Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW და AI: ხელისუფლება "უცხოეთის აგენტებზე" კანონს იარაღად გამოიყენებს სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის


საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაჭრით უკუაგდოს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ორი კანონპროექტი, რომლებსაც ის განიხილავს, - განაცხადეს 7 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტები არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას ადამიანის უფლებების სფეროში და სტანდარტებს, რომლებიც იცავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიზანია მარგინალიზაცია და დისკრედიტაცია დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებებისა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება და რომლებიც საქართველოს ფართო საზოგადოებრიობის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა. ისინი აშკარად გამიზნულია კრიტიკული ჯგუფებისა და მნიშვნელოვანი მედიის შესაზღუდად, ისინი არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და სერიოზული შემაფერხებელი ზემოქმედება ექნება ჯგუფებსა და კერძო პირებზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.“

განცხადების ავტორები შენიშნავენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებული ვალდებულებები იმეორებს საგადასახადო და სხვა ორგანოების მიმართ უკვე არსებულ ვალდებულებებს და კიდევ უფრო შეუქმნის საფრთხეს იმათ კონფიდენციალურობას, ვინც დაკავშირებულია ამ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებთან.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, კანონპროექტების მომხრეებს არ აუხსნიათ, კონტროლის ეს დუბლირება როგორ გაზრდის გამჭვირვალობას ან ანგარიშვალდებულებას. როგორც ჩანს, [კანონპროექტები] წარმოადგენს აშკარა მცდელობას, შეზღუდოს ასოციაციებისა და მედიის უნარი, იმოქმედონ თავისუფლად და დამოუკიდებლად, და მოახდინოს დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაცია“, - ნათქვამია Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ერთობლივ განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველთა თქმით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით გათვალისწინებული ბევრი ცნება ბუნდოვანია. მათ შორისაა „პოლიტიკური საქმიანობა“, რომელიც კანონით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს უფლება გაერთიანების თავისუფლებაზე.

Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი ახსენებენ აშშ-ის ანალოგიურ კანონმდებლობას უცხოეთის აგენტთა რეგისტრირების შესახებ (FARA) და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტების ინიციატორთა მხრიდან ეს შედარება არ არის გულწრფელი და ის მცდარია, ვინაიდან აშშ-ში ეს კანონი პირველ რიგში არეგულირებს ლობისტების საქმიანობას და არ წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის დასუსტების იარაღს.

სხვადასხვა გამონათქვამები კანონპროექტების ინიციატორთა და მმართველი პარტიის ლიდერთა მხრიდან, რომლებიც სულ უფრო მეტად კრიტიკულად არიან განწყობილი იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ოპოზიციას უჭერენ მხარს, აშკარად მოწმობს, რომ მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ამ კანონს იარაღად გამოიყენებს იმ დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებების შემდგომი სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი“, - წერენ Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი.

უფლებადამცველები შენიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება „რადიკალურად“ მიიჩნევს ჯგუფებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის გადაწყვეტილებებს და მათ ბრალს სდებს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელშეწყობაში.

მსგავსი განცხადებები დამაშინებელ სიგნალს უგზავნის სახელმწიფოს კრიტიკოსებს, რომლებსაც შესაძლოა რეპრესიების შიშით ხელი ააღებინონ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვაზე“, - წერენ განცხადების ავტორები.

ისინი ასევე შენიშნავენ, რომ კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით (ICCPR) ნაკისრ ვალდებულებებს“.

განცხადებაში საუბარია ასევე რუსეთში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობაზე, რომელიც მწვავე კრიტიკის საგანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. უფლებადამცველი ორგანიზაციები ახსენებენ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთის ეს კანონმდებლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანებების თავისუფლების უფლებას.

შეთავაზებული კანონპროექტები არღვევს უფლებას გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი არასოდეს არ უნდა იქნეს მიღებული. ისეთი კანონპროექტების მიღების ნაცვლად, რომლებიც აშკარად ხელს უშლის დამოუკიდებელი ხმების მუშაობას, რომლებიც მთავრობას არ მოსწონს, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს გზებზე, რომლებიც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს გარანტირებისთვის“, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა მერი სტრაზერსმა.

XS
SM
MD
LG