„ვეშაპი“ (2022, აშშ, რეჟისორი დარენ არონოვსკი)
„მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი, და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება“
იობი. თავი 7 - 5
ჩარლი თავს ვეღარ აკონტროლებს. შეყვარებულის სიკვდილის შემდეგ დაეწყო კვებითი აშლილობა და 260 კილოგრამს იწონის. ასეთ მდგომარეობაში გულის შეტევის საშიშროება ძალიან დიდია. ჰყავს მზრუნველი მომვლელი ლიზი და ასწავლის ინგლისურ ლიტერატურას. გრძნობს რა მოახლოებულ დასასრულს, ჩარლის უჩნდება სურვილი შეურიგდეს თავის თინეიჯერ ქალიშვილს, რომელთანაც კონტაქტს უკრძალავდა ყოფილი ცოლი მას შემდეგ, რაც ჩარლი გამოუტყდა, რომ გეია.
რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ეს ამბავი დარენ არონოვსკის ფილმში თამაშდება. ოღონდ არ იფიქროთ, რომ სადომაზოხისტური რიტუალების სიყვარულში არაერთხელ შემჩნეული რეჟისორი, რომელსაც ჩვენში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, უმცირესობების ჩაგვრას დაუპირისპირდა, ანდა თავისი ფილმით ქვიარ-ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო. არონოვსკი არ შეცვლილა. წლიდან წლამდე მხოლოდ მისი ფილმების სიუჟეტები იცვლება. შესაბამისად, „ვეშაპის“ პრემიერამ ყველაფერი ძველებურად დატოვა - დარენ არონოვსკი ისევ ან ძალიან უყვართ, ან ვერ იტანენ.
ამ რეჟისორს არასდროს ეშინოდა კრიტიკოსების, რომლებიც უგემოვნებაში დაადანაშაულებდნენ. ზოგჯერ პირიქით, ის ხაზსაც უსვამს, რომ ვერ იტანს გემოვნებიან კინოს და წესიერებას, ანგრევს ამ ნორმებს. გარკვეული თვალსაზრისით, „ვეშაპის“ მთავარი გმირის მსგავსად. „არ მოგწონვართ? არ დავმალავ, არც მე მეხატებით გულზე“, - თითქოს ამას ამბობს ყველა თავის ფილმში. ჰოლივუდის კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ეს სიჯიუტე მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა არონოვსკისთვის დამახასიათებელი რელიგიური მორალიზმი და გადაჭარბებული აღსარებითი ინტონაციები, რომლებიც გვაიძულებს შევიცოდოთ მისი გმირები („შევიცოდოთ“ და არა გავუგოთ). ფილმის რეჟისორი ოდნავ უფრო მეტად რომ დაინტერესებულიყო, რამდენად მნიშვნელოვანია სიბერე, სხეული, ფიზიოლოგიური ცვლილებები კონკრეტულად ქვიარ-ადამიანების ცხოვრებაში (და მხოლოდ ამის შემდეგ მიემართა განზოგადებისთვის), ვფიქრობ, „ვეშაპს“ მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდა. მაგრამ არონოვსკი არსებითად მხოლოდ თავისი ფანებისთვის მუშაობს; სხეული მას ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებდა, მუდმივად განიხილავდა კინოს, როგორც „მოძრავი ტანის“ ხელოვნებას. სხეულის წამების ჩვენება მისი სტიქიაა. „ვეშაპში“ ამ მხრივ არაფერია ახალი. უბრალოდ რაღაც მომენტში მაყურებელს შეიძლება მობეზრდეს გმირის ფანტასტიკური სხეულის დათვალიერება და მოსთხოვოს ავტორს, გადავიდეს ამბავზე.
„ვეშაპი“ ტრაგიკომედიაა. ფილმის გმირი არა ჩარლი, არამედ უფრო მისი უზარმაზარი სხეულია - იმდენად დიდი, რომ ბუტაფორიად იქცევა და კარგავს იმას, რასაც ჩვენში ხშირად „კაცობას“ უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ უტრირებული კაცობა სასაცილოა და საბრალო ერთდროულად. ფილმის საუკეთესო ეპიზოდებით ჩნდება ეჭვი, რომ არონოვსკის მიზანია გვიამბოს დეპრესიის ისტორია და წარმოგვიდგინოს ჩარლი, როგორც სიმბოლო თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოებისა, რომელიც მოქცეულია რელიგიას, გაუმაძღრობას, განათლების დაუხვეწავ სისტემასა და უბერიზაციას შორის. მაგრამ ვიზუალური ტრიუკებით გატაცება აუბრალოებს სათქმელს. „ვეშაპი“ ისეთივე „სქელკანიანი“ და ხელოვნურად დამძიმებული ფილმია, როგორიც მისი გმირი.
