Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემო მერაბ“ - წერილები რუსუდან ბერიძის არქივიდან


მერაბ კოსტავა და რუსუდან ბერიძე
მერაბ კოსტავა და რუსუდან ბერიძე

26 მაისს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნულ არქივში მისი წერილები და ფოტოები გამოიფინა, მათ შორის ბევრი პირველად. მასალები არქივს მერაბ კოსტავას მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა. ეს ძირითადად ციმბირიდან გამოგზავნილი და ციმბირში გაგზავნილი წერილებია, იმ დროინდელი, როცა დისიდენტს 10 წელი ჰქონდა მისჯილი.

„ჩემო რუსუდან! თავს მოუარე, შენი ჩამოსვლა არაა აუცილებელი, წერილები კი ხშირად გამოგზავნე და ამბები შემატყობინე, არ დაგეზაროს. თავს მოუარე, იცოდე, ჩემი ნუ გედარდება. მე არაფერი მიშავს, მომენატრე კი ძალიან, მაგრამ შენს კარგად ყოფნას არაფერი მირჩევნია“. (მერაბ კოსტავა)

რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე

„ძალიან მოკრძალებული იყო, მე ასეთი კეთილშობილი ადამიანი არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობრები და ნაცნობები მყავდა. არასდროს არავიზე ცუდს არ იტყოდა... თუმცა ჩვენ კი ძალიან მძიმე ურთიერთობა გვქონდა. ორივე დედისერთები ვიყავით. მე მეგონა, ბევრ რამეს ვუთმენდი, მაგრამ შემდეგ უკვე დაღვინებულებმა რომ ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სახეზე მეწერა. მერაბიც საკმაოდ ტემპერამენტიანი იყო და თან ძალიან ეჭვიანი, თუმცა წყენა მალე გადაუვლიდა ხოლმე“, - ამბობს რუსუდან ბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

გადასახლებაში მონახულების შემდეგ პირველი წერილების პირველი აბზაცები მგზავრობას ეხებოდა. უკან დაბრუნება აღარ გაგვჭირვებიაო, სწერს რუსუდანი მერაბს, თუმცა იმავე აბზაცში ირკვევა, რომ სახლში ჩასვლამდე ორი თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი და ცხენიანი მარხილი გამოიცვალეს.

ამ გზის გავლა ამანათებსაც „უჭირდათ“. ერთგან მერაბის დედა, ოლღა დემურია, შვილს სწერს, თუ ჩირი და ყველი შელანძღული ჩამოგივიდა, მდუღარე გადაავლე და ისე ჭამეო. ხანდახან წერილებიც იკარგებოდა გზაში.

„უკვე თებერვალი დაიწყო და იანვრის არც ერთი თქვენი წერილი არ მიმიღია. როგორა ხართ, ხალხნო? საწერ-კალამი და ქაღალდი შემოგელიათ, წერა დაგავიწყდათ, თუ რა ჯანდაბა და ოხრობა ვიფიქრო კიდევ?“ (მერაბ კოსტავა)

„დღეს ბედნიერი დღე მქონდა. საფოსტო ყუთი გავაღე და შენი წერილი დამხვდა. ძალიან ვინერვიულე, რომ დააგვიანდა. რა არ წარმოვიდგინე: ავად ხარ, მაღალი სიცხე გაქვს, საავადმყოფოში ხარ გადაყვანილი და კიდევ, რა ვიცი...

ჩვენ, მერაბ, კარგად ვართ. ძალიან გვენატრები ყველას, თუმცა, მე მგონი, მე მაინც ყველაზე ძალიან მენატრები... ჩემო მერაბ, დარდებს ჩვენთან რა უნდა. ეს დრო ხომ მალე გაივლის და ისევ ერთად ვიქნებით. მე მგონი, უკვე აღარასდროს აღარ ვიჩხუბებთ (მე რა „მოჩხუბარი“ ვიყავი, ხომ გახსოვს). ოღონდ შენ დაბრუნდი და თბილისის ქუჩებში გავლილი დაგინახო, გეფიცები, ერთ „სკანდალს“ აღარ მოგიწყობ“. (რუსუდან ბერიძე)

სანამ კოსტავა ციხეში იჯდა, მის მეუღლეს პერმანენტულად იბარებდნენ, იქნებ, როგორმე მოინანიოსო. ერთმა ისიც კი უთხრა, სულ ერთი წინადადება დაწეროს, არავის არ წავაკითხებ, მაგიდის შუშის ქვეშ ჩავდებო.

თავად ოჯახის წევრებს მერაბთან სხვა მოთხოვნა ჰქონდათ, წერილებში ერთხელ მაინც დაიწუწუნეო. ის არც ინანიებდა და არც წუწუნებდა: „რაც არ მჩვევია, როგორ გავაკეთო?... ადიდებული ენგური ჯერ წუწუნით არავის გადაულახავს“.

