Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან ბერიძის 83 წელი


რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე

გარდაიცვალა მათემატიკოსი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე.

„კონსერვატორიის პირველ კურსზე იყო მერაბი, როდესაც მოულოდნელად მოგვიყვანა ერთი გამხდარი, ლამაზი გოგონა და გვითხრა: ეს ჩემი ცოლიაო“, - ასე იხსენებდა მერაბ კოსტავას დედა ოლია დემურია რუსიკოს გაცნობას.

რუსუდან ბერიძე ოზურგეთში, რეპრესირებულების ოჯახში დაიბადა. 1961 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ამავე წელს შეეძინა შვილიც, ირაკლი.

„ძალიან ცოცხალი, თამამი გოგო იყო, ლამაზი გოგო. მერაბიც ლამაზი ბიჭი იყო და შეხვდნენ ერთმანეთს. ვიცოდი, რომ რუსიკომ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, ოქროს მედალზე დაამთავრა უნივერსიტეტი, ნიჭიერი იყო და დატოვეს ასპირანტურაში, მერე დისერტაცია დაიცვა“, - იხსენებს ზურაბ შაუთიძე, მერაბ კოსტავას მეზობელი და მეგობარი.

რუსუდან ბერიძემ დროთა განმავლობაში 20 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა - მისი კვლევის თემა კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის თეორია იყო. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოსწავლეებსაც ამზადებდა.

მისი და მერაბ კოსტავას ურთიერთობა საკმაოდ რთული გამოდგა, გაშორდნენ, შერიგდნენ, ისევ გაშორდნენ, ისევ შერიგდნენ, ისევ გაშორდნენ. ბოლო, მესამე ქორწინება ფაქტობრივად ფორმალური იყო. მაშინ კოსტავა და გამსახურდია ციხეში ისხდნენ. მერაბის მონახულებისა და პატრონობის საშუალება რომ ჰქონოდა, რუსუდანმა ხელის მოწერა შესთავაზა. ხელი 1978 წლის 24 ივნისს მოაწერეს... სუკის საგამოძიებო ნაწილის უფროსის კაბინეტში.

2019 წელს რუსუდან ბერიძემ ეროვნულ არქივს გადასცა თავისი და მერაბ კოსტავას მიმოწერა, ციხეში გაგზავნილი ბარათები, ციხიდან გამოგზავნილი. წერილების გამოფენაზე რუსუდანმა რადიო თავისუფლებასთან მერაბზეც ისაუბრა:

ძალიან მოკრძალებული იყო, მე ასეთი კეთილშობილი ადამიანი არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობრები და ნაცნობები მყავდა. არასდროს არავიზე ცუდს არ იტყოდა... თუმცა ჩვენ კი ძალიან მძიმე ურთიერთობა გვქონდა. ორივე დედისერთები ვიყავით. მე მეგონა, ბევრ რამეს ვუთმენდი, მაგრამ შემდეგ უკვე დაღვინებულებმა რომ ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სახეზე მეწერა. მერაბიც საკმაოდ ტემპერამენტიანი იყო და თან ძალიან ეჭვიანი, თუმცა წყენა მალე გადაუვლიდა ხოლმე“.

ირაკლი

მერაბსა და რუსუდანს ერთადერთი შვილი ჰყავდათ - 24 წლის ირაკლი კოსტავა, პროფესიით მათემატიკოსი, მოწოდებით - უფრო პოეტი.

„ირაკლი ჩემს თვალწინ გაიზარდა, ძალიან თბილი, ბუნჩულა ბავშვი იყო. ლექსები იცოდა ზეპირად. მერაბს ძალიან უხაროდა, ეზოში, ბაღში მოიყვანდა ხოლმე და არსენას ლექსს ათქმევინებდა თავიდან ბოლომდე. ნიჭიერი ბავშვი იყო, დამჯერი. არ მახსოვს, მერაბი გაჯავრებოდეს, ძმაკაცებივით იყვნენ“, - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.

რუსუდან ბერიძე და ირაკლი კოსტავა
რუსუდან ბერიძე და ირაკლი კოსტავა

1985 წლის 2 თებერვალს კოტეტიშვილების ოჯახში დაბადების დღეს იხდიდნენ. ბევრი სტუმარი ჰყავდათ. ირაკლიც იქ იყო. შინ გვიან დაბრუნდა და სახლში შესვლამდე ცოტა ხანი მეზობლებთან იჯდა.

