Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელი „LGBT+ პროპაგანდისთვის" - „ალტ-ინფოს" კანონპროექტი პარლამენტში განხილვას ელის


2021 წლის 5 ივლისი. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრას ცდილობენ.
2021 წლის 5 ივლისი. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრას ცდილობენ.

ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" წამყვანების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტის განხილვის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირაა მითითებული (4 მაისი - საკომიტეტო მოსმენა; 5 მაისი - პლენარულ სხდომაზე განხილვა).

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოს, კონსტანტინე მორგოშიას) მიერ მომზადებული დოკუმენტი, რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივად 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით 2022 წლის დეკემბერში დაარეგისტრირეს, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში დაშვებული პროცედურული ხარვეზი გამოასწორეს.

საკანონმდებლო ინიციატივა სამ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება.

კანონპროექტში ვკითხულობთ:

1. „აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.

2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას“.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების თანახმად კი კანონის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - დაჯარიმდება 5000 ლარით ან 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგადად, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეა.

კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევებისთვის კი „სისხლის სამართლის კოდექსში“ გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელთა თანახმად, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისთვის“ სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც კი აღწევს.

პარლამენტის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა კანონპროექტთა პაკეტზე დადებითი დასკვნა მოამზადა და ფორმალურად, მიზანშეწონილად მიიჩნია კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყება.

„ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ 2 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია, „ქართული ოცნება” პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომელთა მიღებასაც ითხოვენ.

2 მაისს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის მოთხოვნები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ „უცნობის" აქციაზე მოისმინა. ერთ-ერთი საკითხად ინჯიამ „LGBT+ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა დაასახელა.

ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ["უცნობი"], აქციის შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „მაგალითად, კანონი ცილისწამებაზე, მოდი, შევეკითხოთ ხალხს - უნდათ თუ არ უნდათ... მოდი, ვკითხოთ ხალხს გეიპროპაგანდაზე. უნდათ?"

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12-პუნქტიანი პირობიდან, ერთ-ერთში ვკითხულობთ: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით”.

ევროკომისიის პირობების შესრულების მონიტორინგის შესახებ 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, „ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრში“, ნათქვამია, რომ „მმართველმა პარტიამ გააძლიერა LGBTQI თემის საწინააღმდეგო რიტორიკა“ და „LGBTQI ჯგუფის უფლებების დაცვა გაქრა დღის წესრიგიდან“.

2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში „ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ცენტრალური ქუჩები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და „ალტ-ინფოს" მოწოდებით, სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. იმ დღეს დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ზოგს რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის დროს ერთ-ერთი დაშავებული, ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს დილით დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა.

„LGBT+ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს. გასულ წლის ბოლოს რუსეთში კანონმდებლობა გამკაცრდა.

XS
SM
MD
LG