ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება. კანონპროექტი პარლამენტს ორი მოსმენით მიღებული ჰქონდა.
„ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე", - განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა აქვს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან.
ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია #5 და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, უკრაინული კანონპროექტი ითარგმნა იმ განსხვავებით, რომ ქართულ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა.
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, „ბუნდოვანი კრიტერიუმების“ გამო და ასევე „პერსონალური მიდგომის“ გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.