"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განაცხადა, რომ ბრიანსკის რაიონის სოფელში ბრძოლით შევიდა. რუსული მედია და ტელეგრამის არხები ასევე იუწყებიან უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონის ორ სოფელში, ლიუბეჩანსა და სუშანიში, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის შესვლისა და იქ მიმდინარე ბრძოლის შესახებ.
სოციალურ ქსელებში დღეს გამოჩნდა ბრიანსკის რაიონის სოფელ ლიუბეჩანში ადგილობრივი ფოსტისა და სამედიცინო-სამეანო განყოფილების ფონზე გადაღებული ვიდეო. მასში ჩანან კამუფლირებულ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები. ისინი აცხადებენ, რომ არიან "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლები, რომლებმაც გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი, რათა "გაათავისუფლონ თავიანთი მშობლიური მიწა." ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეზე ებრძვიან ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, სავარაუდოდ, რუსი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული საბრძოლო ერთეულია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში შედის. უკრაინული გამოცემა Babel-ის თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ერთ-ერთი სამხედრო უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი დენის ნიკიტინია.
„ბაბელის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ბრიანსკის რეგიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია „როსსია 24-თან" ინტერვიუში დაადასტურა ბრიანსკის რაიონში „ტერორისტების თავდასხმის“ ფაქტი და დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია მათი განადგურების მიზნით.