„ასეთია სპორტული ცხოვრება“ (1963, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ლინდსეი ანდერსონი)
17 აპრილს 100 წელი სრულდება დიდი ბრიტანელი რეჟისორის, ლინდსეი ანდერსონის დაბადებიდან. ამ კაცის კინო არ ძველდება. დაკვირვებული ვარ ახალგაზრდების, ყოველი ახალი თაობის რეაქციას, როცა ისინი ანდერსონის შედევრებს აღფრთოვანებულები უყურებენ. მარტის მოვლენების დღეებში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ბევრმა გააზიარა ანდერსონის „თუ“, ფილმი-მეტაფორა სკოლაზე, სადაც ერთდროულად ასწავლიან მორჩილებას და, ამავე დროს, სხვისი დაჩაგვრის უნარებს. ლინდსეი ანდერსონის „იღბლიანი“ ხომ საერთოდ, თაობების საკულტო ფილმია, „მექანიკური ფორთოხლის“ ერთგვარი ალტერნატივა, ამბავი ახალგაზრდა კომივოიაჟორზე, რომანტიკოს, გულუბრყვილო ბიჭზე, რომელიც ჩვენ თვალწინ კონფორმისტად ყალიბდება. „იღბლიანი“ მართლაც რომ უბერებელი სატირაა მომხმარებლურ საზოგადოებაზე, წარმატების კულტზე და, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, პოსტსაბჭოთა ეპოქის ტრავმებზეც, მთელი თავისი „ბაზრის კულტით“ და, ამავე დროს, იერარქიული, ნახევრად ფეოდალური სისტემით.
ბრიტანულ კინოში ლინდსეი ანდერსონი ღმერთია. მას ეთაყვანება ყველა, ვინც ჯერ კიდევ 60-იან წლებში მოუტანა აღიარება აქაურ „ახალ ტალღას“ და ისინიც, ვისაც თანამედროვე ბრიტანული კინოს ლიდერებად მივიჩნევთ. ანდერსონმა და კიდევ რამდენიმე მისმა მეგობარმა, რომელთაც „გაბრაზებულებს“ უწოდებენ, გზა გაუკაფეს კენ ლოუჩს, მაიკლ ლის, სტივენ ფრირზს, განთავისუფლდნენ ჰოლივუდის დიქტატისგან, ინგლისური კინოსთვის დამახასიათებელი „არისტოკრატული წონასწორობისგან“ (ტონი რიჩარდსონის ტერმინი), მთელი ყურადღება გადაიტანეს დაუცველ ადამიანებზე, სოციალურ კრიტიკაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განაახლეს კინოს ენა ახალი ჟანრებით, გადაღების ახალი სტილით.
ლინდსეი ანდერსონმა კინოში მოღვაწეობა დაიწყო როგორც კრიტიკოსმა. 50-იანი წლების ბოლოს, სანამ თავის პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაიღებდა, ანდერსონი სერიოზულ თეორიულ ჟურნალს, „სიკვენსს“ რედაქტორობდა. „კლასობრივი შეზღუდულობა“ - ეს იყო ძირითადი ბრალდება, რომელსაც ანდერსონი ბრიტანულ კინოს უყენებდა. „შეხედე ინგლისს!“ - მოუწოდებდა იგი თავის კოლეგებს. „სიკვენსმა“ ახალი ბრიტანული კინოს ესთეტიკაზეც იზრუნა. ანდერსონი სთავაზობდა კოლეგებს, ესწავლათ კინოს გადაღება არა მარტო „ახალი ტალღის“ რეჟისორებისგან, არა მარტო იტალიელი ნეორეალისტებისგან, არამედ ხელახლა ენახათ ფრანგული „პოეტური რეალიზმის“ შედევრები და პირველ რიგში ჟან რენუარის „ადამიანი-მხეცი“, ჟან გაბენით მთავარ როლში, ფილმი, რომელიც მან „სპორტულ ცხოვრებაში“ გააცოცხლა.
„ასეთია სპორტული ცხოვრება“ ლინდსეი ანდერსონის პირველი სრულმეტრაჟიანი კინორომანია. მის მოკლემეტრაჟიან სურათებში უკვე იგრძნობოდა, რომ ანდერსონს აინტერესებს სამყარო, რომელიც თითქმის მთლიანად იყო განდევნილი ბრიტანული კინოდან - დიდი ქალაქის ნაცვლად - გარეუბნები, წარმატებული საშუალო კლასის ნაცვლად - უიღბლო მშრომელები. „სპორტულ ცხოვრებაში“ თითქოს შეიცვალა აქცენტები: ფილმის გმირი იორკშირის ერთი პატარა ქალაქის მეშახტე ფრენკ მეშინი ძალიან მალე აისრულებს ოცნებას - რაგბის ვარსკვლავი ხდება. აღარც ფული აკლია, აღარც პოპულარობა. „გზა მაღალი საზოგადოებისკენ“ (სწორედ ასე ერქვა კიდევ ერთი „გაბრაზებული“ ინგლისელი რეჟისორის, ჯეკ კლეიტონის ფილმს) განვლილია, აღიარება მიღწეულია, სოციუმში ადგილი ნაპოვნია, „იაგუარი“ ნაყიდია. დარჩა ქალი, რომლის დაპყრობა მეტისმეტად გართულდა, სასოწარკვეთილი ქვრივი (ამ როლს ანდერსონის საყვარელი მსახიობი, რეიჩელ რობერტსი ასრულებს), რომელიც სპორტის ვარსკვლავის მანიპულაციას არ ემორჩილება. გამარჯვებას შეიძლება სტადიონზე მიაღწიო, ფულით შეიძლება ყველაფერი იყიდო სიყვარულის გარდა. უსიყვარულოდ კი ბედნიერება, უბრალოდ, არ გამოდის.
