მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია POS TV-ის ერთ-ერთ მეწილესა და წამყვანზე, შალვა რამიშვილზე პოლიტიკური შეტევაა. ასე შეაფასა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს სექსუალურ შევიწროებაზე ტელეწამყვანის წინააღმდეგ რამდენიმე ქალის გაჟღერებული ბრალდების მიზანი.
"მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი... მე დეტალები ყველაფრის არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა [დავით] კეზერაშვილის მიერ", - თქვა ირაკლი კობახიძემ და ეს არხის გაზრდილ რეიტინგს დაუკავშირა - ეს ვერსია მანამდე POS TV-მაც გააჟღერა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, "ამდენი ქალი კეზერაშვილის მიერ მართულია თუ არა", პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა:
"ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო..."
ქალებმა შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაიწყეს. გასულ კვირაში "ტაბულას" ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი ამ საჯარო პოსტის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სხვა ქალებმაც გაიხსენეს შალვა რამიშვილთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილება. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, გვანცა ბუდაღაშვილმა რამიშვილთან მიმოწერის სქრინები ღიად გამოაქვეყნა.