Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირბადით შენიღბული ადამიანობა


„ჩემი ოთახი“ (2022, საქართველო, რეჟისორი სოსო ბლიაძე)

7 მარტს, სწორედ მაშინ, როცა ხალხი პარლამენტის წინ იკრიბებოდა საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად, მწერალმა და მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ ფეისბუკზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

ეს სტატუსი ერთგვარი გაგრძელება იყო წინა ღამის ფიქრებისა, რომლებმაც „ჩემი ოთახის“ ნახვის შემდეგ არ მომასვენეს. კინოთეატრ „ამირანში“, სოსო ბლიაძის ახალი ფილმის ჩვენების წინ ჰომოფობი აქტივისტების აქცია იმართებოდა. მომიტინგეები, რომელთაც ხელში ეჭირათ ბანერები „არა, ლგბტ პროპაგანდას!“, მძღოლებს სიგნალის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. ვერ გეტყვით, რომ ყველა აჰყვა, მაგრამ პროტესტის მიმართ პროტესტიც არავის გამოუხატავს. ჩვენ კარგა ხანია შევეგუეთ ზიზღზე აგებულ აქციებს. 5 ივლისიც ისე გავიდა, რომ დამნაშავეები არსებითად არ დასჯილან.

ვისაც სოსო ბლიაძის ფილმი არ გინახავთ, ნუ დაუჯერებთ იმათ, ვინც „ჩემი ოთახი“ რაღაცის პროპაგანდად აღიქვა. ახალი ქართული ფილმი თუკი რაიმეს მართლა მოკლებულია, ეს სწორედ პროპაგანდაა. მეტიც, „ჩემი ოთახი“ ის იშვიათი ქართული კინოსურათია, რომელშიც ავტორი საერთოდ არ ჩანს და, რაც მთავარია, არავინ ცდილობს მაყურებლის მანიპულაციას. შესაბამისად, არავის სურს არც მთავარი გმირების გაიდეალება და, მით უმეტეს, მათი განსჯა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მაყურებელს ფილმის გმირების, 20 წლის ქალების, თინას და მეგის მიმართ თანაგრძნობა არ გაუჩნდება. ეს „ჩემი ოთახის“ მთავარი ეფექტია და მისი მიღწევა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობების, თაკი მუმლაძისა და მარიამ ხუნდაძის ოსტატობამ არ განაპირობა; ამ ორმაგ განწყობას, უფრო სწორად, მაყურებლის განწყობის განუწყვეტელ ცვლას, არსებითად აუცილებელს კარგი კინოსთვის, ქმნის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი - სცენარისტები, რეჟისორი, ოპერატორი, თვით გრიმიორიც კი... ჰო, კიდევ ერთი უჩინარი ავტორი ჰყავს ახალ ქართულ ფილმს - ვირჯინია ვულფი და მისი ფემინისტური ესე „საკუთარი ოთახი“. ამ ლიტერატურულ მარგალიტში ავტორი ამტკიცებს, რომ ცხოვრების ერთფეროვნება, რომელიც ქალებს შეუქმნა კულტურამ, მამაკაცებზე დამოკიდებულება (მხოლოდ და მხოლოდ შვილების გაჩენა და აღზრდა) მთლიანად კლავს შემოქმედებით მუხტს ქალებში.

მიეცით ქალს საკუთარი ოთახი, 500 გირვანქა წლიური შემოსავალი, მიეცით საშუალება ხშირად გაანძრიოს ტვინი და სულ მალე ის შექმნის უკეთეს ნაწარმოებს.

თუმცა სოსო ბლიაძის ფილმის გმირებს, თინას და მეგის არც შვილები ჰყავთ, თუნდაც დედობრივი ინსტინქტი რომ გამოაღვიძონ. ერთადერთი, რასაც მიაღწიეს, „საკუთარი ოთახია“ ბინაში, რომელსაც ერთად ქირაობენ. მაგრამ ამ ოთახს და მთლიანად ამ ბინას არც შემოქმედების სურვილი აღუძრავს გოგონებში და არც სოციალური იზოლაციისგან გამოუყვანია. ქვეყანაში პანდემიაა. ხალხი პირბადით დადის. კომენტანტის საათია. ეგაა, რომ ჩაკეტილი რეალობაც კი წინააღმდეგობას ვერ უწევს ქალების დამეგობრებას. ჩვენ ვუყურებთ არა „ბერგმანულ“ გაუცხოებას ორი ადამიანისა ერთ სივრცეში, არამედ პირიქით, მათ დაახლოებას - სულის და სხეულის(!) ყველაზე ინტიმურ ადგილებთან შეხებას. მაგრამ გარემო, რომელშიც თინა და მეგი ცხოვრობენ, სიღარიბე, მოწყენილობა, ერთფეროვნება, ამ შეხებასაც კი წუთიერ სიამოვნებად აქცევს... დაახლოებით ისეთსას, როგორიც იქმნება რამდენიმე ჭიქა არყისგან, პირველად მოწეული კანაფისგან, თუ თავდავიწყებით ცეკვისგან პანდემიის ეპოქაში მოწყობილ „არალეგალურ ფართიზე“.

რეალობა, ცხოვრება, დრო, რომელიც ამ ბინის მიღმა არსებობს, გააზრებულად ფრაგმენტულად გამოჩნდება სოსო ბლიაძის ფილმში. თინას და მეგის ნაკლებად აინტერესებთ ის, რაც ხდება მათ მიღმა სამყაროში. თინა, რომელსაც არასდროს უმუშავია და არსებითად ბევრი არაფერი უსწავლია, მძიმე ტრავმას ატარებს თავის თავში - ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია და ახლა ცდილობს დაგეგმოს ცხოვრება შეყვარებულის, ბექას გვერდით. მეგი ამერიკაში ცხოვრებას აპირებს - აგერ ვიზაც აიღო და უნდა, რაც შეიძლება სწრაფად გააღწიოს ამ ქვეყნიდან. კათარზისს ელოდებით? გოგონების გამოფხიზლებას? „საკუთარი ოთახიდან“ გამოღწევას? სულ ამაოდ. თინა და მეგი იმ ახალგაზრდებს ჰგვანან, ხათუნა ცხადაძე რომ დაემდურა თავის ფეისბუკსტატუსში - დაღლილ, გულგატეხილ, ღარიბ და მოწყენილ ახალგაზრდებს. მაგრამ აქაც ნუ იჩქარებთ! სოსო ბლიაძემ კინო გადაიღო, თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ „კინო ითამაშეს“ - კინო, რომელიც ადამიანს იმაზე მეტად აჩვენებს, ვიდრე მას ჩვენი თვალი ხედავს.

არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს დაკვირვებისთვის ხელი. ჩვენი მზერის ფოკუსში მხოლოდ ეს ორი ქალი უნდა მოხვდეს იმისათვის, რომ მათ სახეში ჩავხედოთ და მათი შენიღბული (მათ შორის, პირბადეებით შენიღბული) მზერის შინაარსი ამოვიცნოთ. თინას და მეგის ცხოვრებაში მამაკაცები ჩნდებიან, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დიმიტრი დეკანოსიძის ხელის კამერას ისინი საერთოდ არ აინტერესებს. ჩნდებიან უფროსი თაობის წარმომადგენლებიც, მაგრამ უსახოები, როგორც მხოლოდ ნაწილები რეპრესიული პატრიარქალური კულტურისა (მთლიანად რომ წაართვა ფილმის მთავარ გმირს ბედნიერების გაცდა) - დედა, ყოფილი დედამთილი, მეზობელი... მათი ხმა გვესმის მხოლოდ. სასაფლაოც კი, დედის დაკრძალვის სცენაზე, სადაც ნათესავი მამაკაცები თინაზე ფიზიკურად ძალადობენ, მანქანიდან, შორი ხედითაა გადაღებული. გოგონების სახეზე ძლიერი აქცენტების დასმას ემატება დრამატურგიული ხერხი, რომელსაც მუდმივი დაძაბულობის ეფექტი აქვს. დიალოგის დროს, როცა თინა და მეგი თანდათან იხსნებიან ერთმანეთისთვის, „აღსარების რუტუალი“ განუწყვეტლივ წყდება ხანგრძლივი პაუზებით. „რა დაგემართა, მითხარი?“, „რატომ გაჩუმდი?“, „რისი თქმა გინდა?“ ... და ჩვენც ველოდებით. ველოდებით და ვუყურებთ! ამ პაუზებში სამსახიობო ტექნიკის ვირტუოზულ ფლობას ვეზიარებით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კინოს კარგა ხანია არ ახსოვს ასეთი ძლიერი ორი როლი, აბსოლუტურად მოკლებული სიყალბის მცირედ გაელვებასაც კი. რა თქმა უნდა, ამისათვის მადლობა პირველ რიგში მსახიობებს ეკუთვნით. თუმცა სოსო ბლიაძის წინა ფილმს, „ოთარის სიკვდილს“ თუ გავიხსენებთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორის ნიჭი ყველაზე ეფექტურად სწორედ მსახიობებთან მუშაობაში ვლინდება. მით უმეტეს, რომ აქ ისევ და ისევ კინოს ენა ეხმარება - ურბილესი მონტაჟი, სიმკვეთრეს მოკლებული გადასვლებით ეპიზოდიდან ეპიზოდზე და, რაც მთავარია, დრამატურგია, რომელიც უფაქიზესად არის აწყობილი და მოულოდნელად „მრგვალდება“ ფინალში. პირადად მე ვისურვებდი, რომ სოსოს, როგორც რეჟისორის სტილი მომავალში უფრო რადიკალური გახდეს და მისი კინო აღარ იყოს დამოკიდებული სერიალის ესთეტიკაზე. თუმცა ამავე დროს ვაღიარებ, რომ იმ ეფექტს, რომელსაც აღწევენ ფილმის ავტორები, ასეთი ფორმა ყველაზე მეტად უხდება.

ჰოდა დავუბრუნდეთ მომრგვალებულ ფინალს, როცა „ჩემი ოთახი“ ერთი მოცემულობიდან მეორეში გადადის და მაყურებლის პოზიციაც რადიკალურად იცვლება. როგორც კი საიდუმლოს ეხდება ფარდა, როგორც კი პირბადე (მათ შორის, კოვიდისგან დასაცავად მოცმული სახეზე) ჩამოიხსნება, შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულებაც ამ გოგონების მიმართ. ორივე მსხვერპლია, მაგრამ ვიქტიმიზაციისგან არაფერი რჩება... ვერც ერთმა ვერ მოიწყო ცხოვრება (ამერიკაში გაქცევა მოსალოდნელ ბედნიერებას სულაც არ ნიშნავს), მაგრამ არც ერთი ქალი არ გეცოდება, არ გაქვს მორალზე მსჯელობის არანაირი სურვილი... არც მათი გაკიცხვის და არც გაიდეალების სურვილი. ორივე, ცოცხალი ადამიანია, ჩვენი თანასწორები. განსხვავებულები, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც დიახაც, აქვთ, ბედნიერების უფლება. და დიახაც, ჩვენი საქმე არ არის, რას ეძახიან ისინი ბედნიერებას.

სიმბოლურია ამ მხრივ ფეისბუკის სტატუსიც, რომელიც სოსო ბლიაძის ფილმმა გამახსენა. გახსოვთ, როგორ დაიწყო აქციები რუსთაველზე, 7 მარტს? უფროსი თაობა ჩიოდა, სად არიან ახალგაზრდები, სად არიან სტუდენტებიო... მაინცდამაინც კლუბები უნდა დაუხურო, გარეთ რომ გამოვიდნენო. მერე კი რა მივიღეთ? გამოვიდნენ და როგორ გამოვიდნენ!

ნუ შევაფასებთ ადამიანებს, სანამ კარგად არ გავიცნობთ. სოსო ბლიაძის ფილმის მთავარი გზავნილი ესაა სწორედ. და ესაა სწორედ კინოს მაგია - ადამიანთან, მისი ინტიმური სამყაროს ყველაზე შენიღბულ ნაწილთან შეხების მაგია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG