Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ბელგოროდის ოლქში დივერსანტები განადგურდნენ


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა (მარჯვნივ)
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა (მარჯვნივ)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დივერსანტები, რომლებიც ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ, „დაბლოკილი და დამარცხებული“ არიან.

უწყება იტყობინება, რომ მოკლულია 70 „უკრაინელი ნაციონალისტი“, რომლებიც გუშინ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

„ნაციონალისტების ნაშთები განიდევნენ უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც გაგრძელდა მათ წინააღმდეგ ცეცხლი მათ სრულ განადგურებამდე. განადგურდა 70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი, ოთხი დაჯავშნილი საბრძოლო მანქანა და ხუთი პიკაპი“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ეს თავდაცვის სამინისტროს პირველი განცხადებაა იმის შესახებ, რაც მოხდა ბელგოროდის რაიონში, სადაც გუშინდელს მერე ბრძოლები მიმდინარეობდა.

რუსეთის ხელისუფლებას მეორე დღეა "კონტრტერორისტული ოპერაციის" ზონად აქვს გამოცხადებული უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი. დილით, რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გრაივორონსკის რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს მიმართა, სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, რადგან კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. გლადკოვის განცხადებით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად განაგრძობს ტერიტორიის გაწმენდას“.

გუბერნატორის მიერ შუადღის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში დაიცხრილა ბელგოროდის ოლქის 20-მდე დასახლებული პუნქტი, დაიჭრა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა 29 სახლი და 3 ავტომობილი. გლადკოვის ცნობით, ევაკუაცია განხორციელდა 9 დასახლებული პუნქტიდან.

უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. კიევი უარყოფს ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან უკრაინის თავდაცვის ძალების კავშირს.

ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ 22 მაისს განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს" ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რათა რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.

XS
SM
MD
LG