„ვილაპარაკეთ, ირაკლიმ, ხვალ დედაჩემი უნდა ჩამოვიდეს, რაღაცები ჩამოიტანოსო, მახარაძეში იყო. ბიჭებს უნდა დავურეკო, გამოვიდნენო. მეგობრებს ელოდებოდა, რომ დილით „პახმელიაზე გამოსულიყო“. სადღაც 11 საათზე დავიშალეთ და ირაკლი შევიდა სახლში.

ღამე დამირეკა ოლიკომ. ის დღეები ოლიკო ძალიან ცუდად იყო, იწვა. მგონი, გრიპი ჰქონდა. ზურიკო, მიშველე, ირაკლიმ თავი ჩამოიხრჩოო. მეგონა, უცებ გონება აერია სიცხისგან-მეთქი, მაგრამ როდესაც სახლში შევედი... ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ირაკლი ამას გააკეთებდა - იმ საღამოს დედამისს და მეგობრებს ელოდებოდა დილისთვის“, - ამბობს ზურაბ შაუთიძე.

„ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც მოგიხდათ“ - ეს ერთ-ერთი კითხვაა ტელეკომპანია „მაესტროს“ პროგრამიდან „60 კითხვა“, რომელიც წლების წინ რუსუდან ბერიძეს დაუსვეს.

„როდესაც ყველაზე დიდი უბედურება შემემთხვა, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვეს, ძალიან გამიჭირდა დაცარიელებულ სამყაროში ჩემი ადგილის პოვნა და ის, რომ ცოცხალი მკვდარს არ დავმსგავსებოდი“, - უპასუხა მან.

ეროვნული მოძრაობის შემდეგ

გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მერაბ კოსტავა ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. დაიწყო მასობრივი გამოსვლები, რასაც ჯერ 9 აპრილი, შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობა მოჰყვა. თუმცა, მერაბი ამ დღეს არ მოსწრებია, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

რუსუდან ბერიძე მერაბ კოსტავას წლისთავზე
რუსუდან ბერიძე მერაბ კოსტავას წლისთავზე

1991 წლის აპრილში ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე თვეში საზოგადოება გამსახურდიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაიყო. რუსუდან ბერიძე მოწინააღმდეგეებში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა და ხალხმა ახალი, მესამე მოწვევის პარლამენტი აირჩია - დეპუტატად იყარა კენჭი.

ზვიად გამსახურდია და რუსუდან ბერიძე
ზვიად გამსახურდია და რუსუდან ბერიძე

1992-1995 წლებში რუსუდან ბერიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და პლენარული სხდომები მიჰყავდა. 1997-2003 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გახდა. ის ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმებას უჭერდა მხარს. ეს კანონი 1997 წლის 11 ნოემბერს გააუქმეს.

ელდარ შენგელაია, რუსუდან ბერიძე, ვახტანგ გოგუაძე, ვახტანგ რჩეულიშვილი - საქართველოს პარლამენტში.
ელდარ შენგელაია, რუსუდან ბერიძე, ვახტანგ გოგუაძე, ვახტანგ რჩეულიშვილი - საქართველოს პარლამენტში.

რუსუდან ბერიძე პოლიტიკას 2004 წლიდან ჩამოშორდა. ცხოვრობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტალში. მიუხედავად ასაკისა (83 წელი), ჯანმრთელობას არ უჩიოდა. ახლობლები სისტემატურად მოიკითხავდნენ ხოლმე. 17 მაისს მეზობელმა სავარძელში, ჩართული ტელევიზორის წინ დატოვა. დილით იქვე დახვდა - გარდაცვლილი.

„რას შეცვლიდით თქვენი ცხოვრებიდან, ეს რომ შესაძლებელი იყოს?“ - ესეც მორიგი კითხვაა „მაესტროს“ ეთერიდან.

„არაფერს, რაც იყო, ჩემი ბედისწერა იყო და მე ჩემი წარსული მიყვარს“.

რუსუდან ბერიძეს 20 მაისს, ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG