რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილემ (გუნდიაევი) მოსკოვის ოლქში გამართული წირვის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან განკარგულებებს არ იღებს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს შარშან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აქტიურად აკრიტიკებენ ხელისუფლებასთან უკიდურესად დაახლოებისთვის. აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ზოგიერთ ქვეყანაში ეს იწვევს სახელმწიფო ზეწოლის ზრდას ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი არიან.
„ჩვენი ზოგიერთი მოწინააღმდეგე თითს იშვერს და ამბობს, აი, პატრიარქი პრეზიდენტის ბრძანებით მოქმედებსო. ღვთის წინაშე გეუბნებით: არავითარი ბრძანებები პრეზიდენტს არ მოუცია, არ იძლევა. და დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მართლმადიდებელი მორწმუნე ეკლესიური ადამიანი, არც გასცემს [ბრძანებებს]“, - მოჰყავს ტასს კირილეს სიტყვები.
კირილეს თქმით, რუსეთში „სიმფონიაა“ საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. მას მიაჩნია, რომ ამის შესახებ „ოცნებობდნენ ბიზანტიაში“, მაგრამ იქ ამას ის უშლიდა, რომ იმპერატორებს თავი ეკლესიის მეთაურებად მიაჩნდათ.
პატრიარქის სიტყვებით, რუსეთში შექმნილი ვითარება სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიოში ღმერთისგან განდგომის ტენდენციებს. მისი აზრით, რუსეთი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „თავისუფლების სრულიად განსაკუთრებული კუნძულია“.
დასავლეთის ქვეყნებში კირილეს აქტიურად აკრიტიკებენ მისი გამონათქვამებისთვის, რომლებსაც უკრაინაში ომის მხარდაჭერად ან გამართლებად აფასებენ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი დე იურე არ არის ეკლესიის მეთაური, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში აღიქმება ასეთად.
2022 წლის მაისში რომის კათოლიკური ეკლესიის პაპმა ფრანცისკემ იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასთან საუბარში კირილემ გაამართლა ომი, ლაპარაკობდა რა „დროზე, რომელიც ესაჭიროებათ ნატოს რაკეტებს [რუსეთში სამიზნეებამდე] მისაფრენად“.
კირილეს სიტყვებზე, პაპის თქმით, მისი პასუხი ასეთი იყო: „ძმაო, ჩვენ სახელმწიფო მოხელეები არ ვართ, ჩვენ მხოლოდ იესოს და არა პოლიტიკის ენის გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის მშვიდობის გზები უნდა ვეძებოთ“. რომის პაპის აზრით, პატრიარქი კირილე „არ შეიძლება გახდეს პუტინის საკურთხევლის ბიჭი“.