Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში შესწორების შემდეგაც გაგზავნა


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს.

"მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.

აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის.

13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა.

EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მოთხოვნა და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო.

XS
SM
MD
LG