Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვმა "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლში განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქში განვითარებული მოვლენები „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით. პესკოვის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „უკრაინელი ბოევიკები“ განაგრძობენ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას, რასაც პასუხად დიდი ძალისხმევა სჭირდება.

პესკოვის განცხადებით, „ეს ძალისხმევა გრძელდება და გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაციაც“, რათა მომავალში რუსეთმა აღარ დაუშვას თავის ტერიტორიაზე „შეღწევა“.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვას „დივერსანტების ეთნიკური კუთვნილების“ შესახებ, პუტინის პრესმდივანმა უპასუხა, რომ უკრაინაში ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირები, რომლებმაც ბელგოროდის ოლქში შეაღწიეს, არიან „უკრაინელი ბოევიკები“ და მათ კონკრეტულ ვინაობას რუსეთის შესაბამისი უწყებები დაადგენენ.

პესკოვის ინფორმაციით, ბელგოროდში შექმნილი სიტუაციის გამო პრეზიდენტი პუტინი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას არ აპირებს.

რუსეთის ხელისუფლებას მეორე დღეა "კონტრტერორისტული ოპერაციის" ზონად აქვს გამოცხადებული უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი. დილით, რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გრაივორონსკის რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს მიმართა, სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, რადგან კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. გლადკოვის განცხადებით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად განაგრძობს ტერიტორიის გაწმენდას“.

გუბერნატორის მიერ შუადღის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში დაიცხრილა ბელგოროდის ოლქის 20-მდე დასახლებული პუნქტი, დაიჭრა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა 29 სახლი და 3 ავტომობილი. გლადკოვის ცნობით, ევაკუაცია განხორციელდა 9 დასახლებული პუნქტიდან.

უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. კიევი უარყოფს ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან უკრაინის თავდაცვის ძალების კავშირს.

  • ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ 22 მაისს განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს" ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
  • უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რათა რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.
XS
SM
MD
LG