არა, „ასეთია სპორტული ცხოვრება“ არ არის მორალისტური კინორომანი, რომელიც გვახსენებს, რომ „მდიდარნი ვერ შევლენ ზეციურ სასუფეველში“. ლინდსეი ანდერსონი გააზნაურებულ მდაბიოებზე ქილიკს მოგვიანებით დაიწყებს, „იღბლიანში“. მისი დებიუტი კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფილმია კინოს ისტორიაში - მოღუშული, უსინათლო, შავ-თეთრ ფირზე გადაღებული სამყარო კორუფციისა, ტყუილისა, ძალადობისა, სადაც სტადიონი და პროფესიონალური სპორტი იერარქიული სისტემის ზუსტი მეტაფორაა. ფილმის გმირი თითქოს სრულიად გამიჯნულია სოციალურ გარემოს, რომელსაც მიეკუთვნება, თითქოს ცდილობს გაექცეს სიღარიბეს და მონობას, მაგრამ სისასტიკე, უფრო სწორად, სისასტიკეზე მოთხოვნილება თავს არ ანებებს.
1963 წელს „ასეთია სპორტული ცხოვრება“ დიდი წარმატებით უჩვენეს კანის ფესტივალზე. ჟიურიმ, რომელსაც „თბილისელი ამერიკელი“, ჰოლივუდის კლასიკოსი რუბენ მამულიანი ხელმძღვანელობდა, „ოქროს პალმა“ ლუკინო ვისკონტის გადასცა „ლეოპარდისთვის“, ხოლო „პალმით“ ფრენკის როლის შესრულებისათვის რიჩარდ ჰარისი დაჯილდოვდა. მამულიანმა პრიზის გადაცემის ცერემონიაზე ჰარისს „ახალი ბრანდო“ უწოდა და დაუმატა, „მხოლოდ დიდ კინომსახიობს შეუძლია ველურის ნიღბის ქვეშ დაუცველი ბავშვი წარმოგვიდგინოსო“.
ასეთია ჰარისის ფრენკი. ბავშვივით გულუბრყვილო, როცა სინაზის და სითბოს ნაკლებობას განიცდის და „ცოფიანი ხარი“, როცა უთანასწორობის ინსტინქტური სიძულვილი სტადიონზე, თამაშის დროს უძლიერდება. ასეთია ლინდსეი ანდერსონის ფილმის სტილიც - პოეტური რეალიზმია! მეტიც, პოეტური ნატურალიზმი.
ჰარისის ახლო ხედების, მისი მძიმე გამოხედვის დავიწყება შეუძლებელია. მისი გმირი სწორედაც რომ „მძიმეა“ და ეს სიმძიმე აქ კარგად იყიდება. „რამდენად გავიყიდები, შენი აზრით?“ - კითხულობს ფრენკი ფილმში. ამ ეპიზოდში ის უკვე ხვდება, რომ „საქონელ-ფეტიშად“ აქციეს. თუმცა მის წარმოდგენაში სტადიონი ჯერ კიდევ არ გამიჯნულა ქარხნისგან, რომლის მფლობელმა ფრენკი რაგბის მეფედ აქცია. ამ ქარხანაში დაიღუპა მისი დიასახლისის ქმარი... და სწორედ ამ ქარხანამ მოუტანა მას წარმატება. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვაზე უფრო ღონიერი იყო, სხვაზე უფრო „ველური“.
თავიდან აღვნიშნე, რომ ლინდსეი ანდერსონის ფილმები განსაკუთრებით უყვართ ახალგაზრდებს. ძალიან მომწონს, როცა ვხედავ როგორ ხალისობენ 18-20 წლის გოგო-ბიჭები „იღბლიანზე“. ეგ ის ასაკია, როცა მშობლები გულს გვიწყალებენ და გვასწავლიან „თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, შრომა და სწავლა არ უნდა დაგეზაროს“... ამათ დასცინის ლინდსეი ანდერსონი, ამ მასწავლებლებს. და კიდევ დასცინის ადრე დაბერებულ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატების კიბეზე ზოგჯერ საკუთარ თავს ღალატობენ.
ფრენკ მეშინი ავიდა ამ კიბეზე, მაგრამ ადამიანურობა შეინარჩუნა. მით უფრო საინტერესოა, როგორ შეაფასებს ახალგაზრდა მაყურებელი 1963 წელს გადაღებულ შავ-თეთრი კინოს შედევრს, რომელიც იუტუბის ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.