დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, დიდი ალბათობით, 19-22 მაისის პერიოდში რუსეთის ძალების და პარტიზანების შეტაკებები მოხდა უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის სულ მცირე სამ ადგილას. პარტიზანების ვინაობა დადასტურებული არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, პასუხისმგებლობა აიღეს რუსეთის მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გრაივორონის მახლობლად.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ სასაზღვრო რეგიონებში რუსეთი სულ უფრო სერიოზულ საფრთხეებს აწყდება, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რკინიგზაზე აფეთქებებს და სხვა მსგავს ინციდენტებს პარტიზანთა ქმედებებიც დაემატა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში მომხდარ ინციდენტებს გამოიყენებს მხარდასაჭერად ოფიციალური ვერსიის, რომ ის „ომის მსხვერპლია“.
- 22 მაისს, რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გრაივორონსკის რაიონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო, რადგან იქ შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს.
- უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს" ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
- 22 მაისს, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რათა რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.
დღეს დილით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გრაივორონსკის რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს მიმართა, სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, რადგან „კონტრტერორისტული ოპერაცია“ არ დასრულებულა. გლადკოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად განაგრძობს ტერიტორიის გაწმენდას“.