დღეს, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე ჩაატარეს.
მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ განხილვა დღესვე დაეწყოთ.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტები არა ამერიკული, არამედ რუსულია და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს. იგივე პოზიცია აქვთ ევროკავშირს, აშშ-ს, საქართველოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს, საერთაშორისო დონორ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.