Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის რეიდი და რუსეთი უკრაინის დიდი კონტრშეტევის მოლოდინში


საილუსტრაციო ფოტო: საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედება ბელგოროდის ცაზე
საილუსტრაციო ფოტო: საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედება ბელგოროდის ცაზე

თავდაპირველი დუმილის შემდეგ, 22 მაისს კრემლი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უკრაინელი სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფი მართლაც აღმოჩნდა რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ტერიტორიაზე.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, დივერსიული აქტის მიზნად ბახმუტის მიმართულებიდან „ყურადღების გადატანა“ და უკრაინის მიერ ბახმუტის დაკარგვით განცდილი „პოლიტიკური ეფექტის მინიმიზება“ დაასახელა.

უკრაინაში კი ამბობენ, რომ მათ მხარეზე მებრძოლი ორი ქვედანაყოფის: ლეგიონის „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მორიგი რეიდი რუსეთის სიღრმეში მთლიანად აშიშვლებს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ აგებული ეშელონირებული თავდაცვითი ხაზის ნამდვილ არსს.

„როდესაც რუსეთის მოხალისეთა კორპუსი გადაადგილდებოდა ბელგოროდის ოლქის ფარგლებში, მათ გადალახეს ანალოგიური თავდაცვის ხაზები, ანალოგიური ბეტონის ბოძკინტები, რომლებსაც ასევე უწოდებენ „ურჩხულის კბილებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამხედრო მიმომხილველმა ოლექსანდრ კოვალენკომ.

ექსპერტს მხედველობაში აქვს „ბი-ბი-სის“ მიერ მოპოვებული და გაანალიზებული ასობით სატელიტური ფოტო, რომელზეც სამხრეთ უკრაინის ვეებერთელა ტერიტორიაზე უკრაინის არმიის მოსალოდნელი კონტრიერიშის შესაჩერებლად აგებული სატანკო, საარტილერიო და ქვეითსაწინააღმდეგო ტრანშეები და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებია გამოსახული.

„დროა, ბოლო მოვუღოთ კრემლის დიქტატურას“

22 მაისის დილიდან ტელეგრამის არხებით გავრცელდა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და ლეგიონის „თავისუფლება რუსეთს“ ვიდეომიმართვები, რომელშიც უკრაინის მხარეზე მებრძოლი ეს დანაყოფები ამტკიცებენ, რომ გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და გაათავისუფლეს ბელგოროდის ოლქის დასახლებული პუნქტი კოზინკა და ასევე შევიდნენ საზღვრისპირა ქალაქ გრაივორონში.

„რუსეთის მცხოვრებნო! ჩვენ ისეთივე რუსები ვართ, როგორც თქვენ. ჩვენ მხოლოდ ის გამოგვარჩევს, რომ აღარ გვინდოდა გაგვემართლებინა ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების მოქმედება და ხელში ავიღეთ იარაღი, რათა დაგვეცვა ჩვენი და თქვენი თავისუფლება. მაგრამ დღეს დადგა დრო, რომ ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე. დროა, ბოლო მოვუღოთ კრემლის დიქტატურას“, - ნათქვამია ლეგიონ „თავისუფლება რუსეთის“ მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი მოხალისეები რუსეთის ტერიტორიის შიგნით აწყობენ დივერსიულ-სადაზვერვო რეიდებს.

2 მარტს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განაცხადა, რომ ბრიანსკის რაიონის სოფელში ბრძოლით შევიდა. რუსული მედია და ტელეგრამის არხები მაშინ იუწყებოდნენ უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონის ორ სოფელში, ლიუბეჩანსა და სუშანიში, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის შესვლისა და იქ მიმდინარე ბრძოლის შესახებ.

სოციალურ ქსელებში კი გამოქვეყნდა ბრიანსკის რაიონის სოფელ ლიუბეჩანში ადგილობრივი ფოსტისა და სამედიცინო-სამეანო განყოფილების ფონზე ამ პარტიზანული დაჯგუფების სავარაუდო მებრძოლების ვიდეომიმართვა. ისინი აცხადებდნენ, რომ არიან "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლები, რომლებმაც გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი, რათა "გაათავისუფლონ თავიანთი მშობლიური მიწა".