„ვეშაპი“ თეატრალური პიესის ეკრანიზაციაა. თუმცა ავტორი გამუდმებით ცდილობს რამე მაინც მოიგონოს ისეთი, რომ კინოს დაამსგავსოს. თეატრალურობა იმაშიც კი ჩანს, თუ როგორ შემოდიან კადრში პერსონაჟები და როგორ გადიან. ამას ემატება გაჭიანურებული დიალოგები, რომელთა შეკვეცა, ან გადაადგილება, არაფერს შეცვლიდა ფილმში. შესაძლებელია, სადღაც ბროდვეის სცენაზე ჩარლის მონოლოგების მოსმენა საინტერესო იყოს, მაგრამ პიესის ეს კლაუსტროფობიური გარემო არანაირად არ ემორჩილება კინოს ენას. არადა, როგორ ცდილობს; ფორმატიც „დაუვიწროვა“ ეკრანს, მონაცრისფრო-ყავისფერი ტონალობა მოუგონა (გარეთ სულ წვიმს) და, რაც მთავარია, კინოს დაუბრუნა ბრენდან ფრეიზერი, მსახიობი, რომელიც იმდენ ოსტატობას ფლობს, რომ შეუძლია პიესა კინოდ აქციოს.
ჰოლივუდი ბედნიერია. კინოაკადემიამ „ოსკარით“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფრეიზერი დააჯილდოვა. კარგა ხნის ტენდენციაა, ჩათვალო დიდ მსახიობად ის, ვინც ოსტატურად წარმოგვიდგენს გმირის ფიზიკურ ტრანსფორმაციას. „რა მაგრად აკეთებს როლს!“ - ამბობს ფრეიზერის თაყვანისმცემელი და არაფრით უნდა აღიაროს, რომ „ვეშაპში“ შთაბეჭდილებას უფრო გრიმი, პროთეზები, ტექეფექტები და ანიმაცია ქმნიან, ვიდრე მსახიობის თამაში. კარიკატურულობა, რომელსაც ვერ ასცდნენ რეჟისორი და მსახიობი, სათქმელზეც მოქმედებს. სადღაც ფილმის შუა ნაწილში შეიძლება იფიქროთ, რომ ავტორი გვეუბნება - ყველა, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აქვს, სინამდვილეში იტანჯება დანაშაულის კომპლექსით და საკუთარი თავის სიძულვილით... რომ ზედმეტი წონა კლავს, დანაშაულის განცდა თრგუნავს. ეს მიზერაბილიზმი, მუდმივი ხაზგასმა გმირის მარტოობისა და ავტორის დაუოკებელი სურვილი შევიბრალოთ მისი პერსონაჟი, იმდენად არ ვითარდება და იმდენად ტლანქად გადადის არონოვსკისთვის ტრადიციულ მორალიზმში, რომ მზაკვრული აზრიც შეიძლება გაგვიჩნდეს - დავასკვნათ, რომ „ვეშაპის“ ავტორი უბრალოდ გვეუბნება: „ადამიანი, რომელსაც წონის პრობლემა აქვს, ასევე შეიძლება იყოს საყვარელი“.
ბევრი პათოსი და სასაცილო კლიშეები (მაგალითად, ეპიზოდი, როცა ქალიშვილი სთხოვს ჩარლის გაიაროს სავარძლის გარეშე), დიდი ხანია გახდა ერთ დროს მართლაც ძალიან საინტერესო რეჟისორის პრობლემა. მაგრამ თუკი წინა ფილმებში მისი პურიტანული მსოფლმხედველობა ოსტატურად იყო შენიღბული ვიზუალური ექსტრავაგანტურობით, ეს პიესა მას არ აძლევს საშუალებას, გროტესკულ-სიურრეალისტური სახეებით მაინც მოგვხიბლოს (თუ არ ჩავთვლით „ვეშაპის“ ფინალს). ბიბლია და ჰერმან მელვილის ციტირება უფრო მაშველი რგოლია იმისათვის, რომ ცხადი გახდეს არონოვსკის სათქმელი, მისი უკვე სიჯიუტეში გადაზრდილი რწმენა, იმის მტკიცება, რომ ბედნიერების თუ თავისუფლების მისაღწევად ტანჯვა და ტკივილი აუცილებელია და, რომ იდეალური სივრცე, რომელმაც შეიძლება გადაგარჩინოს, ოჯახია, მხოლოდ ოჯახი.
ასე რომ, მაისში, „ოჯახის სიწმინდის“ დღეს მაგრად მოუხდებოდა ეს ფილმი - დაბერებულ და გასუქებულ გეიზე, რომელმაც ცოდვები მოინანია. ზედმიწევნით რეალისტური ფილმი ბოლოს ფანტასტიკაში გადაიზრდება. იქმნება ეჭვი, რომ ეს პათეტიკის გასაძლიერებლადაა გაკეთებული, მარტივი გამოსავალია რეჟისორისთვის, რომელმაც უბრალოდ არ იცის როგორ დაასრულოს ამბავი.