Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ გრძელდება "კონტრტერორისტული ოპერაცია"


რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორია. 2023 წლის 22 მაისი
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორია. 2023 წლის 22 მაისი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გრაივორონსკის რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს მიმართა, სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, რადგან „კონტრტერორისტული ოპერაცია“ არ დასრულებულა. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის მიერ დღეს დილით, ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად განაგრძობს ტერიტორიის გაწმენდას“.

გუბერნატორის თანახმად, ევაკუაციისას გარდაიცვალა ქალი, რომლის სიკვდილის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. გლადკოვის ცნობით, დასახლებულ პუნქტებში, სადაც „მოწინააღმდეგე შევიდა“, დაჭრილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს.

  • გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ 22 მაისს განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს" ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
  • 22 მაისს, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რათა რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.

გასულ ღამით, რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ბელგოროდშიც, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაში. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

XS
SM
MD
LG