სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება პარლამენტის აპარატის მიერ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთათვის აკრედიტაციის შეჩერებას. ომბუდსმენი პრობლემურად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას მედიის აკრედიტაციის წესის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას, "ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს".
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს. როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მედიის აკრედიტაციის წესის შესახებ ბრძანებაში „არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მედიის წარმომადგენელთა მიმართვის საფუძველზე, ასევე თავისი ინიციატივით უკვე სწავლობს ფაქტებს.
მანამდე მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულის”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერება.
კოალიციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
6 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ერთი თვით შეუჩერეს აკრედიტაცია.
მანამდე, 1 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს „ფორმულის" ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილსაც. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ცდილობდა დეპუტატ ნინო წილოსანისგან პასუხის მიღებას „PosTV"-ის დამფუძნებლისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის საკითხზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა "ტვ პირველისა" და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების მიზეზი.
მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აკრედიტაციის შეჩერებას რაიმე კავშირი აქვს ჟურნალისტების მიერ რესპონდენტებისათვის დასმული კითხვების შინაარსთან. მისი სიტყვებით, "ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომაც შემუშავდა ეს წესები."