„მაშ ასე, მეგობრებო, აღსრულდა! რუსეთის მოხალისეთა კორპუსი გადავიდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. მტკიცებულება პირდაპირ ჩემ ზურგს უკანაა. ჩვენ არ ვებრძვით სამოქალაქოებს, არ ვხოცავთ უიარაღოებს. იქონიეთ ეს მხედველობაში. ახლა მოვიდა დრო, რომ რუსეთის ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეიგნონ, რომ ისინი არ არიან მონები! აჯანყდით! იბრძოლეთ“, - მოუწოდებდა რუსულ ენაზე მოსახლეობას ვიდეოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი შეიარაღებული პირი.

მოგვიანებით გამოითქვა ვარაუდი, რომ ის უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი დენის ნიკიტინი უნდა იყოს.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ (რმკ), სავარაუდოდ, რუსი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული საბრძოლო ერთეულია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში შედის და მიზნად ისახავს რუსეთის გათავისუფლებას პუტინის რეჟიმისგან.

მაგრამ განსხვავებულია ოფიციალური კიევის შეფასება: უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბელგოროდში მომხდარ შეტაკებას ამჯერადაც „შიდარუსული კონფლიქტი“ უწოდეს.

როგორც რუსი ბლოგერები და უკრაინული მედია წერდა, რმკ-ის რეიდმა ბრიანსკში მოთმინებიდან გამოიყვანა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც „ტერორისტები“ უწოდა „უკრაინის მოხალისეთა კორპუსს“ და პირობა დადო, რომ მას ბოლოს მოუღებდა.

მაგრამ, როგორც 22 მაისს ბელგოროდში განვითარებულმა მოვლენამ ცხადყო, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსიც“ და რუსეთის მიერ ასევე ტერორისტულად შერაცხილი ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ ცოცხლები არიან, იოლად გადალახეს რუსეთის მიერ აგებული ე.წ. ეშელონირებული თავდაცვის ხაზი და საკმაოდ იოლად აღმოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

„როგორც დავინახეთ, ამ [თავდაცვითმა ნაგებობებმა] აბსოლუტურად ვერ დააბრკოლა მათი წინსვლა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, პირველ ყოვლისა, თუ ასეთი [თავდაცვითი] საშუალებები სწორად იქნება გამოყენებული, მათ მოაქვთ გარკვეული სარგებლობა. მაგრამ თანამედროვე ომში და ამა თუ იმ საომარი მოქმედებისას ომის თანამედროვე სტრატეგიისა და ტაქტიკის გამოყენების დროს, ისინი აბსოლუტურად მოკლებულია აზრს. და დღევანდელმა დღემ, სხვათა შორის, ეს ცხადად დაადასტურა. მთელი ის საფორტიფიკაციო ნაგებობები და თავდაცვითი ხაზი, რომლებსაც ასე ინტენსიურად აგებდნენ რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ ასევე თავიანთ ტერიტორიაზე, - ეს უფრო მეტად მათთვის იყო შესაძლებლობა, რეალიზება მოეხდინათ მთელი რიგი კორუფციული სქემებისა, ვიდრე უზრუნველეყოთ ამა თუ იმ ლოკაციის უსაფრთხოება“, - ამბობს სამხედრო მიმომხილველი ოლექსანდრ კოვალენკო.

ასეთი კორუფციული სქემის შესახებ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებისა და ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ საგამოძიებო პროექტი, „სისტემა“ დაინტერესდა და საინტერესო პრეცედენტსაც მიაგნო.

როგორც გაირკვა, მოსკოვში დარეგისტრირებულმა კომპანია "აბზ ბელი რასტმა" (АБЗ Белый Раст) შრომითი მიგრანტები ჩაიყვანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ტრანშეის გასათხრელად.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამქირავებელმა მათ ფული ბოლომდე აღარ გადაუხადა. ხოლო როცა მოტყუებულმა მიგრანტებმა სამართლის აღდგენა კანონიერი გზით სცადეს, პოლიციამ თავად მომჩივნები დააკავა.

„ურჩხულის კბილებითა“ და ტრანშეებით გადასერილი უკრაინის მიწა

რუსეთის არმია და საოკუპაციო ხელისუფლება გასული წლის შემოდგომიდან ემზადებიან თავდაცვისთვის დაპყრობილ ტერიტორიებზე. სატელიტიდან გადაღებული ფოტოების თანახმად, დამცავი ტრანშეები გადაჭიმულია პრაქტიკულად მთელი შეპირისპირების ზოლზე - ხერსონიდან ვიდრე კლინცოვომდე.

