Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ თქვენი, როგორც ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, თქვენს საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია - ლორა თორნტონი


ლორა თორნტონი, "NDI საქართველოს" ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი
ლორა თორნტონი, "NDI საქართველოს" ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი

"NDI საქართველოს" ყოფილი ხელმძღვანელი, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ლორა თორნტონი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა "მადლობას" ჰგავს, ხოლო "თუ ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, [საქართველოს] საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია".

ამის შესახებ მან თბილისში, "რონდელის ფონდის" უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლება ძალიან მკაფიოდ იყო წარმოდგენილი, როგორც "მადლობა". მადლობა რისთვის? მადლობა საქართველოს მთავრობას მისი ქცევისთვის. და თუ თქვენი, როგორც ხელისუფლების, ქცევა კრემლს ახარებს, თქვენს საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია. ეს ასევე ძალიან მკაფიო გზავნილია ევროპისა და აშშ-სადმი, რომ ინტერესი, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, რადგან ევროპელებმა გააუქმეს ფრენები მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებს შორის, ეს მათ ძვირად უჯდებათ, მაგრამ ეს გააკეთეს, რადგან არიან ამ ოჯახის წევრები და უკრაინის დასაცავად საერთო ძალისხმევაში იღებენ მონაწილეობას", - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მანვე დაამატა, რომ საჭიროა სიტყვები და ქმედებები თანმიმდევრული იყოს: "როცა ხელისუფლება ამბობს, რომ მათ სურთ ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია, მათივე ქმედებებში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიიღება მხედველობაში, როდესაც საქმე მიდგება ევროკავშირის სტატუსის მინიჭებასა და NATO-ში ინტეგრაციაზე გადაწყვეტილების მიღებაზე.

ასევე, მთავრობის ქცევა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ქცევასთან. კანდიდატის სტატუსი მიენიჭება თუ არა საქართველოს, საჭიროა ცხადი გახდეს, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვის კეთდება და არა საქართველოს მთავრობისთვის. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG