“არგენტინა 1985“ (2022, არგენტინა, რეჟისორი სანტიაგო მიტრე)
სანტიაგო მიტრეს ეს ფილმი გასული წლის კინორეპერტუარის ერთ-ერთი ლიდერია. „არგენტინა 1985“ დაჯილდოვდა ამერიკული „ოქროს გლობუსით“, მოხვდა „ოსკარის“ ნომინაციაში, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, აღინიშნა „ფიპრესის“ პრიზით ვენეციის შარშანდელ კინოფესტივალზე, სადაც მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართა. მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, სანტიაგო მიტრეს სურათი დღემდე არ უჩვენებიათ ჩვენი ქვეყნის კინოთეატრებში. არადა, მის ნახვას თუ მოახერხებთ, მიხვდებით, რამდენად გასაგებია 1985 წლის არგენტინაში გამართული ისტორიული სასამართლო პროცესი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
თუმცა, არგენტინელებისგან განსხვავებით, იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელმაც მოახერხა და 7-წლიანი დიქტატურის გასამართლება შეძლო, ჩვენში რეჟიმების სამართლებრივი შეფასება დღემდე ვერ ხერხდება. ანდა როგორ მოხერხდება, როცა ლუსტრაციის კანონი არ მიგვიღია, როცა ერთი სისტემის მოსამართლეებს ახლა უკვე იმ სისტემაში ვხედავთ, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში. ვინ გაასამართლებს მაშინ სისტემას? როგორ შეძლებს ქვეყანა წარსულის გადაფასებას, თუკი მართლმსაჯულობა თავად ვერ მოსწყდა ფასეულობებს, რომლებიც წარსულმა დაამკვიდრა?
მიტრეს ფილმში უნდა დასაჯონ ხუნტის 9 ლიდერი, რომლებიც გადატრიალების შემდეგ წარმოადგენდნენ არგენტინის ხელისუფლებას. პროკურორი ხულიო სტასერა (ამ როლს შესანიშნავი მსახიობი რიკარდო დარინი ასრულებს) ხელს ჩაიქნევს თავის გამოცდილ კოლეგებზე, რომლებსაც შეუძლებლად მიაჩნიათ „წარსულის გასამართლება“ და შექმნის იურისტების ახალ გუნდს, გამოუცდელი, მაგრამ წარსულით ნაკლებად წაბილწული სტაჟიორი ახალგაზრდებით. მერე რა, რომ მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც სამხედრო ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოჯახებში გაიზარდა. შესაძლებელია, მათ ყველაზე კარგად იციან, რას წარმოადგენს რეალურად ძალადობრივი სისტემა. დიახ, ასეა - წარსულის გასამართლება ჯერ კიდევ მსხვერპლს მოითხოვს. თუ გინდა, რომ უსამართლობისგან განთავისუფლდე, სიმართლის თქმის არ უნდა შეგეშინდეს. რაოდენ მწარეც უნდა იყოს ეს სიმართლე.
ფილმი ერთი წუთითაც არ მოგაწყენთ. მაშინაც კი, თუ იცით, როგორ დასრულდა არგენტინელი ნეოფაშისტების გასამართლების პროცესი; ცალკეული იუმორისტული შტრიხები, პერსონაჟების ნიუანსებზე აგებული ხასიათები ეხმარება ავტორს გაუმკლავდეს თემის სიმძიმეს, ნამდვილი ამბავი კი წარმოგვიდგინოს კლასიკური პოლიტიკური ტრილერის ჟანრში, ოსტატურად გათამაშებული „სასპენსებით“ და კიდევ უფრო კარგი მსახიობებით. ცოტა დრო სჭირდება ფილმის მოშინაურებას, მაგრამ თუ გაჰყვებით მის რიტმს, დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის აღდგენის ამ ისტორიას ვერ მოსწყდებით. მეტიც, ქართველებს ცოტა შეგვშურდება კიდეც ამ ხალხის.
ცხადია, პატარა ქვეყნისთვის წარსულის გასამართლება სარისკოა და შესაძლებელია, დამღუპველიც აღმოჩნდეს. მაგრამ უკანონობა მარადიული ვერ იქნება. ისტორიული ტრავმები საზოგადოებას არჩევანის წინაშე აყენებს და გადაწყვეტილება, ყველაზე მტკივნეულიც კი, რაც უფრო სწრაფად იქნება მიღებული, მით უკეთესია ქვეყნისთვის. „არგენტინა 1985“ განწყობილების ფილმია. ავტორების მიზანი ესაა სწორედ - მთელი ჩვენი ყურადღება არჩევანის სირთულეზე გადაიტანონ. შიშის და მუდმივი ეჭვის ატმოსფერო, უნდობლობა ადამიანების მიმართ ფილმის მსვლელობის პროცესში თანდათან მატულობს. აქ საზოგადოებაც ორადაა გაყოფილი - ხუნტის ქმედებებს უკანონოსა და არაადამიანურს ყველა როდი მიიჩნევს. უამრავია ისეთი, ვინც არგენტინულ ნეოფაშიზმს თუ არ ამართლებს, უგებს მაინც მას და დარწმუნებულია, რომ ხუნტის ხელისუფლებაში მოსვლა „ქვეყნის გადარჩენა“ იყო.
აბა, როგორ ვერ გაიგებს ამას ქართველი მაყურებელი? როგორ ვერ გაუგებს ამ არგენტინელ ახალგაზრდებს, რომლებიც ხუნტის მმართველობის პერიოდში დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, რადგანაც მაინც გააყალბებენ. ანდა სტრასერას როგორ არ იცნობს - თავისი უკან გადავარცხნილი თმებით, დიდი სათვალითა და მოზრდილი ულვაშით. ეს ხომ იდეალური პორტრეტია პროკურორისა, რომელიც აუცილებლად მოეწონებოდა სამხედრო ხუნტას, რეჟიმის მოსამსახურეს. კი, უცოდველი არც სტრასერაა. ისიც თანამშრომლობდა სისტემასთან, რომელსაც ახლა ომი გამოუცხადა, ისიც უარს ამბობდა განეხილა ათასობით საქმე, რომლებიც ხუნტის წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევას ადასტურებს. მიტრეს ფილმში ის ფაქტობრივად სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც ასამართლებს. ეს ნიუანსი, ალბათ, ყველაზე ძლიერია ფილმში და გადაფარავს „არგენტინა 1985“-ის ნაკლოვანებებს. მაგალითად, იმას, რომ მსჯავრდებულთა ადვოკატებს სანტიაგო მიტრე საერთოდ არ უთმობს საეკრანო დროს (განსხვავებით, მაგალითად, სტენლი კრამერის „ნიურნბერგის პროცესისგან“, იმ ფილმისგან, რომელსაც ხშირად ადარებენ „არგენტინას“). ვერც იმას ბედავს რეჟისორი, რომ ხუნტის გასამართლების პროცესში დასავლეთის გულგრილობა, თუ პირდაპირი მონაწილეობა, ახსენოს. არა, აქ სრულიად სხვა ხედვის კუთხეა არჩეული. შესაძლებელია, ჩვენთვის, ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანი - არგენტინას უცოდველი აღარავინ ჰყავს! ხუნტამ ყველა გასვარა. ასეთი წარსულით უცოდველი ლიდერი ვერ დაიბადება. მაგრამ სიმართლეს და დემოკრატიას არ სჭირდება ლიდერი-ანგელოზები. მას, უბრალოდ, სჭირდება თავისუფლების სიყვარული.
„არგენტინა 1985“ თავიდან ბოლომდე იმ პერიოდის გადაღების იმიტაციაა. თითქოს მთელი ეს ამბავი მაშინდელი ვიდეოკამერით აღიბეჭდა - მძიმე აპარატით და VHS-ის კასეტებით. შესაბამისად, საარქივო მასალა, რომელსაც აქტიურად იყენებს რეჟისორი, შეუმჩნევლად გადადის დადგმულ ეპიზოდებში. მოწმეების დაკითხვას ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი ისტორიები მოტაცებულ, გაუპატიურებულ და დაკარგულ შვილებზე შემზარავია, მაშინაც კი, როცა მოწმეები დაკითხვისას იბნევიან და ფაქტები ერევათ.
სანტიაგო მიტრეს ფილმში გამარჯვებული ცდილობს აღადგინოს სამართლიანობა. არსებობს თუ არა იმის გარანტია, რომ დიქტატურის გასამართლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში არ გადაიზარდოს? არსებობს თუ არა გარანტია, უკანონობასთან ბრძოლა უკანონოდ არ წარიმართოს? რომ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით გამარჯვებული თავად არ დაემსგავსოს იმას, ვისაც ახლა ასამართლებს?
დიახ, არსებობს! არგენტინა დემოკრატიას დაუბრუნდა.