საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა. არგძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რის შედეგადაც აზიანებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას.
„დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს - მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მის სიტყვებით, როცა საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ბელარუსის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!“
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა შესაძლოა გასაგები იყოს „მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ“.
შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სიტყვებით „ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9-წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს“, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
- 2022 წლის სექტემბერში, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას.
- მოგვიანებით ბჟანია ლუკაშენკას მინსკში შეხვდა. ეს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო.
- მისკში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს მოუწოდა პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ, 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".
- საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.
- უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.