Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისო ბოლქვაძისთვის შეკითხვების დასმის გამო ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს


პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დეპუტატ ელისო ბოლქვაძისგან ინტერვიუს აღება.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ". სწორედ ამ პუნქტის დარღვევად მიიჩნია პარლამენტის აპარატმა ელისო ბოლქვაძისთვის 6 აპრილს დასმული შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას. რესპონდენტს არ სურდა პასუხის გაცემა, თუმცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვები მაინც დაუსვეს. ამის გამო აკრედიტაცია შეუჩერეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს. თათია წოწონავას და ოპერატორს, ზუკა ჩხვირკიას; „TV პირველის" ჟურნალისტს, რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს.

შეკითხვის გამეორების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ელისო ბოლქვაძემ „TV პირველის" ჟურნალისტს მიმართა: „არ ვიძლევი არავითარ ინტერვიუს. არასოდეს არ მივცემ ინტერვიუს თქვენს ტელევიზიას. თქვენს მაყურებელს მე არ ვცნობ. ვამბობ, რომ „TV პირველის" ინფორმაციებს მე არ ვიზიარებ და თქვენს მაყურებელს არ ვცნობ, გასაგებია?!"

დოკუმენტი „მთავარი არხის" ჟურნალისტის, თათია წოწონავასთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ
დოკუმენტი „მთავარი არხის" ჟურნალისტის, თათია წოწონავასთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ

1 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს „ფორმულის" ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ცდილობდა დეპუტატ ნინო წილოსანისგან პასუხის მიღებას „PosTV"-ის დამფუძნებლისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის საკითხზე.

დოკუმენტი „ფორმულის" ჟურნალისტის, სოფო გოზალიშვილისთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ
დოკუმენტი „ფორმულის" ჟურნალისტის, სოფო გოზალიშვილისთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ

აკრედიტაციების შეჩერების შესახებ „TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტი აკრედიტაციის ახალი წესებს იყენებს ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად და საქმიანობაში ხელის შესაშლელად.

XS
SM
MD
LG