„მერაბს ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა. ყველა შაირი ზეპირად იცოდა. გვთხოვდა, ანეკდოტები მომწერეთ ხოლმეო. მე არა და ირაკლი სწერდა ან, რომ ჩადიოდა, უყვებოდა... ლექსებს ის უკეთესად კითხულობდა, მე უფრო მეტი ლექსი ვიცოდი. გამოწერილი მქონდა მისთვის ჟურნალები და ვუგზავნიდი... ჭლექით რომ დაავადდა, 48 კილო იყო. გაიხედეს, მოდის ტომრით და ამ ტომარაში რა აქვს? „ცისკარი“ და სხვა ჟურნალები... არც ერთ ეტაპზე არ შერყევია რწმენა. ამიტომ მეცოდება, რომ ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას“, - ამბობს რუსუდან ბერიძე.

„ჩემო რუსუდან, წერილი დავაგვიანე, რადგან ვერ მოგისწრებდა თბილისში.

თუ ძალიან გინდა, იმ შემთხვევაში ჩამოვალო - საკითხი რატომ დასვი ასე? შენი ჩამოსვლა რომ ყოველთვის ძალიან მინდა, ამას განა კითხვა უნდა?

როგორ დაისვენეთ, ჯანზე ხომ ხართ კარგად? მე არა მიშავს. ზაფხული ძალზე წვიმიანი იყო. მდინარეში მაინც თითქმის ყოველდღე ვბანაობდი. ახლა ცოტათი აცივდა. კოღო და მუმლი მოისრა, მაგრამ ისე შემაჩვიეს თავი, რომ უმაგათოდ ახლა ცოტა არ იყოს მიჭირს. ახლა ალბათ ტალახის პერიოდი წავა, მერე კი ოთახში სისუფთავე მაინც იქნება“. (მერაბ კოსტავა)

წლები გადის და თბილისიდან გამოგზავნილ წერილებშიც ხან ზამთარია, ხან გაზაფხული. ხან კარგად არიან, ხან რომელიმე ერთი ავადმყოფობს. შვილი, ირაკლი, იშვიათად იწერება. ის უფრო დედისა და ბებიის წერილებში ჩანს: ერთგან ირაკლიმ ლექციის გაცდენისთვის საყვედური მიიღო, მეორეგან უნივერსიტეტი კარგად დაამთავრა. კიდევ სხვაგან სამზარეულოში ბილიარდი მოაწყო და ამის გამო მდგმური გაექცათ... 1985 წლის ზამთარში მერაბს წერილის ნაცვლად დეპეშა მისდის: ირაკლი დაიღუპა. დეპეშაში დეტალები არ ეწერა. ირაკლიმ თავი მოიკლა, დილით ოლიკომ იპოვა ჩამომხრჩვალი.

„ორთვიანი შიმშილობის შემდეგ კარცერიდან ამოიყვანეს. უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა და ისევ უკან ჩაიყვანეს. როგორი გადასატანია? მე მარტო მაინც არ ვიყავი... მისი პირველი წერილი მძიმე იყო. ირაკლის ამტყუნებდა, ეს რატომ ჩაიდინაო. მე ასე არ მითქვამს, რადგან, პირველ რიგში, თავის თავს დაუშავა... ამას ვერ გადახარშავ. მეუბნებოდნენ, რომ ხშირად ღამის სამ საათზე ადიოდა ირაკლის საფლავზე და იქ იჯდა.

მერაბს მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბავშვური ღიმილი... გულიანი სიცილი იცოდა - მანაც და ირაკლიმაც. ირაკლი ძალიან გულწრფელი იყო და გარეგნულადაც ჰგავდა. ქუჩაში აჩერებდნენ ხოლმე და ეკითხებოდნენ, მერაბ კოსტავას შვილი ხომ არ ხარო. მაშინ უკვე იცოდნენ მერაბი. პატარა რაღაც შეიძლებოდა გახარებოდა. ერთხელ ლენინგრადიდან დამირეკა, თეთრი ხელთათმანები გიყიდეო.

ირაკლისთვის 16 წლამდე დიდი ავტორიტეტი ვიყავი. სასაცილო იყო. მერაბს რომ შეეკითხებოდა რამეს მუსიკაზე ან რელიგიაზე, რაც მერაბმა ჩემზე კარგად იცოდა, მერე ჩემთან მოვიდოდა ხოლმე“, - ამბობს რუსუდან ბერიძე.

„ჩემო მერაბ, დღეს ახალი წელია. 1 იანვრის დილა. ახალ წელს შენთან საუბრით ვიწყებ. კი მირჩევნოდა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, დილა გათენებულიყო და შენ დამენახე გვერდით, მაგრამ რას იზამ“... (რუსუდან ბერიძე)

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG