Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას და რატომ ედავება მთავრობა ფარმაცევტულ სექტორს?


ჯანდაცვის სამინისტრო შვიდი დასახელების მედიკამენტზე ფასების მკვეთრ ზრდას უსვამს ხაზს.
ჯანდაცვის სამინისტრო შვიდი დასახელების მედიკამენტზე ფასების მკვეთრ ზრდას უსვამს ხაზს.

მთავრობა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს ონკოლოგიურ წამლებზე ფასების ხელოვნურ და შეთანხმებულ ზრდაში ადანაშაულებს. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, ხომ არ არ მოქმედებენ კომპანიები შეთანხმებული, ე.წ. კარტერული გარიგებებით?

ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს ოთხ კომპანიას, მათ შორისაა "პსპ", "გეფა" - (ჯიპისი, ფარმადეპო), "მერმისი" და "ავერსი". საუბარია იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება და რომლებზეც რეფერენტული, ანუ ზღვრული ფასი დაწესებული არ არის.

“როდესაც შესაძლო შეთანხმებულ ქმედებაზე ვსაუბრობთ, ეს თემა ეხება კონკრეტულ ფაქტს - სახელმწიფო მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე იდენტური ფასის დაწესებას, ლარიანი სიზუსტით არის დაფიქსირებული იდენტური ფასი. არის თუ არა ეს შეთანხმების შედეგი, თუ აიხსნება რაიმე ობიექტური გარემოებით, ამ საკითხს მოკვლევამ უნდა გასცეს პასუხი”, - უთხრა 27 მარტს ჟურნალისტებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ფარმაცევტულ ასოციაციებს საშუალება მიეცემათ, პროცესში საკუთარი პოზიციები თუ ახსნა-განმარტებები წარადგინონ.

სააგენტო, ერთი მხრივ, იკვლევს იმ ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა და რაზეც სამთავრობო უწყება ირწმუნება, რომ ზოგიერთ წამალზე ფასები “გაოთხმაგებულია”.

საილუსტრაციოდ სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ცხრილი გამოაქვეყნა, სადაც შედარებული იყო, რომელ აფთიაქში რა ღირდა კონკრეტული მედიკამენტი თებერვალში და რა ღირს ახლა;

სამინისტრო შვიდი დასახელების მედიკამენტზე ფასების მკვეთრ ზრდას უსვამს ხაზს. რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი, ამ კონკრეტული წამლის ფასი, კონკურენტ აფთიაქებში განსხვავდება. სხვაობა ხან ათეულობით, ან ასეულობით ლარია.

მეორე ცხრილით, უწყება ამტკიცებს, რომ ოთხმა სააფთიაქო ქსელმა ძვირადღირებულ ერთი და იმავე დასახელების, კიდევ სხვა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის იდენტური ფასები დააწესა. მათივე თქმით, ამით დასტურდება, რომ კომპანიები სახელმწიფოსა და პაციენტების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანიის “მხილებას” პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 24 მარტს, პარლამენტში ტრიბუნიდან გამოეხმაურა და განსაკუთრებული აქცენტი ოპოზიციონერ დეპუტატსა და კომპანია PSP-ს დამფუძნებელზე, კახა ოქრიაშვილზე გააკეთა. პრემიერმა მას “დესტრუქციული ძალის” წარმომადგენელი უწოდა და თქვა, რომ წამლებზე ფასების 200-300-პროცენტიანი მატება “რეაგირების გარეშე არ დარჩება”.

“60 %-დან 80 %-მდე შემცირდა წამლების ფასები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300-პროცენტიანი ფასნამატები გააკეთეს, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე, დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება”.

რას პასუხობს ფარმაცევტული სექტორი?

პრემიერის განცხადებას მალევე გამოეხმაურა კახა ოქრიაშვილი და “ტყუილი” უწოდა ერთ-ერთ მედიკამენტზე “პსპ“-ს ქსელში 300%-იანი ფასის მატებას. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებს ოქრიაშვილი იმით ხსნის, რომ კონკრეტული წამალი თებერვალში, სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ იაფად იმის გამო იყიდებოდა, რომ მოხმარების ვადა მალე გასდიოდა.

“...ასე ეპყრობა ხელისუფლება ყველა ბიზნესს, თუ ეს ბიზნესი არ არის დაკავშირებული ბატონ ივანიშვილთან, ან „ქართული ოცნების“ წევრებთან. შეგახსენებთ ანაკლიის პორტის, ნამახვანჰესის და სხვა მაგალითებს. ასე ებრძვის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას! PSP ჯგუფი არ არის კახა ოქრიაშვილის პირადი საკუთრება. ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია.

ბატონო პრემიერო, კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას, პირადად ჩემთვის და PSP ჯგუფის თითოეული თანამშრომლისთვის!” - დაწერა ოქრიაშვილმა ფეისბუქზე.

მანამდე, მთავრობის ბრალდებებს მისი კომპანია ცალკე განცხადებითაც გამოეხმაურა, სადაც ასევე განმარტებულია, რომ 2023 წლის მარტიდან მედიკამენტების საწყისი [გაძვირებული] ფასები დაბრუნდა:

"კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე ფასები შემცირდა, ხოლო 7 მედიკამენტზე დაბრუნდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ფასები".

27 მარტის განცხადებაში PSP-ს მაგალითად მოჰყავს პრეპარატ "აფინიტორზე" ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის კომენტარი, რომ ამ მედიკამენტის ფასი აფთიაქებში საიმპორტო ფასს 2-3-ჯერ აღემატება.

კომპანიის მოწოდებული ფასების მიხედვით, "აფინიტორის" იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 841,47 აშშ დოლარი იყო, ხოლო წინა წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე აფთიაქებში ეს პრეპარატი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდებოდა.

"ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა", - აცხადებენ კომპანიაში.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: მართლა მიადგა თუ არა ზიანი პაციენტს - შეთანხმებულად გაზარდეს თუ არა კომპანიებმა ფასები?

"საუბარი იყო გარკვეულ მოკლე ვადებზე, ყველაფერი შეიძლება, მსგავსი პრეცედენტები გვქონია... ამ [კომპანიებს შორის შეთანხმების] შემთხვევაში, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები. თუკი შეთანხმება არ ყოფილა, მაშინ ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის ზომების მიღებას, სადაც თავისუფალი ბაზარია, სადაც არ რეგულირდება ფასი და მას არეგულირებს თავად დისტრიბუტორი.

მე ცოტა შორს ვარ ამ აზრისგან... შეთანხმება რთულად წარმოსადგენია, რადგან ძალიან მაღალი კონკურენციაა ამ კომპანიებს შორის.

კონკურენციის სააგენტოს აქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს. ადამიანს, რომელსაც ოჯახის წევრი ჰყავს, მით უმეტეს ონკოპაციენტი, არ სჭირდება ზედმეტად ამდენი ნერვული სტრესი, რასაც ეს სიტუაცია ქმნის, ამიტომ მალე უნდა გაირკვეს ყველაფერი".

მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნამ "ყველაფერს ნათელი უნდა მოფინოს", წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მომხმარებლები/პაციენტები დაზარალდებიან.

"ბოლო პერიოდში ამდენი განცხადება, კერძო სექტორის პასუხი, ამან შექმნა არაერთგვაროვანი განწყობა პაციენტში, რომელიც აფთიაქში შედის. მან, შესაძლებელია, თავი დაზარალებულად იგრძნოს. მეორეს მხრივ, შესაძლოა, არსებულმა სიტუაციამ საფრთხე შეუქმნას აი, იმ პაციენტს, რომელიც აფთიაქში მივა ხვალ და ზეგ, რადგან ეს წამალი უბრალოდ არ იქნება. ნებისმიერი დაძაბულობა ფარმაციაში, ჯანდაცვაში, პირველ რიგში აზიანებს პაციენტის ინტერესს. აქედან გამომდინარე, რაც მალე იქნება დასკვნები, რაც მალე გვექნება გამჭვირვალობა…", - ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

მისივე სიტყვებით, ხელისუფლების მიზანია ფარმაცევტული სექტორისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესება, "რომლის ნაწილიც შემოსაღებია".

"მთავარია, რა რეგულაციები, რა დოზით და როგორ იქნება ეს შეთანხმებული, მათ შორის, კომპანიებთან. საქართველოს ბაზარი ბოლო წლებში, მნიშვნელოვან ნაწილში არ რეგულირდებოდა. შორს ვარ იმის შეფასებისგან, რამდენად სწორი გამოხატვის ფორმაა... ეს საკითხი დარეგულირდება კიდეც, მგონია, რადგან არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორის ინტერესში არაა, რომ ამ რგოლში რღვევა მოხდეს. ეს იმოქმედებს წამლის მოწოდებასა და პაციენტის კეთილდღეობაზე", - ამბობს მარგველაშვილი და განმარტავს, რომ რეგულაციაში გულისხმობს ხარისხის კონტროლს და მოწოდების უწყვეტობას.

რას აპირებს მთავრობა?

ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო მეტად რეგულირებასა და კონტროლს, ამჯერად, საკანონმდებლო ცვლილებებით. ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააჟღერა და დასძინა, რომ ამით გაძლიერდება სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლი, "რათა საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს რეაგირება".

აზარაშვილს ცვლილების შინაარსზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ მისი მომზადების გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს.

"ეს მეორედ მოხდა, 15 მარტის შემდეგ, როდესაც რეფერენტული ფასები კიდევ 300 მედიკამენტზე ამოქმედდა... შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე, 4 და 5 კომპანიას, ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი. სწორედ ასეთ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს", - თქვა მინისტრმა აზარაშვილმა.

კონკურენციის სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მოკვლევა 27 მარტიდან დაიწყო და, მათი თქმით, პროცესი არა უგვიანეს 6 თვის ვადაში დასრულდება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ "საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს".

დარღვევის დადგენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, რაც კონკრეტული კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5% უნდა იყოს.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG