოვკის გარშემო შეტევების კოორდინირება; ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) კი ვარაუდობს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური შეტევისთვის, რომელიც, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, არც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალებისათვის იქნება მოულოდნელი სიახლე. მეტიც, პოდოლიაკის თქმით, უკრაინა თვითონ აპირებს იერიშზე გადასვლას, როცა შესაბამისი კლიმატური და ლოგისტიკური პირობები იქნება.
კიევი Leopard-ებისა და Abrams-ების მოლოდინშია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში უკვე გაგზავნა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Bradley-ს პირველი პარტია. ზაფხულისთვის კიევი ასევე ელოდება დიდი ბრიტანეთის მიერ დაპირებულ Challenger 2 ტანკებს, უკრაინის მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები ავიაგამანადგურებლებსა და საარტილერიო ჭურვებსაც მიაწვდიან.
ანალიტიკური ჯგუფების ვარაუდით, უკრაინისათვის გაწეული მზარდი დახმარების ფონზე, პუტინი გეგმავს ახალი მასშტაბური შეტევის წამოწყებას და ინიციატივის ხელში აღებას, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა ფრონტის ხაზი არსებითად არ შეცვლილა. შესაბამისად, ერთია გეგმები და სულ სხვა - შესაძლებლობები.
რა შეუძლია მოსკოვს? - ამ კითხვის პასუხად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ მოსკოვი შეეცდება გააძლიეროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა დამატებით მობილიზებული ქვედანაყოფების მეშვეობით. პოდოლიაკის თქმით, სულ რუსეთის განკარგულებაშია სამი სახის რესურსი:
- ფრთოსანი რაკეტების დარჩენილი მარაგები და ირანული დრონები. „გვესმის, რომ მოსკოვი ვერც ერთ რეალურ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ მაინც განაგრძობს ზიანის მიყენებას პრინციპით „შურს ვძიობთ რაღაცისთვის“.
- დამატებითი საარტილერიო რეზერვების ჩართვა. „პირველ რიგში საუბარია 152 მმ და 122 მმ კალიბრის ჭურვებსა და უკრაინის პოზიციების დაბომბვის გაძლიერებაზე. უკრაინის პოზიციები ყოველდღიურად 1000-1200 ინტენსივობით იბომბება. „ასე იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში“.
- ომში ჩაბმული ადამიანების რაოდენობის გაზრდა დაუნანებლად, მათი სხეულებით უკრაინის მოწინავე პოზიციების ამოვსება.
რუსეთი მართლაც განაგრძობს უკრაინის ქალაქების სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, მობილიზებულთა ახალ-ახალი პარტიების ფრონტზე გაგზავნას და წინ წაწევას სოლედარის დაკავებით. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინამ ინიციატივა დათმო რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებისა და წინსვლის შემდეგ.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ხანგრძლივი ომის ტაქტიკა მოითხოვს დანაკარგების მინიმიზაციას და, შესაბამისად, ეფექტიანი კონტრშეტევისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას.
„ამიტომ არასწორია ინიციატივის დათმობა-არდათმობაზე ყურადღების გამახვილება. ეს არ არის ომი ერთი ქალაქისთვის. ეს არის დიდი ინტენსივობის ომი. ფრონტის ხაზის სიგრძე 1300 კილომეტრია და, რა თქმა უნდა, უაზრობაა ომის იმ სახით წარმოება, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. რუსეთი ომობს რაოდენობით, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ძალით, რომელსაც ყოველდღიურად კარგავს დღეში 500 და მეტი ადამიანის ოდენობით. პირობითად რომ ვთქვათ, ასეთია 500 მეტრით წინ წაწევის საფასური. დღეს არ არსებობს ქალაქი სოლედარი, იგი მთლიანადაა განადგურებული. ასევეა განადგურებული დასახლებები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსული არმია იმყოფება“, - ამბობს პოდოლიაკი, რომლის თქმითაც, უკრაინის გენერალური შტაბი აქტიურად აფასებს ყველა რისკს, - „უკრაინისთვის ტაქტიკურად მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონში მტრის ცოცხალი ძალის მაქსიმალური გამოფიტვა და განადგურება. არ ვიტყოდი, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ემზადება შეტევისთვის. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ პროპაგანდისტულად თქვან: „დღეს არა, მაგრამ ხვალ იქნება ...“ სინამდვილეში, მათ უკვე ჩაყარეს ბრძოლაში თითქმის მთელი თავისი რეზერვი, მთელი ძალები, განსაკუთრებით ვერ გათვალეს დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებები. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ინიციატივის ხელში აღება, რაიმე შედეგის ჩვენება, მაგრამ 11 თვის განმავლობაში ომობდე და ფენომენალურ მიღწევად მიიჩნევდე დანგრეული სოლედარის ნაწილის დაკავებას, პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც კი უცნაურია“.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის გენერალური შტაბის ტაქტიკა და სტრატეგია სრულიად განსხვავებულია. უკრაინა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები, სათანადოდ გამართოს მომარაგება და ლოგისტიკა, რადგან ლოგისტიკის გარეშე ომში გამარჯვება წარმოუდგენელია:
„ვცდილობთ სათანადოდ მოვემზადოთ ეფექტიანი კონტრშეტევისთვის, რათა შემდეგ განვიხილოთ არა კილომეტრიანი სამხედრო მოქმედებები, როგორც ახლა ხდება ბახმუტის მიმართულებით, არამედ სრულფასოვანი გათავისუფლება, მსგავსად ხარკოვის, ხერსონისა და სხვა ოლქებისა“.
დასავლური ტანკები - მხოლო ფისქოლოგიური ფაქტორი?
რუსეთის პროპაგანდა, ერთი მხრივ, თავს ესხმის დასავლეთს უკრაინისათვის გაწეული დახმარების გამო, მეორე მხრივ კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკრაინისათვის გადაცემული ტანკები (Challenger, Leopard, Leclerc, Abrams) ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ.
„ცხადია, ეს ასე არ არის, - ამბობს პოდოლიაკი, - ევროპის სატანკო კოალიციის მთლიანი პაკეტი გულისხმობს 300-ზე მეტი ტანკის გამოგზავნას და უკრაინას ნამდვილად სჭირდება 300-500 ტანკი, რათა ჩამოაყალიბოს დამრტყმელი, მოიერიშე სატანკო ბრიგადები. მათი ფორმირება დაკავშირებულია წვრთნის, ლოგისტიკისა და სარემონტო ინფრასტრუქტურის გამართვის საკითხებთან, რომლებიც ახლა ინტენსიურად განიხილება. ანუ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ტანკების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, „ლეოპარდების“ და „აბრამსების“ მიღებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლიზმი. ევროპა ამით აჩვენებს, რომ ფაქტობრივად, ტაბუ აღარ არსებობს. დიახ, კვლავ იქნება დისკუსია შორი მანძილის რაკეტებზე, ავიაციაზე და ა.შ. - ყველაფერ ამაზე დისკუსია იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, ტაბუ მოხსნილია. შოლცმაც და სტოლტენბერგმაც თქვეს: „ჩვენ მივხვდით, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ რუსეთის ტაქტიკური დამარცხებით შეიძლება დასრულდეს“. რუსეთს მოუწევს დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია, რისთვისაც უკრაინას ყველა ინსტრუმენტი დასჭირდება“.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამ „ინსტრუმენტების“ მიღება არავითარ შემთხვევაში არ გააფართოებს კონფლიქტს, როგორც ამას რუსული ოფიციალური პროპაგანდა ამტკიცებს. პირიქით, მოახდენს კონფლიქტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოკალიზებას და იქვე დასრულებას.
"ვიდრე ტერიტორია ოკუპირებულია, ომია"
სენატში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ „მიესალმება სანქციების შემსუბუქებას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გადაწყვეტს სერიოზული მოლაპარაკებების წარმოებას და თავისი ძალების გაყვანას უკრაინიდან, მათ შორის, ადრე ანექსირებული ტერიტორიებიდან“. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამერიკელი დიპლომატის ეს განცხადება სრულ ჰარმონიაშია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციასთან:
„ზელენსკი გარკვევით ამბობს, იმასთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, რომელიც 2014 წელს იქნა მიტაცებული. გასაგებია, რომ საზღვარზე გავჩერდებოდით, ანუ, შესაბამისად, საჭირო იქნება ომის შედეგების, როგორც ასეთის დაფიქსირება... და კიდევ, ნულანდმა ასევე წარმოთქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. მან თქვა, რომ ზაფხულისთვის მზად იქნება იურიდიული პროცედურა სახელწოდებით „სპეციალური ტრიბუნალი“, რომლის ამოქმედებაზეც მთელი მსოფლიო თანამეგობრობა იზრუნებს. სწორედ ამ ტრიბუნალზე მოხვდებიან ომის რუსი ავტორები. ასე რომ, ქალბატონ ნულანდს და ე.ი. აშშ-ის ოფიციალურ პირებს, აბსოლუტურად მკაფიო და უკრაინის ხელისუფლებასთან კორეგირებული პოზიცია აქვთ. პირველი ეტაპი - ყველა რუსული ჯარის სავალდებულო და უპირობო გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის, ყირიმიდან და დონბასიდან. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ვიდრე ტერიტორია ოკუპირებულია, ომია“.
რუსეთი და გაჭიანურებული ომის მითი
სამხედრო ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრონტის სტაბილიზაცია, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელსაც, რესურსებიდან გამომდინარე, შეუძლია აწარმოოს ხანგრძლივი, გამომფიტავი ომი, ნელ-ნელა გაიმყაროს პოზიციები და შემდეგ სარფიანად ივაჭროს.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ფრონტის ხაზის სტაბილურობას მარტივი ახსნა აქვს.
„დიდი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის არმიას მოუწია ლოგისტიკური მხარდაჭერის ფრონტის ხაზთან მიტანა, საჭირო გახდა პარტნიორებთან მუშაობა დამატებითი იარაღის, მათ შორის, ტანკებისა და შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე. რუსეთიც დაკავებული იყო თავისი რეზერვების თავმოყრით ფრონტის ხაზთან. ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულია რუსეთის არმიის 100-ზე მეტი დიდი საწყობი, მათ შორის სტრატეგიულიც, სადაც ინახება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რომლებიც აუცილებელია ინტენსიური ცეცხლის წარმოებისთვის. ვიდრე წინ წავიწევთ, უნდა მოვაგვაროთ არმიის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის საკითხი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ჯავშანტექნიკის დანაკარგები“, - ამბობს პოდოლიაკი, რომლის თქმითაც, ომის ლოგიკა მოითხოვს დროდადრო ოპერატიულ-ტაქტიკური პაუზების აღებას, თუმცა, მისივე თქმით, ძნელია პაუზა უწოდო იმას, რაც ახლა ხდება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში, სადაც ბრძოლების ინტენსივობა უკიდურესად მაღალია.
„არ მგონია, რომ რუსეთს აქვს დიდი რესურსი გაჭიანურებული ომის წარმოებისთვის. პუტინი ნამდვილად არ იტყოდა უარს კონფლიქტის გაყინვასა და შემდეგ ჯარის განახლებაზე, მობილიზებულების გაწვევაზე, ჭურვების წარმოების შესაძლებლობის გამონახვაზე, მარაგების შევსებაზე, ტაქტიკასა და სტრატეგიაში ცვლილებების შეტანაზე და შემდეგ უკეთესი პოზიციიდან საკუთარი პირობების კარნახის დაწყებაზე, მაგრამ ვინ დაუშვებს ამას? ყველამ კარგად იცის, რომ კონფლიქტის გახანგრძლივება დაანგრევს უკრაინასაც და ევროპასაც, დაანგრევს უკრაინისა და ევროპის მორალურობას. ამიტომ, როგორც კი შეიცვლება კლიმატური ფაქტორები, დავიძვრებით, მაგრამ მთავარი კლიმატიც კი არ არის. მთავარია, პირველ რიგში, წინსვლისთვის საჭირო რესურსების დაგროვება“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.