Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა კონფლიქტში ნატოს როლის საკითხს დააყენებს


უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტში ნატოს როლის საკითხს დააყენებს, განაცხადა 22 მაისს რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის F-16 გამანადგურებლები. როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა კვირას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას F-16-ებს.

„უკრაინაში F-16-ის ექსპლუატაციის ინფრასტრუქტურა არ მოიპოვება და არც პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის საჭირო რაოდენობაა. რა მოხდება, თუ ამერიკული გამანადგურებლები აფრინდებიან უცხოელი ‘მოხალისეების’ მიერ კონტროლირებადი ნატოს აეროდრომებიდან?“ - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა, დაწერა საელჩოს ტელეგრამის არხზე.

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.

როგორც შენიშნავენ, თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს - უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი - დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები - უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.

XS
SM
MD
LG