ამჯერად ეს ინფორმაცია შეავსო „ბი-ბი-სის“ მიერ შესწავლილმა ახალმა სატელიტურმა ფოტომასალამ, რომელზეც კარგად ჩანს, თუ რა გულმოდგინედ ამზადებს რუსეთის საოკუპაციაო არმია უკრაინის კონტრშეტევისგან თავის დასაცავად სამხრეთ უკრაინასა და ანექსირებულ ყირიმს.

„ბი-ბი-სის“ ფოტოგალერეაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ერთი ადგილი: ეს არის ხერსონსა და მარიუპოლს შორის მდებარე საკვანძო ქალაქი ტოკმაკი, რომლის დასავლეთით მდებარე მთავარი E105 გზის გასწვრივ 22 მილზეა (35 კილომეტრი) გადაჭიმული თავდაცვითი ხაზი. იგი წარმოადგენს ფართო ტრანშეის, ტანკსაწინააღმდეგო მასიური ბეტონის ბოძკინტების, ე.წ. ურჩხულის კბილებისა და ერთმანეთთან დაკავშირებული საინჟინრო-საფორტიფიკაციო ნაგებობების კომპლექსს, რომელმაც უკრაინის არმიის მოსალოდნელი კონტრიერიშის შემთხვევაში რუსეთის არმიის ლოგისტიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ტოკმაკის დაცვა უნდა უზრუნველყოს.

„ტოკმაკი წარმოადგენს ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კვანძს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მელიტოპოლსა და ბერდიანსკთან; მასზე გადის და ბერდიანსკს პირდაპირ უკავშირდება ასევე ენერგოდარიდან და ვასილევკიდან მომავალი გზა. ანუ, ფაქტობრივად, ეს არის ძირითადი კვანძი, რომლის კონტროლიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსი ოკუპანტებისთვის, მისი მოწინავე ძალების საწვავ-საპოხი მასალებით, საბრძოლო საშუალებებითა და ტყვია-წამლით უზრუნველყოფისათვის. ტოკმაკის გავლით ხდება ასევე საბრძოლო ქვედანაყოფების გადასროლაც და სხვა მრავალი. ფაქტობრივად, ისინი ზაპოროჟიეს ოლქში მთავარ ყურადღებას უთმობენ სწორედ ძირითად სამკუთხედს: ვასილევკა-ტოკმაკ-მელიტოპოლს. იგი რუსეთისთვის წარმოადგენს მთავარ სტრატეგიულ, შემაკავებელ სამკუთხედს. თუ დაიკარგება ტოკმაკი და დაიკარგება ვასილევკა, ფაქტობრივად ჩამოიშლება დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს მთელი თავდაცვა. და მთელი მისი ეს ნანგრევები ჩაიყოლებს დროებით ოკუპირებული სამხრეთის მთელ თავდაცვით ხაზს. გარდა ამისა, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმს მოწყდეს ხერსონის მარცხენა სანაპირო, რითაც ხერსონის დაჯგუფებას მოეჭრება უკანდასახევი გზა და შესაძლოა აღმოჩნდეს ალყაში“, - ასე განმარტავს ქალაქ ტოკმაკის დიდ მნიშვნელობას ოლექსანდრ კოვალენკო.

სხვათა შორის, სწორედ უკრაინის სამხრეთს - ზაპოროჟიესა და, შესაძლოა, ხერსონის ოლქებს მიიჩნევს მრავალი ექსპერტი უკრაინის დიდი კონტრიერიშის ერთ-ერთ სავარაუდო მიმართულებად.

გასული წლის ბოლოს, უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, გააკეთეს განცხადებები, რომ უკრაინის კონტრიერიში აპრილ-მაისში შეიძლება დაიწყოს.

მაგრამ მარტის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის გამოცემა Yomiuri Shimbun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ კონტრიერიშის დაწყება. „უკრაინა თავის მამაც დამცველებს კონტრიერიშზე ვერ გაგზავნის საკმარისი რაოდენობის შეიარაღების გარეშე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG