Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიზუალურად მძიმე სანახავია. მითხრა, ძალა არ მაქვსო“, - ალასანია სააკაშვილის შესახებ


გიული ალასანია
გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად წევს და „ვიზუალურად მძიმე სანახავია“:

„გუშინ მოსულები იყვნენ მასთან, ეზოდან მიულოცეს და ძალიან ესიამოვნა. ისევ მოლოდინში ვართ. იქნებ რაიმე დადებითად გადაწყდეს. ვნახოთ, სტრასბურგში რა შედეგი მოჰყვება საჩივარს. ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, ისევ იგივე ვითარებაა: სიცხე, წნევა და სისუსტე გრძელდება. როდესაც წამოიწევა მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიზუალურად მძიმე სანახავია. მითხრა, ძალა არ მაქვსო. ამის მოსმენა ასეთი ადამიანისგან, ცოტა უცნაურია“, - უთხრა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

აღდგომის ღამეს კლინიკა „ვივამედთან“ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს აღდგომა მიულოცეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.

XS
SM
MD
LG