პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს "ტვ პირველისა" და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების მიზეზს.
მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აკრედიტაციის შეჩერებას რაიმე კავშირი აქვს ჟურნალისტების მიერ რესპონდენტებისათვის დასმული კითხვების შინაარსთან.
შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ჟურნალისტებს, გაეცნონ პარლამენტის შენობაში მოქცევის წესებს:
„როგორც ჩანს, არ ერკვევით სამართლებრივ საკითხებში. იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყოს აჟიტირება, დევნა, „შევარდნები“ ოთახში, რაც იყო პრაქტიკა, ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომაც შემუშავდა ეს წესები. სწორია ეს პრინციპები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, კითხვების დასმასთან ერთად წაიკითხონ წესები. რამდენიმე საკითხია, მათ შორის ის, რომ აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს, ადამიანს არ შეუვარდნენ ჩართული კამერებით, წინასწარი თანხმობის გარეშე. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო, ამიტომ, როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს ინტერვიუ, უნდა ვცეთ პატივი“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
6 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ერთი თვით შეუჩერეს აკრედიტაცია.
შალვა პაპუაშვილის განმარტების პარალელურად, ოპოზიციონერი დეპუტატები ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის დაბრუნებას ითხოვენ.
7 აპრილს მათ პარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს. დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დეპუტატები არიან საჯარო ფიგურები და აქვთ ვალდებულება, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული წესი საშიშია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვისთვის:
„რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია შეუჩერდა „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფიო გოზალიშვილს. ასევე გუშინ უმრავლესობის წარმომადგენლისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმის გამო აკრედიტაცია შეუჩერდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, თათია წოწონავასა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რუსუდან დუმბაძეს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი, პრაქტიკულად, გადაქცეულია ჩაკეტილ, გაუვალ სფეროდ, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ არ დადიან კრიტიკულ მედიაში, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, მოქმედებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი და მოქმედებს იმ დიქტატის წესი საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარისა და უმრავლესობის მიერ დამკვიდრებული, რომელიც ძალიან მძიმე და ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვისთვის“.
„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია ერთპარტიულ ინტერესებზე მორგებული მედიის ცენზურისა და გაჩუმების მცდელობა.
„მედიის ფუნქციაა, დასვას კრიტიკული კითხვები და პოლიტიკოსის ფუნქცია ან უპასუხოს ამ კითხვებს, ან, თუ ვერ პასუხობს, თავად მოაგვაროს ეს საკითხი, ეთიკისა და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში. დიახ, ჩვენც მოგვდევენ ლიფტებთან, ჩვენც გვისვამენ კითხვებს, რომელიც ხშირად ეთიკის ფარგლებსაც სცდება, მაგრამ ოპოზიციას არასდროს გამოგვიყენებია ეს წესი და არც არასდროს გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა მედიასთან ურთიერთობა. მიუღებელია ერთპარტიულ ინტერესებზე მორგებული მედიის ცენზურისა და მედიის გაჩუმების მცდელობა“.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ". სწორედ ამ პუნქტის დარღვევად მიიჩნია პარლამენტის აპარატმა ელისო ბოლქვაძისთვის 6 აპრილს დასმული შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას. რესპონდენტს არ სურდა პასუხის გაცემა, თუმცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვები მაინც დაუსვეს.
1 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს „ფორმულის" ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილსაც. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ცდილობდა დეპუტატ ნინო წილოსანისგან პასუხის მიღებას PosTV-ის დამფუძნებლისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის საკითხზე.