Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ყურადღებით დააკვირდება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კვლავ ყურადღებით დააკვირდებიან სიტუაციას, რომელიც უკავშირდება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას.

16 მაისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ვედანტ პატელს ჰკითხეს, უქმნის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება საფრთხეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. პატელის განცხადებით, მან რამდენიმე დღის წინაც თქვა, რომ პირდაპირი ავიარეისები მზარდი შეშფოთების საგანია არა მხოლოდ შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან სანქციების ქვეშ მყოფ თვითმფრინავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო რუსეთისგან დისტანცირებულია, მასთან ურთიერთობების გაფართოების დრო არ არის.

ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომ ავიამიმოსვლა უკვე 19 მაისიდან განახლდება და მოსალოდნელია თუ არა სანქციები, ვედანტ პატელმა უპასუხა, რომ შეშფოთება მკაფიოდ გამოხატეს და მკაფიოდ განაცხადეს ისიც, რომ რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. ამიტომ, პატელის თქმით, სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, აქვს თუ არა რაიმე გზავნილი საქართველოში აქციების მონაწილეებისადმი, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აპროტესტებენ. პატელმა უპასუხა, რომ უკვე ნათქვამს ვერაფერს დაამატებს.

  • 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • 15 მაისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისების კვირაში შვიდჯერ შესრულების ნებართვა მისცა რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტს". მან პირველი რეისი 19 მაისს უნდა შეასრულოს.
  • 20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და, რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.

ოპოზიციის წარმომადგენელთა თანახმად, რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი", რომელსაც საქართველომ ავიარეისების შესრულების უფლება მისცა, უკრაინის მიერაა სანქცირებული. 19 მაისს, რუსეთიდან პირველი ავიარეისის შესრულების დღეს, თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

16 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "სპეკულანტები" უწოდა მათ, ვინც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლით "აჟიოტაჟის შექმნას" ცდილობს.

XS
SM
MD
LG