„ცირკი“ (სსრკ. 1936, რეჟისორი გრიგორი ალექსანდროვი)
იუტუბზე შემთხვევით აღმოვაჩინე საბჭოთა ფილმი ინგლისური სუბტიტრებით, გრიგორი ალექსანდროვის „ცირკი“. მაშინვე გამიელვა აზრმა, რომ პუტინის ახალი განკარგულების (სავიზო რეჟიმის გაუქმების) და საქართველოში საგრძნობი ანტიამერიკული კამპანიის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული ფილმის, სტალინური კინოს ბესტსელერის ნახვა საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ „ცირკის“ პრემიერიდან თითქმის 90 წელი გავიდა, ალექსანდროვის ფილმი იდეალურად ზუსტად ასახავს რუსულ-საბჭოთა რეჟიმის ბუნებას, იმ რეჟიმისა, რომელიც ბოლო დროს აგრესიულად ცდილობს საქართველოში დამკვიდრებას.
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ფილმის გადაღების თარიღს. „ცირკის“ პრემიერა“ დაემთხვა სტალინური რეპრესიების ხანას. მით უფრო შემზარავია ტექსტი ისააკ დუნაევსკის სიმღერისა, რომელიც ფილმის ფინალში გაისმის: „მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ასე თავისუფლად სუნთქავს ადამიანი“. ეს მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ადამიანებზე ნადირობა, მათი დახვრეტა და ციმბირში გადასახლება დაიწყო. მოგვიანებით ფილმის ტიტრებიდან არაერთი კინემატოგრაფისტის გვარი ამოიღეს, მათი, ვინც ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტობაში“ ამხილა. თუმცა ვერ მოახერხეს ცალკეული სცენების ამოღება ამ ადამიანების მონაწილეობით. სახელგანთქმულ ეპიზოდში, რომელშიც პუბლიკას ხელიდან ხელში გადაჰყავს შავკანიანი ბიჭუნა, ამერიკელი ქალის, მარიონ დიქსონის „უკანონო შვილი“ და იავნანას უმღერის რუსი, უკრაინელი, ჩუქჩა, ქართველი (ვლადიმერ კანდელაკი), ჩნდებიან მსახიობები, რომლებიც სტალინურ რეპრესიებს შეეწირნენ. მაგალითად, სოლომონ მიხოელსი - ხელისუფლების მიერ დევნილი „ებრაელი ნაციონალისტი“. „შობეთ რამდენიც გენებოთ - შობეთ შავები, თეთრები, წითლები, თუ გინდათ ცისფრები შობეთ“, - ამბობს ამ სიმღერით აღფრთოვანებული საბჭოთა ცირკის ადმინისტრატორი, მერე კი აყოლებს - „საბჭოთა კავშირში ბავშვები უყვართ“.
დასავლეთში რომ ბავშვები არ უყვართ და ეროვნულ უმცირესობებს დევნიან, მაყურებელი ამას ფილმის მსვლელობის დროს იგებს. მას შემდეგ, რაც მარიონ დიქსონი, ალექსანდროვის მეუღლის, ლიუბოვ ორლოვას შესრულებით (მას „რუსი მარლენ დიტრიხი“ შეარქვეს) ამერიკიდან გაქცევას მოახერხებს, ეკრანზე ჩნდება გლობუსი, რომელზედაც პლანეტა ორადაა გაყოფილი - შავად აღნიშნულია შეერთებული შტატები, მეორე მხარეს, ღიად დატოვებულია საბჭოთა კავშირი. ამის შემდეგ იწყება შავისა და თეთრის კონტრასტის გათამაშება. გერმანელი ანტრეპრენიორი კნაიშიცი არენაზე შავ მანტიაშია გამოწყობილი. ლიუბოვ ორლოვას გმირი თავდაპირველად შავგვრემანია და არენაზე შავი პარიკით გამოდის. მაგრამ კომუნისტური შუქით მონათვლის შემდეგ (საბჭოთა ატრაქციონს „სტრატოსფეროზე გაფრენა“ ჰქვია) ქერა ქალის სახით გვევლინება. სახელგანთქმული კადრი, როცა მარიონი ჯერ სანახევროდ მოიშორებს პარიკს, თან შავგვრემანია და თანაც ქერა, იმ გლობუსს ჰგავს, ფილმის დასაწყისში რომ გამოჩნდება. ბურჟუაზიული „ატრაქციონი მთვარეზე“ იცვლება „ატრაქციონით მზისკენ“. იქ, დასავლეთში ღამეა, აქ - სინათლე და თვალისმომჭრელი შუქი მეფობს. იქაურ ატრაქციონში მრგვალი ფორმები ჭარბობდა. აქ - გეომეტრია, სწორი ხაზები. „საბჭოთა ატრაქციონი“, თავისი უზარმაზარი ზარბაზნით, მამაკაცური პოტენციის, სიძლიერის განსახიერებაა. შემდეგ კი, როცა ატრაქციონი სრულდება, უკვე გარდაქმნილი, კომუნიზმით მონათლული, „დაპყრობილი“ ამერიკელი ქალი მარიონ დიქსონი საშვიდნოემბრო აღლუმზე გამოჩნდება წითელ მოედანზე, სადაც ლენინის და სტალინის პორტრეტებია გამოფენილი.
ალექსანდროვი იგონებს, რომ „ცირკის“ ფინალის შემყურე სტალინი სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა. წამოდგა და ტაშის დაკვრა დაიწყო. კინემატოგრაფის მაშინდელი იდეოლოგი შუმიაცკი წერდა: „ამ ფილმის ნახვის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების უამრავი პროგრესული ხელოვანი თავშესაფარს მოგვთხოვს“.
2 წლის შემდეგ შუმიაცკის დააპატიმრებენ და დახვრეტენ. „პროგრესულ ხელოვანებს“ კი საბჭოთა კავშირში თავშესაფარი არ მოუთხოვიათ. დასავლეთში შეამჩნიეს, რომ ქერათმიანი ინჟინერი მარტინოვი, რომელიც ამერიკელ ქალს შეუყვარდება, საოცრად ჰგავდა არიელი ახალგაზრდა კაცის იმ ტიპს, რომელსაც ნაცისტები ამკვიდრებდნენ. მართალია ფილმში „იავნანას“ მღეროდნენ სხვადასხვა ნაციონალობის საბჭოთა ადამიანები, კოსმოსის დამპყრობლის, ამ ახალი „სინთეტიკური ადამიანის“ როლში მაინც არიელი-რუსი ვიხილეთ.
გრიგორი ალექსანდროვმა და ლიუბოვ ორლოვამ პირნათლად შეასრულეს კრემლის დავალება. ტერორის წლებში შეიქმნა სტალინური რეჟიმის პათეტიკურ-ოპტიმისტური ფასადი. ფაქტობრივად ეს იყო სტალინური კონსტიტუციის ეკრანიზაცია (კონსტიტუცია სწორედ „ცირკის“ პრემიერის დროს მიიღეს). „ცირკი“ მთელ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ საბჭოთა სისტემა უფრო პროგრესულია, ვიდრე რასიზმის ვირუსით მოცული დასავლეთი. დუნაევსკის მუსიკასა და ლებედევ-კუმაჩის ტექსტზე დაწერილ სიმღერას „უსაზღვრო და გაშლილია ჩემი ქვეყანა“, საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ დღემდე მღეროდნენ და მოსკოვის რადიოს მოსახმობ ნიშნად იყენებდნენ.
2023 წლის 9 მაისს ეს სიმღერა რუსეთის ქალაქებში ისევ ისმოდა.
ისააკ დუნაევსკი 1955 წელს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით გულის შეტევით. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ კომპოზიტორმა თავი მოიკლა.